იმედია, ეს კარგი სტიმული აღმოჩნდება მოჭიდავეებისთვის და რიო დე ჟანეიროს თამაშებში წარმატებით გამოვლენ.
ამასთან, მაქაცარიამ დააფინანსა ოლიმპიადაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მწვრთნელ ემზარ ბედინეიშვილის გამგზავრებაც. მას უკვე გაუკეთეს აკრედიტაცია და ის უბრალოდ კი არ დაესწრება თამაშებს, როგორც რიგითი მაყურებელი, არამედ გუნდთან ერთად იქნება და ჩვეულებრივ იმუშავებს სპორტსმენებთან.
აქამდე აკრედიტაცია
აღსანიშნავია, რომ ოლიმპიურ ნაკრებში ბედინეიშვილსაც ორი პირადი შეგირდი ჰყავს - ევროპის მესამეპრიზიორი იაკობ მაქარაშვილი (74) და ევროპისა და მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანი სანდრო ამინაშვილი (86).
მოგეხსენებათ, ჩვენი მოჭიდავეები ოლიმპიადისთვის მზადების დასკვნით ეტაპს დუშეთსა და ბაზალეთზე გადიან, რომელიც უკვე დასასრულს უახლოვდება.
"ბერძენ-რომაელთა" ხუთივე ლიცენზიანტი - ევროპის წლევანდელი მესამეპრიზიორი შმაგი ბოლქვაძე (66), ევროპის მოქმედი ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი (75), ევროპის წლევანდელი ვიცე-ჩემპიონი რობერტ კობლიაშვილი (85), ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი რევაზ ნადარეიშვილი (98) და 23-წლიანებში ევროპის წლევანდელი ტრიუმფატორი იაკობ ქაჯაია (130) ბაზალეთზე ცხოვრობს, ხოლო ლეიბზე სავარჯიშოდ დუშეთში ჩადის, სადაც სათადარიგო ფალავნები ემზადებიან.
ბრაზილიაში პირველად ისინი მიფრინავენ და შეკრებასაც უფრო ადრე ისინი ამთავრებენ. მათ დღეს საკონტროლო შეხვედრები ექნებათ და ამით შეკრებაც დამთავრდება.
ეს გუნდი რიო დე ჟანეიროში რამდენიმე ქართველ ჟურნალისტთან ერთად 4 აგვისტოს, გამთენიისას გაფრინდება.
"თავისუფლები" მთელი გუნდით, ანუ გაფართოებული შემადგენლობით დუშეთში არიან.
შეგახსენებთ, რომ ისინი ოლიმპიურ თამაშებში სრული გუნდით მიიღებენ მონაწილეობას, რადგან ექვსივე ლიცენზია მოიპოვეს: ბრაზილიაში ხინჩეგაშვილი, ზურაბ იაკობაშვილი (65), მაქარაშვილი, ამინაშვილი, ელიზბარ ოდიკაძე (97) და პეტრიაშვილი იჭიდავებენ.
მათ 5 აგვისტოს ექნებათ საკონტროლო შეხვედრები, შეკრებას 6-ში დაამთავრებენ, ბრაზილიის შორეულ გზას კი 8 აგვისტოს, გამთენიისას დაადგებიან.
სამხრეთ ამერიკაში ორივე გუნდი ფრანკფურტის გავლით მიფრინავს. საბედნიეროდ, ჯანმრთელობის მხრივ გუნდებში პრობლემა არაა, ყველა ჯანმრთელადაა და სერიოზული ტრავმა არავის აწუხებს. იმედია, საკონტროლო შეხვედრებიც გართულებების გარეშე ჩაივლის და ჩვენი მოჭიდავეები ოლიმპიურ თამაშებს სრულ მზადყოფნაში შეხვდებიან.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"