ქალთა ასპარეზობა ჩვენი დროით ნაშუადღევს, 2-ის ნახევარზე იწყება. სულ 30 მონაწილეა, რომელთაგან ტურნირის დასკვნითი სეგმენტის, თავისუფალი პროგრამის შესასრულებლად 24 რჩეული დარჩება. 21 წლის ქართველი მეექვსედ გამოდის მსოფლიოს ჩემპიონატზე და ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ დასკვნით ნაწილში არ გასულიყო - მისი საუკეთესო შედეგი მე-10 ადგილია (2009 წ.), უარესი კი - მე-20 (2008 წ.).
საღამოს 7-ის ნახევარზე ყინულზე ცეკვების მოკლე პროგრამა იწყება. 25 მონაწილე წყვილი 5 ჯგუფად არის განთესილი. ჩვენებურები, ელისონ რიდი და ოთარ ჯაფარიძე პირველივე ჯგუფში მესამე ნომრები არიან ებრაული და ესპანური დუეტის შემდეგ. შემდეგ სეგმენტზე 20 საუკეთესო წყვილი გადადის, ქართველთა მიზანიც ჯერჯერობით ესაა - ოცეულში მოხვედრა. შარშან, მათთვის სადებიუტო ჩემპიონატზე, ელისონსა და ოთარს სულ ცოტა დააკლდათ, 21-ე ადგილზე გავიდნენ. მოკლედ, ჩვენებმა სულ მცირე 5 დუეტს უნდა აჯობონ.