თავისუფალი ჭიდაობა. ჭაბუკები: მირიან მაისურაძე მსოფლიოს ჩემპიონია!

AutoSharing Option
თბილისში დამთავრდა ჭაბუკ მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატი, რომლის ბოლო დღეებიც თავისუფალი სტილით მოჭიდავე გოგოებსა და ბიჭებს დაეთმოთ. ბიჭების გუნდმა ეს ტურნირი სამი მედლით დაასრულა, რომელთაგანაც ერთი ოქროა და ორი - ბრინჯაო.

მსოფლიოს ჩემპიონი მირიან მაისურაძე (76) გახდა, კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე კი გიორგი გეგელაშვილი (42) და თორნიკე ქათამაძე (50) ავიდნენ. ბრინჯაომდე თითო მოგება დააკლდათ გიორგი ელბაქიძეს (58) და ამირან ვახტანგიშვილს (54).

ჩვენმა ნაკრებმა ოქროს მედალი ბოლო დღეს მოიპოვა, თორემ გიორგი იანტბელიძის გუნდი საშინაო ტურნირს უმაღლესი ჯილდოს გარეშე დაასრულებდა.

მაისურაძემ გამარჯვებას საფუძველი იტალიელი
სალვატორე დიანას ძლევით დაუდო - 6:2 დაამარცხა, უკრაინელ ანდრია გუკას დაძაბულ ბრძოლაში 3:2 მოუგო, ნახევარფინალში კი სომეხი არმან ავაქიანი წმინდად დაამარცხა, 10:0. ფინალიც ძალიან დაძაბული გამოდგა რუს კამილ აბდულჯამალოვთან, თუმცა უპირატესობა საბოლოოდ მაინც მასპინძელმა მოიპოვა - 11:9.

გეგელაშვილი ძირითად ბადეს ნახევარფინალიდან გამოეთიშა, სადაც აზერბაიჯანელ მაჰის მამაზადასთან 4:13 წააგო. მანამ ჩვენებურმა კანადელი ლაჩლან მაურიცე მიკნაილი 13:5, ხოლო უკრაინელი ოლეგ გაიდარი 8:5 დაამარცხა. ბრინჯაოს მედლისთვის მასთან ბრძოლის უფლება ყაზახმა აბდუმალიკ კარაჩოვმა მოიპოვა, ვისაც ქართველმა ფალავანმა 6:3 მოუგო და სანუკვარ ჯილდოსაც დაეუფლა.

გეგელაშვილის მსგავსად, ქათამაძემაც ტურნირი საკვალიფიკაციო წრიდან დაიწყო, სადაც უნგრელი რიხარდ ლაიოშ რაცი წმინდად, 10:0 დაჯაბნა. მექსიკელი რობერტო ალეხანდრო ბლანკო კიდევ უფრო დამაჯერებლად, 17:6 დაამარცხა და მეოთხედფინალშიც გავიდა, სადაც მისი წინსვლა რუსმა პიოტრ კორილოვმა შეაჩერა - 5:6. სანუგეშოში ქართველმა ფალავანმა უმძიმეს ბრძოლაში, ჯერ გერმანელი ჰორსტ ჯუსტინ ლეჰრი გამოთიშა ჩემპიონატს, თუმცა ეს შეხვედრა ფრედ, 5:5 დასრულდა და ქათამაძეს მხოლოდ უფრო მაღალი ხარისხის ქულებმა უშველეს. იოლი არც ბრინჯაოსთვის პაექრობა ყოფილა იაპონელ დაიგო ჰატორისთან, თუმცა მას 8:6 მოუგო.

ელბაქიძემ ძალიან კარგად დაიწყო ტურნირი და ნახევარფინალშიც გავიდა. თავიდან მან სამიდან ორ შეხვედრაში წმინდად იმარჯვა - ინდოელ აკაშ დაჰიას 11:1, ხოლო ბულგარელ ილია ხრისტოვს 10:0 მოუგო, შუალედში კი მოლდოველი ნიკოლაი გრამესი 8:6 დაამარცხა. ნახევარფინალში, ცოტა არ იყოს და საეჭვო შეხვედრაში 1:4 დამარცხდა ირანელთა მომავალ ჩემპიონ ამირჰოსეინ აზიმ მაგსუდისთან, რასაც დამამშვიდებელში რუს ვადიმ ბიკოევთან 8:11 წაგება მიყოლა და უმედლოდ დარჩა.

ვახტანგიშვილმა პირველ პაექრობაში ძალიან კარგად დაამარცხა რუსი რაშიდხან ტიმირბეკოვი - 8:2, ყირგიზი იკრომჟონ ხაჯიმურადოვი კი 7:5 დაჯაბნა. სამწუხაროდ, ნახევარფინალში ვერ შეინარჩუნა ეს განწყობა და უკრაინელ ანდრეი ძელეპთან 4:10 წააგო, ბრინჯაოსთვის პაექრობაში კი ინდოელ რავინდერ რავინდერთან 0:11 დათმო.

ვლადიმერ გამყრელიძემ (46) და დანიელ მარქარაშვილმა (63) თითო შეხვედრა მოიგეს, სიმონ ოსკანიანმა (85) - ორი, გოგა მამიური (69) და ელგუჯა ბალანჩივაძე (100) კი პირველივე წრიდან გამოვარდნენ.

ამჯერად თავი ვერ გამოიჩინეს ჩვენმა გოგოებმა - სამივე მათგანი პირველივე წრეში დამარცხდა. მარიამ კარელიძემ (40) რუს ანა არღუნოვასთან 0:8 წააგო, თამარ სამხარაძემ (46) აზერბაიჯანელ ალინა ზოკოევასთან 0:3 დათმო, თამარ ხოჯაშვილმა (52) კი ბულგარელ ვესელა ჩანკოვა ბრამჩევასთან - 1:7.

თავისუფალი ჭიდაობა
42 კგ.
1. კურტ ნამდი ჰენრი (აშშ); 2. მაჰირ მამაზადა (აზერბაიჯანი); 3. გიორგი გეგელაშვილი (საქართველო), მაგომედ აბდურახმანოვი (რუსეთი).

46 კგ.
1. ზაგირ შაკიევი (რუსეთი); 2. სვაპნილ ბიმრაო შელარი (ინდოეთი); 3. დოგან კარა (თურქეთი), მარცელ ბუდაი კოვაჩი (უნგრეთი); 10. ვლადიმერ გამყრელიძე (საქართველო).

50 კგ.
1. პიოტრ კორილოვი (რუსეთი); 2. ამირ ალიაკბარ პარასტენი (ირანი); 3. თორნიკე ქათამაძე (საქართველო), ენგინ ცეტინი (თურქეთი).

54 კგ.
1. ანდრეი ძელეპი (უკრაინა); 2. გეორგიოს პილიდისი (საბერძნეთი); 3. რავინდერ რავინდერი (ინდოეთი), აბზალ ოკენოვი (ყაზახეთი); 5. ამირან ვახტანგიშვილი (საქართველო).

58 კგ.
1. ამირჰოსეინ აზიმ მაგსუდი (ირანი); 2. ვიტალი არუჯაუ (აშშ); 3. დენის ბოროჰანი (უკრაინა), ვადიმ ბიკოევი (რუსეთი); 5. გიორგი ელბაქიძე (საქართველო).

63 კგ.
1. ჯონ მიხაელ დიაკომიჰალისი (აშშ); 2. სტეფან ტონუ (მოლდოვა); 3. ინალ ჯოპუა (აზერბაიჯანი), ჯინტარო მოტოიამა (იაპონია); 8. დანიელ მარქარაშვილი (საქართველო).

69 კგ.
1. აბუბაქრ აბაკაროვი (აზერბაიჯანი); 2. საიად საბერალი გოლამი (ირანი); 3. დავიდ აარონ კარი (აშშ), დოგუხან კალაიჩი (თურქეთი); 17. გოგა მამიაური (საქართველო).

76 კგ.
1. მირიან მაისურაძე (საქართველო); 2. კამილ აბდულჯამილოვი (რუსეთი); 3. ანდრეი გუკა (უკრაინა); ტრევის ჯერემიას ვითლაიქი (აშშ).

85 კგ.
1. დეეპაკ პუნია (ინდოეთი); 2. ნაილ საიარი (თურქეთი); 3. ალიკ შებზუხოვი (რუსეთი), იაკობ ალექსანდერ უორნერი (აშშ); 7. სიმონ ოსკანიანი (საქართველო).

100 კგ.
1. გაბლე დან სტევენსონი (აშშ); 2. ადამ ხაჯი ბეტერბიევი (რუსეთი); 3. ვიკი ვიკი (ინდოეთი), აშხაბ გამზათოვი (აზერბაიჯანი); 10. ელგუჯა ბალანჩივაძე (საქართველო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან სუსტი გამოსვლა იყო თავისუფალი სტილით მოჭიდავეების...!!!! არ გეკადრებათ
svani
11:13 19-09-2016
0

სიახლეები პოპულარული