საქართველოს ჭაბუკ მოჭიდავეთა ნაკრებები მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოვლენ

AutoSharing Option
ევროპელ ჭაბუკ მოჭიდავეებს დაძაბული დროება უდგათ - აგვისტოს დასაწყისში სერბულ სუბოტიცაში ევროპის ჩემპიონატზე იჭიდავეს, 25-30 აგვისტოს კი ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში მსოფლიოს ჩემპიონატზე უნდა იჭიდაონ.

აი, ასეთ არასასურველ რეალობას სთავაზობენ მათ ჭიდაობის მამამთავარნი - ერთ თვეში უნდა იასპარეზონ სეზონის ორივე უმთავრეს შეჯიბრებაზე...

სამაგიეროდ, სარაევოს უდგას კარგი დროება - ცოტა ხნის წინ მსოფლიოს პირველობას ჭაბუკ ძიუდოისტთა შორისაც უმასპინძლა, ანუ დიდი ტურნირების ჩატარება არ აკლია.

მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ჩვენი ჭაბუკებიც ემზადებიან. ორივე გუნდი ბორჯომშია ჩასული, სა
დაც, ტრადიციულად, სპორტკომპლექს "ოლიმპში" ვარჯიშობენ. ტურნირში თავიდან "ბერძენ-რომაელები" ჩაებმებიან და ბოსნიაშიც პირველად ისინი მიფრინავენ - 23 აგვისტოს, სამ დღეში კი "თავისუფლებიც" მიჰყვებიან.

რადიკალურად განსხვავებულია მწვრთნელთა საკადრო მიდგომა - "თავისუფლების" მთავარმა დამრიგებელმა გიორგი იანტბელიძემ არ შეცვალა ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვებული შემადგენლობა, დავით ბედინაძემ და ვაჟა კრავეიშვილმა კი ლამის სრულიად გადაახალისეს "ბერძენ-რომაელები", იმის მიუხედავად, რომ ევროპირველობა არც მათ წაუგიათ.

სუბოტიცაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე იანტბელიძის გუნდმა ფურორი მოახდინა - 10 წონიდან 5-ის ფინალში იჭიდავა და ჯამში 9 მედალი მოიპოვა, რომელთაგანაც 3 ოქროა, 2 ვერცხლი და 4 ბრინჯაო. ევროპის ჩემპიონები ბათუმელი თორნიკე ქათამაძე (50), ხაშურელი ალეკო ლომიძე (58) და სამტრედიელი ივერიკო ჯულაყიძე (69) გახდნენ, ხაშურელი გიორგი ხაჩიძე (46) და სამტრედიელი დემურ მეგენეიშვილი (76) ფინალში დამარცხდნენ, ბრინჯაოს მედალი კი გორელმა თემურ ვანიშვილმა (50), ხაშურელმა თორნიკე კვინიკაძემ (63), თბილისელმა ბექა ჭელიძემ (85) და მცხეთელმა ზურაბ ურთაშვილმა (100) მოიპოვეს.

გუნდმა საერთო ჩათვლაშიც გაიმარჯვა. მეტად მცირე მოსამზადებელი პერიოდის მიუხედავად, იანტბელიძეს ეს შემადგენლობა უცვლელად მიჰყავს მსოფლიოზე და გული არც სუბოტიცაში უმედლოდ დარჩენილ ერთადერთ შეგირდს, ხაშურელ ივანე გოდელაშვილს დასწყვიტა.

აქ კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ ხაშურის სკოლის წარმატება, რომელსაც ნაკრებში ლამის გუნდის ნახევარი, ერთბაშად 4 წევრი ჰყავს. დიდწილად ეს გია კვინიკაძის დამსახურებაა, რომელიც თორნიკე კვინიკაძის მამაა. ასევე აღსანიშნავია სამტრედიელთა ორი წარმომადგენელი - გარკვეული საჭიდაო წარსულის მიუხედავად, ეს ქალაქი მაინც არაა, ვთქვათ, გორის მსგავსად აღიარებული ტრადიციული ცენტრი, თუმცა ვეფხვია სტურუამ ნაკრებს ორი წევრი მაინც აღუზარდა. ოღონდ იმათგან ჯულაყიძე მესამე წელიწადია, თბილისში ვარჯიშობს, ოლიმპიური მზადების ეროვნულ ცენტრში, მეგენეიშვილი კი კვლავაც სამტრედიაში ემზადება.

"ბერძენ-რომაელებმა" ევროპის ჩემპიონატზე 6 მედალი მოიპოვეს: 2-2 ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო, თუმცა მწვრთნელებმა იმ შემადგენლობიდან ნახევარი გუნდი შეცვალეს, მხოლოდ ხუთი კაცი დატოვეს: მესამეპრიზიორები - ხობელი ჯონი ხეცურიანი (58) და ბორჯომელი თემურ ჭკუასელიძე (76), სართიჭალელები - ჩემპიონი აივენგო რიკაძე (63), მეხუთეზე გასული ნიკოლოზ ჭიკაიძე (69) და თერჯოლელი ბექა მაკარიძე (100). თუმცა ამათგანაც ხეცურიანი ამჯერად ქვედა წონაში იჭიდავებს, ევროპაზე კი მედალოსანი 58-ში გახდა.

დანარჩენ წონებში ცვლილებები, ძირითადად, წონის პრობლემამ გამოიწვია, თუმცა მწვრთნელები თავიდანვე ორ-ორ შემადგენლობას ამზადებდნენ და, მაგალითად, მაშინვე განაცხადეს, რომ შედეგის მიუხედავად, მსოფლიოზე 42-ში ირაკლი ნაკაშია, ხოლო 85-ში გიორგი ქაცანაშვილი იჭიდავებდნენ. თან, ევროპის ვიცე-ჩემპიონებს - ბათუმელ დავით ფუტკარაძეს (42) და ლანჩხუთელ გიორგი შოთაძეს (46) ზედმეტი წონა აქვთ, ასეთ ხანმოკლე შუალედში კი მეორედ ვერ დაიკლებდნენ.

საინტერესოა "ბერძენ-რომაელთა" გუნდის გეოგრაფიული შემადგენლობა, სადაც გარდაბნელები ჭარბობენ. ამ რაიონს მსოფლიოზე 4 წარმომადგენელი ეყოლება, რომლებიც ორი სოფლიდან არიან - სართიჭალას 3 ფალავანი ჰყავს, ნორიოს - ერთი.

გარდაბანი ნამდვილად გამოირჩევა საჭიდაო ტრადიციებით და არა მხოლოდ ამ ჭიდაობაში - იქაურია მსოფლიოს ჩემპიონი ბერძნულ-რომაულში გურამ გედეხაური, მოქმედი ფალავნებიდან კი ლიდერობს ძიუდოში ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი. მისასალმებელია ამ მდიდარი ტრადიციების გაგრძელება და ისიც, რომ აქტიური საჭიდაო რიტმით რაიონულ ცენტრზე მეტად სოფლები გამოირჩევიან - სართიჭალა, ნორიო, მარტყოფი, გამარჯვება...

სხვა რაიონებიდან ხობსა და მის ორ წარმომადგენელს შევნიშნავთ - ეს რაიონი ბოლო წლებში სხვადასხვა ასაკობრივ გუნდს სისტემატურად აწვდის ფალავნებს, როგორც - სენაკი, რომელიც ამჯერად ერთი ფალავნითაა წარმოდგენილი.

მსოფლიოს ჩემპიონატზე ამჯერად მონაწილე არ გვეყოლება გოგოების ტურნირში. ჩვენმა ოთხმა წარმომადგენელმა სუბოტიცაში კი იჭიდავა, მაგრამ წარუმატებლად გამოვიდნენ და ამიტომ ახლა არავინ დაუფინანსებიათ.

თავისუფალთა ნაკრები
42 კგ. თორნიკე ქათამაძე (ბათუმი), 46 კგ. გიორგი ხაჩიძე (ხაშური), 50 კგ. თემურ ვანიშვილი (გორი), 54 კგ. ივანე გოდელაშვილი (ხაშური), 58 კგ. ალექსანდრე ლომიძე (ხაშური), 63 კგ. თორნიკე კვინიკაძე (ხაშური), 69 კგ. ივერიკო ჯულაყიძე (სამტრედია), 76 კგ. დემურ მეგენეიშვილი (სამტრედია), 85 კგ. ბექა ჭელიძე (თბილისი), 100 კგ. ზურაბ ურთაშვილი ( მცხეთა).

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

42 კგ. ირაკლი ნაკაშია (ხობი), 46 კგ. გიორგი მეფიშვილი, 50 კგ. თორნიკე კანდელაკი (ნორიო), 54 კგ. ჯონი ხეცურიანი (ხობი), 58 კგ. დავით ბაკურაძე (ოზურგეთი), 63 კგ. აივენგო რიკაძე (სართიჭალა), 69 კგ. ნიკოლოზ ჭიკაიძე (სართიჭალა), 76 კგ. თემურ ჭკუასელიძე (ბორჯომი), 85 კგ. გიორგი ქაცანაშვილი (სართიჭალა), 42 კგ. ბექა მაკარიძე (თერჯოლა).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული