თურმანიძემ მხოლოდ ორი იძულებითი ცვლილება გააკეთა - დავით მარსაგიშვილს (84) რამდენიმე დღეში ახალგაზრდების მსოფლიოს პირველობა ელოდება და ამიტომ ბაქოში მის ნაცვლად ჭელიძე წაიყვანეს, დაშავებული მძიმეწონოსანი კობა კერესელიძე კი ახლახან ნაკრების მწვრთნელად დანიშნული ოთიაშვილით ჩაანაცვლეს, რომელსაც წლეულს სანაკრებო დონეზე არსად უჭიდავია, თუმცა გერმანულ კლუბში ასპარეზობს და საკმაოდ წარმატებითაც.
ჩვენი ბერძენ-რომაელები აზერბაიჯანში დღეს საღამოს გაემგზავრებიან ასევე მატარებლით. ბეგი დარჩიას გადაწყვეტილებით, ბაქოში ლაშა გოგიტაძე, ზურაბ კეკელიძე, გიორგი გვენეტაძე (55), რევაზ ლაშხი, ირაკლი ჭოჭუა (60), ანტონ მამაგეიშვილი, მუხრან მაჭუტაძე, მანუჩარ ცხადაია (66), მანუჩარ კვირკველია, გიორგი ცირეკიძე, გენადი გოგიშვილი (74), ვლადიმერ გეგეშიძე, დავით ქარჩავა, დავით ხეთაგური (84), რამაზ ნოზაძე, იოსებ ჯაბიძე, სერგო ნინუა (96), ოთარ ბოლქვაძე, დიმიტრი ჯავახიშვილი, შოთა გოგისვანიძე (120) იჭიდავებენ.
დარჩიას ბევრად მეტი საკადრო ცვლილების გაკეთება მოუხდა, ვიდრე - თურმანიძეს. ამის მიზეზი მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატია, სადაც ახალგაზრდებში ევროპის შარშანდელი ჩემპიონი მინდია წულუკიძე (55), გოგა გოგიბერაშვილი (60), ამავე ასაკში ევროპის წლევანდელი ვიცე-ჩემპიონი საჩინო დავითაია (66), ჩემპიონი ვასილ იმერლიშვილი და სერგო გოგისვანიძე (120) ჭიდაობენ. ისინი, შესაბამისად, გვენეტაძემ, ჭოჭუამ, ცხადაიამ და ნოზაძემ შეცვალეს, სერგო გოგისვანიძის ადგილი კი მისმა ძმამ - შოთამ დაიკავა. აპენდიციტის მკურნალობის შემდეგ ვარჯიში არ განუახლებია შმაგი გულიაშვილს (74) და ის კვირკველიამ შეცვალა, 84-ში აკაკი ჯოხაძეს ხეთაგური და ქარჩავა არჩიეს, გურამ ფერსელიძის (120) ნაცვლად კი ჯავახიშვილი ჭიდაობს.
შეგახსენებთ, რომ ფინალური ტურნირისთვის მონაწილეთა შესარჩევად სულ ორი საკვალიფიკაციო შეჯიბრება ტარდება. წლეულს ეს უფლება `თავისუფლებში~ კრასნოიარსკის ივან იარიგინის მემორიალს და ვახტანგ ბალავაძის სახელობის თბილისის საერთაშორისო ტურნირს ჰქონდათ, ბერძნულ-რომაულში - უნგრულ სომბათჰეის და ისევ ჩვენსავე გივი კარტოზიას მემორიალს. ფინალურ ეტაპზე წონაში ერთი ქვეყნიდან სამი მონაწილის გამოყვანაა შესაძლებელი, უფრო მეტს კი რეგლამენტი კრძალავს. სამაგიეროდ, საერთაშორისო ფედერაცია არც ამ კვოტის შემცირების საშუალებას აძლევს ეროვნულ ფედერაციებს, რადგან ყოველ მონაწილეზე გადასახადია დაწესებული. მაგრამ გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან არავინაა დაზღვეული და თუ ვინმე დაშავდა ან რაღაც მიზეზით ამ შეჯიბრებაზე არ სურს გამოსვლა, მაშინ საერთაშორისო ფედერაცია მისი შეცვლის ნებას იძლევა, მაგრამ სიის შემცირებისას - არანაირად.
მოგეხსენებათ, აზერბაიჯანში ყველაფერი ჰეიდარ ალიევის სახელს ატარებს. ჰოდა, ალიევის ტურნირი მისივე სახელობის სპორტულ-საკონცერტო დარბაზში ჩატარდება 16-დან 18 ივლისის ჩათვლით. 16 ივლისი `თავისუფლებს~ დაეთმობათ, 17 - ქალებს, 18-ში კი ბერძენ-რომაელები იჭიდავებენ. ამავე დღეს აზერბაიჯანის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში ამერიკელებს გაეჯიბრება.
ტურნირი კომერციულია - ჩემპიონები 10 ათას დოლარს მიიღებდენ, ვიცე-ჩემპიონები - 5 ათასს, ბრინჯაოს პრიზიორები - 2 ათასს.
მეტოქეთა გუნდებიდან ჯერჯერობით ხელმისაწვდომი რუსთა შემადგენლობებია. იქაურ ბერძენ-რომაელთა შესახებ `ლელომ~ ადრე გაცნობათ, ამჯერად კი `თავისუფალთა~ შესახებ გეტყვით, თუმცა ისინი მეტად მოკრძალებული გუნდით მიდიან ბაქოში. ჩვენების არ იყოს, მათაც ერთ საკვალიფიკაციოში იჭიდავეს - იარიგინის ტურნირზე ქართველები არ ჩავიდნენ იქ, ბალავაძეზე კი რუსები არ გვესტუმრნენ. თუმცა ჩვენებმა სასაგზურე კვოტები სრულად აითვისეს, რუსებმა კი ძალზე ცოტა მოიპოვეს, მაგრამ მთავარი მწვრთნელი ჯამბულათ თედეევი ლიცენზირებულთაგანაც ბევრს არ აჭიდავებს. თან მას მიღებული კვოტა არც ყველა წონაში გამოუყენებია - ეტყობა, ჯარიმების გადახდა ურჩევნია, ან იქნებ თავისი ლობის გავლენით ამასაც არ გადაიხდის?!
მსოფლიოს და ევროპის პრიზიორი ვიქტორ ლებედევი, ევროპის ჩემპიონი ნარიმან ისრაპილოვი (ორივე - 55), ევროპის წლევანდელი ჩემპიონი ოპან სატი, ვიქტორ ბანზარკცაევი (60), ჰასან მაგომედოვი (66), ანუარ გედუევი, კამალ მალიკოვი, ალექსანდრ გოსტიევი (74), გიორგი რუბაევი (84), იბრაგიმ საიდოვი (96), კირილ გოტოვცევი (120) - ესაა თედეევის რჩეული გუნდი. ამათგან ლებედევმა, ისრაპილოვმა და ბანზარკცაევმა იარიგინის ტურნირზე მოიპოვეს ფინალის საგზურები, ოპან სატს კი ევროპის წლევანდელმა ჩემპიონობამ უშველა - პერსონალურადაა მიწვეული. ძალზე უცნაურია თედეევის გადაწყვეტილება 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში - აქ იარიგინის ტურნირი მაგომედმურად გაჯიევმა მოიგო, რომელმაც ბაქოში, ევროპაზე ვერცხლი მოიპოვა, მაგრამ მაინც არაა ნაკრებში. შესაძლოა, ამის მიზეზი რუსეთის ჩემპიონატის შედეგებში ვეძებოთ - გაჯიევი იქ მესამეზე გავიდა, ჩემპიონი კი ოსი ალან გოგაევი გახდა და მსოფლიოზე წასვლის უმთავრესი კანდიდატიც ისაა. ეტყობა, მსოფლიოს პირველობისთვის უფრო უკეთ მომზადების მიზნით ტოვებს ამ ტურნირს მსოფლიოს ჩემპიონი დენის ცარგუშიც, თორემ აფხაზმა ფალავანმა წლეულს იარიგინიც მოიგო და რუსეთის პირველობაც. ამ წონაში გედუევმა და გოსტიევმა საგზურები თავად მოიპოვეს, მალიკოვი კი ცარგუშს ცვლის. 84-ში მხოლოდ ახალბედა რუბაევს აჭიდავებს, იარიგინის ტურნირის მომგები აბდუსალამ გადისოვი და იარიგინისა და რუსეთის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი, ევროპის წლევადელი ჩემპიონი ანზორ ურიშევი კი ამჯერად ისვენებენ. საყურადღებოა, რომ თედეევმა არ დააყენა ოსი თანამემამულე, ევროპის შარშანდელი და რუსეთის წლევანდელი ჩემპიონი სოსლან კცოევი. მას, ალბათ, საგანგებო გრაფიკით ამზადებს მსოფლიოსთვის.
საინტერესო მეტოქე ეყოლება გიორგი გოგშელიძესაც - რუსეთის წლევანდელი ჩემპიონი, დაღესტნელი იბრაგიმ საიდოვი, რომელმაც ოლიმპიური და მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონის ჰაჯიმურატ გაცალოვის ჰეგემონია დაამხო - რუსეთის პირველობაზე ნახევარფინალში დაამარცხა. არადა, საიდოვს ლიცენზია საერთოდ არ მოუპოვებია - ეს იური ბელონოვსკიმ, შამილ აჰმედოვმა და გიორგი კეტოევმა გააკეთეს, თუმცა თედეევმა მათ საიდოვი ამჯობინა. სავარაუდოდ, იმიტომ, რომ მას საერთაშორისო ტურნირების გამოცდილება აკლია, მწვრთნელი კი მსოფლიოსთვის ამზადებს. მისი გამოუცდელობის შესახებ თედეევმა რუსეთის ჩემპიონატის დამთავრებისთანავე განაცხადა და აღნიშნა, რომ საიდოვს აუცილებლად აჭიდავებდა უცხოურ ტურნირებში, ერთ-ერთ ასეთად კი ბაქოური ფინალი დაასახელა. საიდოვი და გოგშელიძე არასოდეს შეხვედრიან ერთმანეთს. შესაძლოა, ეს ახლა მოხდეს, თუმცა ასეც რომ არა, გოგშელიძეს მისი საქმეში ხილვის საშუალება ეძლევა. იმედია, კარგად შეისწავლის მეტოქეს, ისევე, როგორც აზერბაიჯანის წლევანდელ ჩემპიონ ჯამალედინ მაგომედოვს, რომელიც ასევე ერთ-ერთი სავარაუდო კონკურენტია მსოფლიოს პირველობაზე, ვინაიდან ევროპის ორგზის ჩემპიონმა და ოლიმპიურმა პრიზიორმა ხეტაგ გოზიუმოვმა აზერბაიჯანის პირველობა გამოტოვა. რას ფიქრობს გოგშელიძე თავის ახალ სავარაუდო მეტოქეებზე, ამას ხვალინდელ `ლელოში~ შეიტყობთ.
...ბაქოში მძიმე წონაში რუსთაგან მხოლოდ გოტოვცევი იჭიდავებს, თუმცა აქ რუსებს სამი საგზური ჰქონდათ. ძნელი სათქმელია, რატომ შეაჩერეს არჩევანი მაინცდამაინც მასზე, როცა ამ წონაში სხვა უფრო ძლიერი ფალავნებიც ჰყავთ, თუმცა ერთია კია - იარიგინის ტურნირის დარად, გოტოვცევმა რუსეთის პირველობაზეც ბრინჯაო მოიპოვა ანუ სტაბილურ სეზონს ატარებს. შესაძლოა, მწვრთნელებმაც ამიტომ მისცეს შანსი.
რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, გუშინ, საღამომდე აზერბაიჯანული საიტები არაფერს წერდნენ თავიანთი გუნდების შესახებ. მხოლოდ `თავისუფალთა~ დაღესტნელი მწვრთნელის - საიპულა აბსაიდოვის მოკლე კომენტარი გამოქვეყნდა, ჩვენ ტურნირში სამი შემადგენლობით გამოვალთ, რადგან აზერბაიჯანის ნაკრებში დიდი კონკურენციააო! ამ სიტყვების შემდეგ საქმეში ჩაუხედავმა იქნებ იფიქროს, თითქოს სხვა გუნდები ოთხ-ოთხი შემადგენლობით გამოდიან, მაგრამ, ძალიანაც რომ უნდოდეთ, სამზე მეტს ვერავინ გამოიყვანს.
ირაკლი თავაძე