გიორგი იანთბელიძე - ევროპის გამკვირვებელთა მწვრთნელი

AutoSharing Option
თავისუფალ სტილში მოჭიდავე ქართველმა ჭაბუკებმა წინა კვირას ტრიუმფით იასპარეზეს სერბულ სუბოტიცაში, ევროპის ჩემპიონატზე, სადაც 10-კაციანმა გუნდმა ხუთი წონის ფინალში იჭიდავა და 9 მედალი მოიპოვა: 3 ოქრო, 2 ვერცხლი და 4 ბრინჯაო.

ევროპის ჩემპიონები თორნიკე ქათამაძე (42), ალექსანდრე ლომიძე (58) და ივერიკო ჯულაყიძე (69) გახდნენ. გიორგი ხაჩიძე (46) და დემურ მეგენეიშვილი (76) ფინალში დამარცხდნენ, თეიმურაზ ვანიშვილი (50), თორნიკე კვინიკაძე (63), ბექა ჭელიძე (85) და ზურაბ ურთაშვილი (100) კი მესამეზე გავიდნენ. ცხადია, ჩვენებმა გუნდურ ჩათვლაში პირველობა არავის დაუთმეს.

ჭაბუკებს სულ მალე, ათიოდ
დღეში მორიგი და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი შეჯიბრება ელოდებათ - მსოფლიოს ჩემპიონატი.

სამწუხაროდ, საჭიდაო სამყაროს უნიათობას ბოლო არ უჩანს და სეზონის ორივე უმთავრეს შეჯიბრებას ერთ თვეში ატარებს, თითქოს კალენდარში სხვა თვე არ არსებობდეს. თუმცა სხვა გზაც არაა და იმ შეჯიბრებისთვისაც მთელი ძალით უნდა მოემზადონ.

განვლილ თუ მომავალი შეჯიბრების სამზადისზე ჭაბუკ "თავისუფალთა" ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი იანთბელიძე გვესაუბრება.

- რა პრინციპით იხელმძღვანელეთ გუნდის დაკომპლექტებისას და გქონდათ ამხელა წარმატების მოლოდინი?
- გუნდი საქართველოს ჩემპიონატის შედეგებით შეირჩა, როგორც ტრადიციულად ხდება - ჩემპიონები წავიყვანეთ, თუმცა იმის შემდეგაც ტარდება შეკრებები, საკონტროლო შეხვედრები, საერთაშორისო შეჯიბრებები, სადაც ისევ ვაკვირდებით გამარჯვებულებს. წლეულს ამჯერად 6 შეკრება და ტურნირი გავიარეთ, სადაც ისევ საქართველოს ჩემპიონებმა ივაჟკაცეს და დაამტკიცეს, რომ სხვებს სჯობდნენ. ამდენად, არანაირი საბაბი არ მქონდა, გამარჯვებულებიდან ვინმე შემეცვალა, თორემ შარშან რამდენიმეგან კი დავაყენე სხვები.

ასეთი გამოსვლის მოლოდინს რაც შეეხება, მთელი გული ჩავდეთ მომზადებაში, ყველა ეტაპი დროულად გავიარეთ და კარგად ჭიდაობის იმედი გვქონდა, დანარჩენი კი გამართლებაზეა. 10-დან 9 მედლის დაგეგმვა ცოტა ძნელია, მაგრამ ერთმანეთის მიყოლებით ყველამ კარგად იასპარეზა. პირველ დღეს, როცა ხუთივემ მედალი მოიპოვა - 3 ოქრო და 2 ბრინჯაო, მეორე დღეს მოჭიდავე ხუთეული გაორმაგებულად ემზადებოდა, მათაც სტიმული მიეცათ, ირწმუნეს საკუთარი თავისა.

- გამართლება ახსენეთ და ამ შემთხვევაში უფრო მეტად რა იყო - გამართლება თუ მომზადება?
- გამართლება სიტყვაზე ვახსენე, თორემ, როცა ჯგუფში თურქი, რუსი, აზერბაიჯანელი გეყოლება და ყველას მოუგებ, ეს უკვე გამართლება აღარაა. თან ამ ძლიერ ქვეყნებს ცალკეული მოჭიდავეებიც ემატებიან სხვა გუნდებიდან, ევროპისა და მსოფლიოს მედალოსნები. მაგალითად, ივერიკო ჯულაყიძემ ყველა ძლიერს მოუგო, ფინალში კი მეორე მხრიდან შედარებით სუსტი რუსი გამოვიდა, ვისაც დიდი უპირატესობით აჯობა. მძიმე წონაშიც ზურაბ ურთაშვილთან ჯგუფში მოხვდნენ აზერბაიჯანელი, რუსი, თურქი და წააგო აზერბაიჯანელთან, რომელმაც მერე დიდი უპირატესობით მოიგო ფინალი.

ასევე იყო 50 კილოგრამშიც თემურ ვანიშვილთან და 63-ში თორნიკე კვინიკაძესთანაც, ანუ ვინც წააგო, მხოლოდ ძლიერებთან დამარცხდა. ყველა ძლიერი ბადიდან გავიდა, მეორე მხარე ბევრად სუსტი იყო და ვერ ვიტყვი, რომ ვინმეს გაუმართლა.

- გუნდის დაკომპლექტებისას თუ გაგიჭირდათ რომელიმე წონაში გადაწყვეტილების მიღება?
- როგორც გითხარით, შარშან ქვეყნის რამდენიმე ჩემპიონი ვერ მოხვდა გუნდში, რადგან შეკრებებზე, მოსამზადებელ ეტაპზე მეორე ნომრებიდან ზოგმა მთელი სული და გული ჩადო მომზადებაში და ვარჯიშებზე, საკონტროლო შეხვედრებსა თუ საერთაშორისო ტურნირებში დაგვანახვა, რომ გამარჯვებულზე ძლიერია. ამიტომ მივიღეთ თამამი გადაწყვეტილება, ამჯერად კი ყველაფერი თავის ადგილზე იდგა და ჩემპიონებმა დაიმსახურეს ევროპაზე წასვლა. კანდიდატებიდან არავის მისცეს ნაკრებში მოხვედრის შანსი.

- უცხოელები როგორ შეხვდნენ თქვენს ასეთ ტრიუმფს?
- ერთ მომენტს გავიხსენებ: ჩემ წინ აზერბაიჯანელები იდგნენ და ტელევიზორში უყურებდნენ შეხვედრებს. ჩვენი მათსას ხვდებოდა, როცა ჩაილაპარაკეს, ამ ქართველებმა გული გაგვიწყალესო. ყველა ტაშს გვიკრავდა, გვესალმებოდა და გვილოცავდა. რამდენიმემ ისიც გვითხრა, საქართველოს ჰიმნი გვასწავლეთო, რადგან 4-ჯერ დავუკარით - სამჯერ პირადში და ერთხელ - გუნდურში. ირგვლივ სულ "გრუზია" გაისმოდა, ხან ვიღაც ბავშვი მოვიდა ავტოგრაფისთვის, იქ ფრანგები მოვიდნენ და ერთობლივ შეკრებაზე ჩამოსვლა მოისურვეს.

ერთი სიტყვით, ნამდვილად კარგი ატმოსფერო იყო და ასეთი ყურადღება კარგი შეგრძნებაა.

- მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სად მოემზადებით და თუ იქნება ცვლილებები შემადგენლობაში?
- სამწუხაროდ, მსოფლიოს ჩემპიონატი ძალიან მალე ტარდება - თვის ბოლოს, 25-30 აგვისტოს ბოსნია-ჰერცეგოვინას დედაქალაქ სარაევოში გაიმართება. ზეგ, პარასკევს შეკრებას დავიწყებთ ბორჯომში, შემადგენლობა კი იგივე იქნება, ვინმემ ტრავმა თუ არ მიიღო. ყველაზე მეტად ამის მეშინია, თორემ არავის შეცვლას არ ვაპირებ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული