საქართველოს ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში: "არენაში" ყველა ფალავანს ველით

AutoSharing Option
ამ უქმეებზე სპორტკომპლექს "არენაში" საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდება თავისუფალ ჭიდაობაში. გარდა იმისა, რომ ქვეყნის პირველობა უმთავრესი შეჯიბრებაა, ის შესარჩევიც იქნება ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელიც გაისად ფინეთში, ქალაქ ვანტააში გაიმართება 1-6 აპრილს.

მოგეხსენებათ, საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია კატეგორიულად ითხოვს ფალავნებისგან ასეთ შესარჩევ შეჯიბრებებში ასპარეზობას და გამონაკლისი არც ეს ტურნირია - წინასწარი მონაცემებით, მასში უკლებლივ ყველა წამყვანი ფალავანი გამოვა, ვისაც ტრავმა არ აწუხებს.

ყოველ შემთხვევაში, ნაკრების მწვრთნელებს ჯერ არავინ გაუთავისუფლებიათ და ავადმყოფობის გარეშე არც აპირებენ ამას, თუმცა, როგორც წინა წლების გამოცდილება გვაფიქრებინებს, საქართველოს ჩემპიონატი ისეთი
ფენომენია, არ გამოვრიცხავთ, ბოლო დღეს ვიღაცამ მაინც მოახერხოს თავის არიდება.

ასპარეზობები "არენაში" 11 საათზე დაიწყება, შაბათს კი ოთხი წონის წარმომადგენლები იჭიდავებენ - 55, 66, 84 და 120. როგორც ვხედავთ, ჩემპიონატის მთავარი ინტრიგაც პირველივე დღესაა ჩაბუდებული - მძიმეწონოსანთა შეხვედრები.

ჩვენს ნაკრებში სადღეისოდ ყველაზე დიდი კონკურენცია ხომ სწორედ ამ წონაშია და თან სამივე ლიდერი იასპარეზებს - ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი და მსოფლიოს პრიზიორი დავით მოძმანაშვილი, წლევანდელი ევროპისა და მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანი გენო პეტრიაშვილი და ახალგაზრდებში მსოფლიოს ვიცე და ევროპის ჩემპიონი გიორგი საკანდელიძე.

შეიძლება ითქვას, სპორტული თვალსაზრისით ეს სამი თაობაა, რადგან მათ შორის ზუსტად ოთხწლიანი განსხვავებაა - მოძმანაშვილი 27 წლისაა, საკანდელიძე - 23-ის, გორელთა ამომავალი ვარსკვლავი პეტრიაშვილი კი - 19-ის.

პროგნოზები უძნელესი საქმეა, ფაქტი კი ისაა, რომ მაყურებელს წინ საინტერესო კონკურენცია და სასურველი სანახაობა ელოდება. მოძმანაშვილმა საბოლოოდ მოირჩინა ტრავმები და რუსეთის ქალაქებში - ირკუტსკსა და გროზნოში პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებით ქვეყნის ჩემპიონატს ამაღლებული განწყობით ხვდება.

განწყობას არც პეტრიაშვილი უნდა უჩიოდეს, ვინც შარშან საერთაშორისო არენაზე თუ ვერა (თუმცა თავისი სიტყვა იქაც თქვა), ჩვენს ნაკრებში ამ წონის უპირობო ლიდერად ჩამოყალიბდა, სეზონის განმავლობაში ორივე მთავარ კონკურენტს მოუგო და გუნდში დამსახურებულად მოიპოვა ადგილი. საბედნიეროდ, მას თავი არც ევროპა-მსოფლიოზე შეურცხვენია.

აი, საკანდელიძის საქმე კი ცოტა განსხვავებულია - ხელის ტრავმა მიიღო და სწორედ ამ მიზეზით გამოტოვა ორი კვირის წინ ბაქოში გამართული "ოქროს დიდი პრიზის" ფინალური ტურნირი, სადაც მის ნაცვლად ქვედა წონიდან ამონაცვლებულმა ელიზბარ ოდიკაძემ იჭიდავა.

ბუნებრივია, ძალზე საინტერესოა, როგორ იასპარეზებენ ნაკრების სხვა ლიდერები - ევროპის ჩემპიონი გიორგი ედიშერაშვილი (55), ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი და ევროპის პრიზიორი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (60), ევროპის ორგზის გამარჯვებული, მსოფლიოსა და ოლიმპიადის მესამე პრიზიორი დავით მარსაგიშვილი (84)... ასევე საინტერესოა, გაამართლებენ თუ ვერა ის ახალგაზრდები, ბოლო პერიოდში რომ დაწინაურდნენ. ასეთთა შორის კი, უწინარესად, ლევან ქელეხსაშვილს (66) დავასახელებთ, ვინც სადებიუტო მსოფლიოზე ბრინჯაოსთვისაც კი იჭიდავა.

საყურადღებოა 96 კილოგრამის მდგომარეობა - გიორგი გოგშელიძის სპორტიდან წასვლის შემდეგ ამ წონაში გამოკვეთილ ლიდერად ვერავინ ჩამოყალიბდა. ბუნებრივია, თავის სიტყვას იტყვის ახალი თაობაც და ველოდოთ, რომ ახალგაზრდული ნაკრების წევრები ლიდერებს გვარიანად შეურყევენ ტახტს...

ზევით განწყობა ვახსენეთ და ამას არც მარსაგიშვილი უნდა უჩიოდეს - მისთვის სანქციის შემცირებასა და გაცილებით მსუბუქად დასჯაზე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ლუკა კურტანიძეც კი ალაპარაკდა.

შეგახსენებთ, რომ ნოემბრის დასაწყისში, მოსკოვში გამართულ ევროპის ერთა თასზე დაგვიანებით ჩასვლისთვის პრეზიდენტი მას და იაკობ მაქარაშვილს 6-თვიანი დისკვალიფიკაციით უპირებდა დასჯას. კურტანიძემ შესაბამისი განკარგულებაც გამოსცა, თუმცა სანქცია 17 დეკემბერს გასამართი აღმასკომის თანხმობის გარეშე ძალაში ვერ შევა.

ჩვენი ინფორმაციით, პრეზიდენტს სადამსჯელო ღონისძიებების შერბილების თხოვნით უკვე მიმართეს ნაკრების მწვრთნელებმა და ვეტერანებმა, აღმასკომის წევრებმა, რათა ასეთი სპორტსმენის გამოკლებით ნაკრები არ დაზარალდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული