ჩემპიონი წავიდა

AutoSharing Option

ლეგენდარულმა გერმანელმა მოციგურავემ, სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ანი ფრიზინგერმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა. 33 წლის ფრიზინგერი მუხლის ტრავმის გამო წავიდა დიდი სპორტიდან. გერმანელმა ფეხი ვანკუვერის ოლიმპიადის დროს დაიზიანა და ოპერაციის გაკეთება მოუხდა. ფრიზინგერის თქმით, მან 2011 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა დაგეგმა, მაგრამ მიხვდა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მისცემდა ამის საშუალებას.

ფრიზინგერს კარიერაში ხუთი ოლიმპიური მედალი აქვს მოგებული: 1998 წელს ნაგანოში ბრინჯაო მოიპოვა 3000 მეტრ დისტანციაზე, 2002 წელს სოლტ-ლეიკ-სიტიში ოქრო მიიღო 1500 მეტრზე. 2006 წელს ტურინში და 2010 წელს ვანკუვერში ფრიზინგერმა ოქროს ორი

მედალი მოიგო გუნდურ რბოლაში. გარდა ამისა, ტურინში მის ანგარიშზე იყო 1000 მეტრზე ბრინაჯაოს მედალი.
ამ ჯილდოების გარდა, ანი მსოფლიოს 16-გზის ჩემპიონია და შვიდჯერ აქვს მოგებული მსოფლიოს თასი.

"ვინც მე მიცნობს, ეცოდინება, რომ ყველაფერი გავაკეთე მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსასვლელად. მაგრამ ახლა უნდა ვაღიარო, რომ ტრავმირებული მუხლი აღარ მომცემს მაღალი მიზნებისთვის ბრძოლის საშუალებას. რა თქმა უნდა, ეს რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ამავდროულად მოხარული იმ ამოცანების გამო, რომელიც მომავალში დავისახე", - განაცხადა სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა.
წელს ვანკუვერის ოლიმპიადაზე გუნდური რბოლის ნახევარფინალი ზამთრის თამაშების ერთ-ერთი ყველაზე დრამატული მომენტი გახდა. ფრიზინგერი ფინიშამდე 25 მეტრით ადრე დაეცა და დისტანცია ჰორიზონტალურ მდგომარეობაში დაასრულა. საფინიშო ხაზის გადაკვეთამდე გერმანელმა სპეციალურად გააკეთა ფეხის მოძრაობა და ამის წყალობით ფინიშზე 0,23 წამით გაუსწრო ამერიკის ნაკრებს, რამაც გერმანიას ფინალის საგზური მოუტანა. სწორედ იმ დაცემის შემდეგ მიიღო ფრიზინგერმა მუხლის ტრავმა, რის გამოც კარიერის დასრულება მოუწია. 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული