მიკერძოებულ მსაჯობას ედიშერ მაჩაიძესაც აბრალებენ - სტატია Flowrestling.org-ზე

AutoSharing Option
ფოტოზე: თემურ ყაზარაშვილი რიოში
ჭიდაობაში ჩაწყობილ შეხვედრებთან დაკავშირებით საერთაშორისო მედიაში მეორე ქართველი ოლიმპიელი მსაჯის, სუპერვაიზერ ედიშერ მაჩაიძის გვარ-სახელმაც გაიჟღერა.

შეგახსენებთ, რომ თემურ ყაზარაშვილს ოლიმპიადის დამთავრებისთანავე მისცეს დისკვალიფიკაცია თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ტურნირში, 65 კილოგრამში პუერტორიკოელი მსოფლიოს 2011 წლის ვიცე-ჩემპიონ ფრანკლინ მატოშ გომესისა და უზბეკი იხტიორ ნოვრუზოვის მეოთხედფინალური შეხვედრის გამო დაისაჯა, რომელიც უზბეკმა მოიგო. მაშინ მას და იმ შეხვედრის მონაწილე სხვა მსაჯებს - სამხრეთკორეელ ტონ კინ ჩონსა და რუს სერგეი ნოვაკოვსკის, დროებით შეუჩერდათ უფლებამოსილება, ვიდრე მათ საკითხს მსოფლიოს ფედერაციის ეთიკის კომისია არ
განიხილავს.

- რის გამო სჯის ჭიდაობის მსოფლიოს ფედერაცია თემურ ყაზარაშვილს

აქვე გეტყვით, რომ ყაზარაშვილი და ნოვაკოვსკი სჯიდნენ საეჭვოდ მიჩნეულ კიდევ ერთ შეხვედრას, რომელშიც აზერბაიჯანელთა მომავალმა ფინალისტმა ხეტაგ გოზიუმოვმა 2:1 დაამარცხა ირანელთა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი რეზა იაზდანი.

* * *
ამ დღეებში ჭიდაობაში გამეფებულ კორუფციასა და შეხვედრების ჩაწყობის სქემებზე ვრცელი მასალა გამოაქვეყნა ამერიკულმა საიტმა Flowrestling.org-მა, სადაც ჟურნალისტი კრისტიან პილცი მსაჯთა კომიტეტის გერმანელ თავმჯდომარე ანტონიო სილვესტრიზე დაყრდნობით შიფრავს კორუფციულ სქემებს, თუ როგორ ხდებოდა მათთვის სასურველი შედეგის მიღება.

ის წერს, რომ რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადა ისტორიაში შევა, როგორც სამსაჯო თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე ცუდი. ამასთან, საუბრობს სამსაჯო კორპუსში არსებულ ეგრეთ წოდებულ "დამკრძალავ ჯგუფებზე" - ესაა მსაჯთა ბრიგადა, რომელსაც საერთაშორისო ფედერაციები ჩაწყობილი შეხვედრებისთვის იყენებენ და მხოლოდ მათ ანდობენ ასეთი ორთაბრძოლების განსჯას.

მსგავსი ბრიგადები არსებობს სპორტის ყველა სახეობაში თუ არა, ყველა საჭიდაო დისციპლინაში მაინც.

პილცი სწორედ აქ ასახელებს ედიშერ მაჩაიძეს, როგორც ერთ-ერთ ეჭვმიტანილს, თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ მისი ვარაუდია, კონკრეტულ ბრალს კი რომელიმე ორთაბრძოლის გაყიდვაში არ სდებს.

პილცის, სილვესტრიზე დაყრდნობით, საეჭვოდ მიაჩნია ის გარემოება, რომ მსაჯთა ნაწილი ძირითადად საეჭვო ქვეყნების ფალავანთა შეხვედრებს ემსახურებოდა - უზბეკეთს, რუსეთს და აზერბაიჯანს. მას მაგალითად მოჰყავს ბელორუსი არბიტრი იგორ ბრელი, რომელმაც ოლიმპიადაზე სულ 11 შეხვედრა იმსაჯა და აქედან 10 ამ ქვეყნებზე მოდის, როგორც ყირგიზი კოჩკორ კულმატოვის განსჯილი პაექრობების 85 პროცენტი.

სწორედ აქ ასახელებს პილცი საეჭვო არბიტრების სიას, რომელშიც მაჩაიძის გარდა, მოხვდნენ რუსი ანდრეი კრიკოვი, უზბეკი კონსტანტინ მიხაილოვი, გერმანელი უვე მანცი, მაროკოელი მორედინ მოშაფა, სლოვენიელი სტანისლავ სერნეკი და აზერბაიჯანელი ხიზრან შარიფოვი.

* * *
აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი სჯიდა ოლიმპიადის, ალბათ, ყველაზე სკანდალურ შეხვედრას, რომელიც ასევე უკავშირდება იხტიორ ნოვრუზოვს - ბრინჯაოსთვის მის შეხვედრას მონღოლ მანდახჰარან განზირიგთან. ეს პაექრობა უზბეკმა მოიგო, რამაც მისი ნაკრების მთავარი მწვრთნელი ცოგტბაიარ ცერენბაატარი ისე გაანაწყენა, ნამდვილი სტრიპტიზი მოაწყო: ხალიჩაზე შევარდა, ტანთ გაიხადა და ტანსაცმელი სახეში მიაყარა მსაჯებს. მას თანაშემწე ბიამბარინჩენ ბაიარააც გვერდში ამოუდგა, ოღონდ ის მხოლოდ წელზევით გაშიშვლდა, ეს კი ტრუსის ამარა დარჩა.

- სკანდალი რიოს ოლიმპიადის ბოლო დღეს - შიშველი პროტესტი [VIDEO]

სამბასა და კარნავალის ქვეყანაში ეს, აბა, ვის გაუკვირდებოდა, მაგრამ საჭიდაო ტურნირზე კი მსგავსი ფაქტი პირველად მოხდა, რაც ერთგვარ სიმბოლურ ჟესტადაც გამოჩნდა ჭიდაობაში გამეფებული უსამართლობის ფონზე. თუმცა იმ შეხვედრაში მონღოლებს საყვედური ნაკლებად ეთქმოდათ - ბოლო წამებზე განზორიგი იგებდა და აშკარად სირბილი დაიწყო ხალიჩაზე, არ ჭიდაობდა, რისთვისაც დაისაჯა.

სხვათა შორის, იმ სტრიპტიზისთვის მთავარი მწვრთნელიც და მთლიანად მონღოლეთის ფედერაციაც უმკაცრესად, სამწლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯნენ და 2019 წლის 20 აგვისტომდე აეკრძალათ მსოფლიოს ფედერაციის ეგიდით გამართულ შეჯიბრებებში მონაწილეობა. ამასთან, თავად ფედერაცია დამატებით 50 000 შვეიცარიული ფრანკით დაჯარიმდა. ვფიქრობთ, დროთა განმავლობაში მსოფლიოს ფედერაცია სანქციებს შეარბილებს, რადგან მონღოლმა მოჭიდავეებმა რა დააშავეს, რომლებსაც თურმე 36 წლის შემდეგ პირველად ჰქონიათ შანსი, ოლიმპიური მედალი მოეტანათ სამშობლოსთვის.

ამ სტატიაში გაკვირვებას იწვევს ანტონიო სილვესტრის ფაქტორიც - მომხდარ გარიგებებზე ხომ მისი პასუხისმგებლობის საკითხიც დგება. ამის ნაცვლად ის თავად უშიფრავს მედიას კორუფციულ სქემებს? და ეს ფაქტები აქამდე თუ იცოდა, რაღას ელოდა?

* * *
ბუნებრივია, კომენტარისთვის ედიშერ მაჩაიძეს დავუკავშირდით, რომელიც უკვე იცნობდა პილცის სტატიას და შემდეგი განაცხადა:

"როგორც ამ სტატიაში წავიკითხე, თავისუფალ ჭიდაობაში ვიმსაჯე იმ სამი ქვეყნის ფალავანთა შეხვედრების 83 პროცენტი, ხოლო ბერძნულ-რომაულში - 74.

Sportall.Geმე, როგორც სუპერვაიზერს, ყოველი მეორე შეხვედრის მსაჯობა მიწევდა. ბუნებრივია, უფრო ხშირად რუსების შეხვედრას განვსჯიდი, რადგან ის ფინალამდე მიდის და ხუთ შეხვედრას ჭიდაობს, სინგაპურელი, პორტუგალიელი ან სხვა კი პირველ-მეორე წრიდან გამოვარდება და იმის ბრძოლების მსაჯობა არ მიწევს. ასევეა აზერბაიჯანელიც, რომლებსაც ხუთი პრიზიორი გაუხდათ.

მოკლედ, სტატია არაპროფესიონალებზეა გათვლილი, თორემ თუ რომელიმე შეხვედრაზე პრეტენზია აქვთ, მზად ვარ პასუხისთვის.

იმ მონღოლზე ამდენი ხმაური რომაა ატეხილი, რატომ არავინ ახსენებს ფრანკლინ გომესისა და ნოვრუზოვის შეხვედრას, როცა პუერტორიკოელს 20 წამით ადრე მივეცი ქულა და იგებდა, 5 წამით ადრე კი დაარღვია წესი და უკვე უზბეკს მივეცით ქულა.

მაქსიმალურად ვცდილობდით, კორექტულები ვყოფილიყავით, რადგან ოლიმპიადაა და მთელი მსოფლიო ჩვენ გვიყურებს. ეს ჩემი მაღაზია ხომ არაა, მივიდე და გავხსნა?".

* * *
ამის შემდეგ თემურ ყაზარაშვილსაც დავუკავშირდით. როგორც თავად გვითხრა, ამ თემაზე მას ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია და ახლა პირველად ისაუბრებს ამაზე:

"ეს სტატია მეც ვნახე და გამიკვირდა, თურმე რამდენი შემძლებია. თურმე მე და სილვესტრი ვყოფილვართ მთავარი მაფიოზები, ხოლო სუპერვაიზერები, ინსტრუქტორები და ყველა სხვა ჩვენს დაკვეთებს ასრულებენ! ეს ხომ დიდი აბსურდია. ეს შექმნილია ვიღაცის გამო - ძირს უთხრიან სხვას, ვიღაცაზე გასვლა სურთ და მეც მოვყევი ამაში.

ოლიმპიადაზე პირველად მოხვედრილი მსაჯი ყოფილა თურმე მაფიოზი და ყველაფრის დამანგრეველი. 25 წელზე მეტია, ვმსაჯობ და საუკეთესო, პატიოსანი მსაჯის სახელი მაქვს. თანაც, ბრაზილიაშიც იმ შეხვედრამდე ნახევარი საათით "ოქროს სასტვენზე" ვიყავი წარდგენილი. დარჩენილ დროში რაც მოხდა, შეცდომა ყველას მოსდის და შეიძლება, მეც შევცდე, მაგრამ ჭიდაობის დამანგრეველი ნამდვილად არა ვარ.

ჩვენი საკითხი ეთიკის კომისიას არ განუხილავს. საფრანგეთში, ახალგაზრდების მსოფლიოს პირველობაზე განიხილეს მსოფლიოს ფედერაციის ბიუროს წევრებმა და ამერიკელთა კითხვები სასაცილოდ არ ეყოთ.

- უკრაინის სპორტის მინისტრი: ჩაკვეტაძეს ოლიმპიური ოქრო მსაჯმა ყაზარაშვილმა მოაგებინა!

თურმე ყველაზე დიდ ბრალდებად ის წამომიყენეს, ბერძნულ-რომაულში დავით ჩაკვეტაძისა და იან ბელენიუკის შეხვედრისას უკრაინელს ხმამაღლა, უხეშად უყვიროდაო. არადა, ჩვენ გვაფრთხილებენ, რომ სპორტსმენებს შენიშვნა ხმამაღლა მივცეთ. თან იმ შეხვედრაში თურმე თვალი უნდა დამეხუჭა, როცა ბელენიუკმა ფეხში ხელი წაავლო - ამის ფოტოებიც არსებობს და რა ვქნა, ეს ბერძნულ-რომაული ჭიდაობაა, ფეხში ხელით შესვლა არ შეიძლება.

ერთი სიტყვით, აბსურდული ბრალდებებია".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
მადლობა,რომ გაითვალისწინეთ ჩემი შემოთავაზებული სტატია
irakli arqania
16:23 06-10-2016
0
და ბოლოს, მე ედიშერის პირადი ინტერესი კი არ მაქვს, არამედ ის მაშფოთებს რაც წელს
ჩემივე თვალით ადგიზევე ვიხილე რიოს საჭიდაო დარბაზში. მხოლოდ ძიუდოს მსაჯობა იყო დამაკმაყოფილებელი, დანარჩენი კი "დეზერტირების ბაზარს" ჰგავდა. მხოლოდ ერთი იყო განსხვავება, ყველა "გადამყიდველს" ცისფEრი მაისური ეცვა.
okribeli
16:20 05-10-2016
0

სიახლეები პოპულარული