ქართველები ბუნდესლიგაში: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გერმანიაში იგებს

AutoSharing Option
გერმანული საჭიდაო ბუნდესლიგის პლეი ოფის პირველი წრის განმეორებითი შეხვედრები დამთავრდა, სადაც ორმა "ქართულმა" კლუბმა - "აალენ-05"-მა და "მაინცმა" გაიმარჯვეს. აღსანიშნავია, რომ "აალენმა" კიდევ ერთ "ქართულ" კლუბს - "აახენს" მოუგო.

ჩვენს განსაკუთრებულ ინტერესსაც ეს წყვილი იწვევდა, თუმცა აქ განმეორებითი პაექრობა ფორმალობად იქცა. ფავორიტად ისედაც "აალენი" მიიჩნეოდა, რომელმაც პირველი პაექრობა გასვლაზე 18:5 მოიგო და განმეორებით შეხვედრასაც აზრი დაუკარგა. მათ ფავორიტის იმიჯი არც მშობლიურ კედლებში, საკუთარი მაყურებლის თვალწინ შეულახავთ და მეტოქეს ამჯერად 19:14 აჯობეს.

ორივე მხარეს თითო ქართველმა ფალავანმა იჭიდავა და ორივემ მოიგო.
"აალენის" რიგებში 61 კილოგრამში ისევ გამოჩნდა ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ვინც ესპანეთის სახელით მოჭიდავე ლევან მეტრეველი შეცვალა.

მოგეხსენებათ, ბუნდესლიგის წესებიდან გამომდინარე, ამ წრეში ეს წონა "თავისუფალ" ჭიდაობას ეთმობა და ჩვენებიც ამიტომ ცვლიან ერთმანეთს. ხინჩეგაშვილმა გაიმარჯვა - მიჰაელ ოტოს 6:0 აჯობა, სამჯერ ჩაუტარა 2-ქულიანი გდება და დამაჯერებელ უპირატესობას ფლობდა.

"აახენის" ღირსებას მეორე ქართველი, ზვიად მეტრეველი (130) იცავდა, რომელმაც საწადელსაც მიაღწია - მიშაელ მანეას 3:0 მოუგო.

"მაინცს" პირველი შეხვედრაც მოგებული ჰქონდა გასვლაზე "შიფერშტადტთან" - 20:8, ახლა კი საკუთარ კედლებში ფრიად გაუჭირდა, თუმცა მაინც აჯობა მინიმალური სხვაობით - 14:13.

გამარჯვებულთა რიგებში მხოლოდ ერთმა ქართველმა იჭიდავა - გერმანიაში გადასულმა ამ კლუბის მოჭიდავე-მწვრთნელმა დავით ბიჩინაშვილმა. ის ისევ მძიმე წონაში გავიდა ლეიბზე, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია გერმანელ როლფ ბიორინგერთან 7:1 მოგებაში. ამჯერად არ უასპარეზია ელიზბარ ოდიკაძეს (98).

წინ მეოთხედფინალია
პლეი ოფის პირველი რაუნდის ექვსი გამარჯვებული კლუბი - "აალენი", "მაინცი", "ვაინგარტენი", "მომბრის-კონინგშოფენი", "აბელჰაუზენი" და "ლუკენვალდერი" მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მათ პირველ წრეში დასვენებული ქვეჯგუფების ორი გამარჯვებული, გიორგი საკანდელიძის (130) "ნენდინგენი" და "კოლერბახი" დაემატნენ. ამ ეტაპზე ქართული წყვილები აღარ გვიხილავს, თუმცა წილისყრამ "აალენს" არ გაუმართლა - მეტოქედ "კოლერბახი" შეხვდა.

"ნენდინგენს" "ლუკენვალდერი" ერგო, მაინცელები კი "აბელჰაუზენთან" დაწყვილდნენ. აქ პირველი შეხვედრები ნაახალწლევს, 3 იანვარს გაიმართება, განმეორებითები - 10-ში.

მეოთხედფინალური წყვილებიდან "აალენი" ნამდვილად არაა ფავორიტი "კოლერბახთან" და ვნახოთ, ლევან მეტრეველის, ხინჩეგაშვილისა და ემზარ ბედინეიშვილის თანაგუნდელები საკუთარ თავს თუ გადაახტებიან.

არადა, "კოლერბახს" არ ჰყავს კაშკაშა ვარსკვლავები - მის რიგებში ყველაზე ცნობილები ბულგარელი მსოფლიოს ჩემპიონი რადოსლავ ველიკოვი (66) და მისი უტიტულო თანამემამულე ილიან ილიევი (130) არიან, მაგრამ ქვეჯგუფი კი მოიგეს, ხოლო "აალენი" ცხრილის შუაში გაიჩხირა.

რადოსლავ ველიკოვმა ხინჩეგაშვილს დრამატული პაექრობა მოუგო მსოფლიოს 2011 წლის ჩემპიონატზე, თუმცა ამჯერად მათ ერთმანეთთან არ მოუწევთ შეხვედრა, რადგან ბულგარელი ზედა წონაში გადავიდა.

"ნენდინგენი" ფავორიტია "ლუკენვალდერთან" ორრაუნდიან პაექრობაში. საკანდელიძის გარდა, ნენდინგენელთა მთავარი დამრტყმელი ძალა მოლდოვიდან მონაკოში მიგრირებული ევროპის ორგზის ჩემპიონი გენადი ტულბეა (61) და ბერძნულ-რომაულში ხორვატი მსოფლიოს პრიზიორი ნენად ზუგაი (86) იქნებიან, თუმცა რუმინელი ვიქტორ ჩობანუ (55) და გერმანელი ფრენკ სტაბლერიც (74) გვარიან ძალას წარმოადგენენ. მეტოქის რიგებიდან ჭიდაობის ქომაგს ლიტველი ლაიმუტის ადომაიტისი ან გერმანელები - ფელიქს ბალდაუფი და ნიკ მატუჰინი თუ ექნება გაგონილი.

მაინცელებიც ფავორიტად უნდა მივიჩნიოთ "აბელჰაუზენთან", თუმცა შემადგენლობა არც მათ ჰყავთ ნაკლები: სერბი ევროპის ვიცე-ჩემპიონი დავორ სტეფანეკი (66), პოლონელი ბოზო სტარჩევიჩი (75) და მასპინძელი კონსტანტინ შნაიდერი (86), მათ საპირწონედ კი მაინცელები ბიჩინაშვილს, ოდიკაძეს, სომეხ მიჰრან ჯაბურიანს (61) და ბულგარელ კირილ ტერზიევს (75) დააყენებენ.

ქვედა ლიგებშიც იმარჯვეს
გაიმარჯვა ბადენ ვიუტემბერგის რეგიონალლიგაში მოასპარეზე "ვალდკირხ-კოლნაუს" ქართველმა გიორგი კეთილაძემ (75) - ანდრე ფლიკს 7:0 მოუგო. სამაგიეროდ, წააგო მისმა კლუბმა - შინ "ბენინგენთან" 16:19 დათმო და ახლა ცხრილში ბოლოსწინა, მეცხრე ადგილზეა.

ამავე ლიგაში სტუმრად მოიგო მეორე "ქართულმა" კლუბმა - "ფურტვანგენმა", რომელიც "ტენენბრონს" ეწვია და 14:12 მიარბია. "ფურტვაგენში" სამივე ქართველმა იჭიდავა, თუმცა კობა ბალავინოვი დამარცხდა.

მწვრთნელებმა ოზურგეთელი ფალავანი ამჯერად ზედა წონაში - 61-ში დააყენეს და მანაც ტიმო მოოსმანთან 0:8 წააგო. სტუმართა სხვა ქართველებმა - თეიმურაზ ბერაძემ (75) და სერგო ნინუამ (98) კი იმარჯვეს, შესაბამისად ფაბიან (2:0) და დანიელ რაინერებთან (15:0). "ფურტვანგენი" ცხრილში მეექვსეა.

ვუტემბერგის მიწის პირველობაზე მოიგო ლაშა გობაძემ (86), მაგრამ დამარცხდა მისი "უნტერეხლინგენ-ბელენბერგი". კლუბმა სტუმრად 16:18 წააგო "ვაილიმდორფთან", ჩვენებურმა კი მარკუს ლაიბლეს 18:3 სძლია. ამჯერად "უნტერეხლინგენში" არ უჭიდავია მინდია წულუკიძეს (75). ეს კლუბიც ცხრილში საბოლოოდ ბოლოსწინა ადგილზე - მერვეზე დამკვიდრდა, რადგან ქვედა ლიგების პირველობა უკვე დასრულდა.

ამავე ლიგაში დამარცხდა ნიკა ტატუაშვილის (57) "სულგენი" - სახლში 15:17 წააგო მიხეილ ჩიქოვანის (130) "ბაინფურტ-რავენსბურგთან". გუნდების საპირისპიროა ქართველთა ჭიდაობა - ტატუაშვილმა მოიგო, სტეფან შმიდტი 16:0 გაანადგურა; საბერძნეთის სახელით მოჭიდავე ჩიქოვანმა დრაგომირ სტოიჩევთან 4:4 კი დაასრულა პაექრობა, მაგრამ ბოლო ქულა მეტოქემ მოიპოვა და გამარჯვებაც მას დარჩა. "სულგენი" მესამეზე გავიდა, "ბაინფურტი" - მეშვიდეზე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული