რამდენიმე წლის წინათ თბილისის საერთაშორისო ტურნირზე უკრაინის ნაკრებიც გვეწვია 1959 წლის მსოფლიოს ჩემპიონის, რომის ოლიმპიური თამაშებისა და 1961 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე პრიზიორის, ვლადიმირ სინიავსკის ხელმძღვანელობით. ქართველი კოლეგებით აღფრთოვანებულს საათობით შეეძლო ჩვენს ფალავნებზე ელაპარაკა. 18 წლისას ჭიდაობაში ნათლობა მათი დახმარებით მიუღია.
- ქართველები ყოველთვის მიყვარდა, - მითხრა მან. - საბჭოთა ნაკრებში
ერთი ცნობილი ეპიზოდი მინდა გავიხსენო რომის ოლიმპიური თამაშებიდან: ჰადემი ორჯერ ბეჭებით გააკრა ხალიჩას, მაგრამ შუამავალმა არბიტრმა ქულაც არ მისცა. გაბრაზებულმა ქართველმა ფალავანმა ზურგზე წამოიკიდა სპარსი და ჰაერში დააბზრიალა. ამ დროს უნებურად გამოჰკრა ფეხი შუამავალ მსაჯს და მეტოქე მასთან ერთად ხალიჩაზე გაშხლართა.
ვლადიმერ რუბაშვილის ნიჭიერებაზე, დახვეწილ ოსტატობასა და ვაჟკაცურ სულზე არაერთხელ უამბიათ ჩემთვის ქართველ მოჭიდავეებსაც. ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ნოდარ გუგუშვილი ასეთ საინტერესო ეპიზოდს იხსენებს: "1961 წელს ტალინში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა საკავშირო ჩემპიონატზე რუბაშვილმა ზედიზედ რამდენიმე მეტოქე დაამარცხა. ნახევარფინალში მასპინძელთა გუნდის წევრს, გამოცდილ კაშკინს შეხვდა. ერთ-ერთ ეპიზოდში ბალტისპირელი წაბორძიკდა და მუხლზე დაეცა. რუბაშვილს შეეძლო, თავს დასცხრომოდა და ბეჭებით გაეკრა მეტოქე ხალიჩაზე, მაგრამ არ იკადრა, აცალა მოწინააღმდეგეს ფეხზე წამოდგომა და წელში გამართვა. თავად ხომ წელგამართული უყვარდა ჭიდაობა მუდამ ღიმილიანს. ბოლო წუთებზე მაინც დაამარცხა კაშკინი, გადამწყვეტ პაექრობაში მახაჩყალელ გაჯიევსაც სძლია და პირველად გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი".
არადა, მცხეთის რაიონის სოფელ ნაოზაში დაბადებულ (1940 წლის 26 დეკემბერს)- გაზრდილმა ჭაბუკმა სპორტული კარიერა ფეხბურთით დაიწყო. 13 წლისამ "პროფილი" შეიცვალა და "პეტრეს დარბაზში" ცნობილი მწვრთნელის, ვასილი ილურიძის ხელმძღვანელობით დაიწყო ვარჯიში. მალე მიიქცია სპეციალისტთა ყურადღება. შრომისმოყვარე ფალავანმა იმდენი მოახერხა, რომ 19 წლისა საბჭოთა კავშირის ნაკრებში პირველ ნომრად დაასახელეს და 1960 წელს რომის ოლიმპიურ თამაშებზეც წაიყვანეს. ახალგაზრდა ფალავანმა გაამართლა მწვრთნელთა იმედები: ზედიზედ სძლია ირანელ ჰადემს, შვეიცარიელ მაინჰარდს. ფინელ პენტილას და იაპონელ ტამიჯი სატოს, დამარცხდა პაკისტანელ მუჰამედ ახტართან და ბულგარელ სტანჩო კოლევთან. შვიდი საჯარიმო ქულით ბრინჯაოს პრიზიორი გახდა (ოლიმპიური ჩემპიონობა თურქმა დაღისტანლიმ მოიპოვა, მეორეზე კოლევი გავიდა). ამ ორთაბრძოლების მნახველი "ჭიდაობის პროფესორი" ვახტანგ ბალავაძე ბრძანებს, რომ ახტართან მარცხი ვოვას გამოუცდელობის ბრალი იყოო. თუმცა მესამე ადგილითაც დაიმკვიდრა ადგილი საკავშირო ნაკრებში და მალევე დაამტკიცა, რომ თავის წონაში პლანეტაზე ტოლ-სწორი არ ჰყავდა.
- ოთხი თვის შეუღლებულები ვიყავით, ვოვა ვლადივოსტოკში რომ წაიყვანეს საკავშირო შეკრებაზე, - იხსენებს რუბაშვილის მეუღლე ქალბატონი ლეილა. - წასვლისას შემპირდა, იოკოჰამადან ოქროს მედალს ჩამოგიტანო. ტყუილი ქადილი არ უყვარდა. მოუთმენლად ველოდი ცნობებს ამომავალი მზის ქვეყნიდან. პირველი შეხვედრა სატოსთან რომ წააგო, გული არ გამტეხვია, მჯეროდა, პირობას მაინც შეასრულებდა. მეორე წრეში ინდოელი სინეხი დაამარცხა, მერე ამერიკელ ალენსა და ირანელ თავავქულის სძლია, ფინალში თურქ ფეხლევანს აჯობა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
"რუბაშვილმა ნამდვილად წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა იაპონელებზე. საკმარისი იყო, სარბიელზე გამოჩენილიყო, რომ დარბაზს ოვაცია აზანზარებდა. მრავალფეროვნად იბრძოდა. ეს განსაკუთრებით ფინალზე ითქმის. ფეხლევანთან შეხვედრის დროს, როცა ყველაფერი შუაკაურმა გადაწყვიტა, მაყურებელი ტაშის გრიალით შეხვდა ქვემსუბუქ წონაში მსოფლიოს ახალ ჩემპიონს. "შეუპოვარი", "სასახარაზე უფრო შედეგიანი", "ილეთების ფეიერვერკი", - ასე ახასიათებდნენ ქართველ მოჭიდავეს იაპონური გაზეთები", - წერს ვახტანგ ბალავაძე.
ხანმოკლე სპორტული კარიერის განმავლობაში ვლადიმერ რუბაშვილი ვის არ დასჭიდებია და ვინ არ დაუმარცხებია. მისი ელვისებური ფანდებით იხიბლებოდნენ გულშემატკივრები და სპეციალისტებიც. 1962 წელს საბჭოთა კავშირში იაპონელთა სტუმრობისას რუბაშვილი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ოსამუ ვატანაბეს შეხვედრია. ქართველ ფალავანს ფანდების ისეთი ორომტრიალი დაუყენებია, რომ თავისუფალ და "კლასიკურ" ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონ ავგუსტ ენგლასს თავი ვერ შეუკავებია და წამოუძახია: "აი, ეს არის მოჭიდავე". ერთი წლით ადრე კი იმავე ენგლასმა, როცა ქართველი ფალავანი პირველად გახდა ტალინში სსრკ ჩემპიონი, კორესპონდენტებს უთხრა - "მე ისეთი მოჭიდავე, როგორიცაა რუბაშვილი, ჯერ არ მინახავს".
რომან რურუა, ოლიმპიური და ოთხგზის მსოფლიოს ჩემპიონი: "ვისაც ვოვა ოდესმე საჭიდაო ხალიჩაზე უნახავს, მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩებოდა ამ, მართლაც, უბადლო სპორსტმენის ოსტატობა. ლაღი იყო, თავისუფალი, ღია ჭიდაობა უყვარდა. აი, ბატონო, ხელი გინდა? ფეხი?.. წაიღე, ოღონდ მოდი და მეჭიდავეო რაინდულად, ვაჟკაცურად. ამიტომ უყვარდა იგი მაყურებელს გამორჩეულად 60-იანელთა თაობიდან. როცა ვოვა ჭიდაობდა, ათიათასიანი დარბაზი მაყურებლით გადაჭედილი იყო. ეს იოლი არ გახლავთ, ათასობით ადამიანი შენი ჭიდაობის საყურებლად მოიყვანო და მერე ისე იჭიდაო, რომ სამუდამოდ დაამახსოვრო თავი.
ვოვა სიკეთე იყო, ამიტომ ბოროტება ყოველთვის ცდილობდა, გზაზე გადაღობებოდა. მისი დიდი სპორტიდან ჩამოშორებაც სიკეთისა და ბოროტების ორთაბრძოლა მგონია. იაპონიაში მანდილოსნის მიმართ გამოთქმული ერთი ჩვეულებრივი კომპლიმენტი მისთვის სავალალო ბედისწერად იქცა".
დიახ, ერთი უბრალო იაპონელი ქალიშვილის წერილმა რუბაშვილი, ფაქტობრივად, აქტიურ სპორტს ჩამოაშორა. საბჭოთა კავშირის უშიშროების სამსახურმა "გაშიფრა" ამომავალი მზის ქვეყნიდან გამოგზავნილი ბარათი და მსოფლიოს ჩემპიონს უცხოეთში გამგზავრება აუკრძალა. ამით იაპონელ ოსამუ ვატანაბეს ძალაუნებურად გაუხსნეს გზა 1964 წლის ოლიმპიური თამაშებისა და 1962-1963 წლების მსოფლიოს ჩემპიონატების უმაღლესი საფეხურისკენ. მაშინაც და ახლაც ბევრს სჯერა, რომ იაპონელთა ხრიკმა შედეგი გამოიღო. ვატანაბეს მხოლოდ რუბაშვილი თუ მოერეოდა. ის კი საბჭოურმა "კაგებემ" პოლიტიკურად არასაიმედოდ მიიჩნია და, როგორც თამაზ კვაჭანტირაძე ბრძანებს, "არწივი საქათმეში გამოამწყვდიეს!" რუბაშვილის მებრძოლ სულს გალია ეცოტავა, ფრთების ლაღად გაშლა და ნავარდი მოინდომა. მანქანის საჭეს მიანდო ბედი. მცხეთის გზაზე მიმავალს, როცა მორიგი მოსახვევისთვის უნდა აექცია გვერდი, იქ უწია ბედისწერამ - აწყვეტილად მომავალ მანქანას დაეჯახა და საუკუნო სასუფეველში დაიდო ბინა.
ეს მოხდა თითქმის ნახევარი საუკუნის წინათ - 1964 წლის 1 თებერვალს. მრავალმა წყალმა ჩაიარა მას შემდეგ. ქართული სპორტის კაბადონზე მრავალი ვარსკვლავი აენთო, მაგრამ, იმის მიუხედავად, რომ რუბაშვილს საკუთარი ოსტატობის საერთაშორისო სარბიელზე გამოვლენის შესაძლებლობა არ მიეცა, როგორც დიდი ფალავანი, რომან რურუა ბრძანებს: "იგი მაინც პირველი დარჩა პირველხარისხოვან მოჭიდავეთა შორის. სპორტის მოყვარულ საზოგადოებას მისი სახელი დღემდე ახსოვს. ეს კი უკვე სიკეთის გამარჯვებაა."
ლეგენდარულ ქართველ ფალავანს ვლადიმერ რუბაშვილს 26 დეკემებრს 70 წელი შეუსრულდებოდა. სამწუხაროდ, იგი 23 წლისა ტრაგიკულად დაიღუპა. არადა, მცირე დროის განმავლობაში იმდენი მოასწრო, რასაც სხვები მთელი ცხოვრება ვერ ახერხებენ - მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა, ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში სამჯერ იყო პირველი. მისთვის რომ გზები არ გადაეხერგათ, ქომაგებს უფრო დიდი წარმატებებით გაახარებდა.
ვლადიმერ რუბაშვილის ხანმოკლე სიცოცხლესა და დაუვიწყარ გამარჯვებებს ეძღვნება წიგნი "და დარჩა ხსოვნა", რომელიც სწორუპოვარი ფალავნის შვიდი ათეული წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოიცა. წიგნის იდეის ავტორია მზია ხეთაგური, რედაქტორი - თამაზ კვაჭანტირაძე, შემდგენლები - ლეილა აბუაშვილი-რუბაშვილისა და ლია რუბაშვილი. მკითხველი მასში გაეცნობა სხვადასხვა დროს გამოქვეყნებულ წერილებს, ნარკვევებს სახელოვანი ფალავნებისა და ვოვა რუბაშვილის მეგობართა მოგონებებს, ამონარიდებს ჟურნალ-გაზეთებიდან, იოსებ ნონეშვილისა და ლაშა გახარიას ლექსებს. წიგნი უხვად არის ილუსტრირებული.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"