ელენე რეიტინგში და უნივერსიადა უჩვენოდ

AutoSharing Option

ბერნში დასრულებული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ განახლდა მოციგურავეთა რეიტინგ-ლისტი. ელენე გედევანიშვილი, რომელმაც კონტინენტის პირველობაზე მე-8 ადგილი დაიკავა მსოფლიოს კლასიფიკაციაში 2 282 ქულით მე-14 ადგილზეა. პირველ ადგილზე კორეელი იუ-ნა კიმია 4024 ქულით, მეორე ადგილზეა იტალიელი კაროლინა კოსტნერი, რომელმაც შვეიცარიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა - 3 875 ქულა. გაგაცნობთ მოწინავე ათეულის სხვა წევრებსაც: 3. აკიკო სუზუკი (იაპონია), 4. მიკი ანდო (იაპონია), 5. კიირა კორპი (ფინეთი), 6. ჟანი როშე (კანადა), 7. მაო ასადა (იაპონია), 8. ალიონა ლეონოვა (რუსეთი), 9. ლაურა ლეპისტო (ფინეთი), 10. რეიჩელ ფლეტი

(აშშ). სულ რეიტინგში 201 ქალი მოციგურავეა.

ყინულზე ცეკვებშიც წყვილთა ახალი კლასიფიკაცია გამოქვეყნდა. ელისონ რიდისა და ოთარ ჯაფარიძის ქართული დუეტი 694 ქულით 47-ე ადგილზეა. მსოფლიო რეიტინგის გარდა აღინუსხება სეზონის რეიტინგიც, სადაც გედევანიშვილი მე-12 პოზიციაზეა.

 

2010/11 წლების სეზონის რეიტინგში ქალთა შორის კაროლინა კოსტნერია ლიდერი, მას კვალში კიირა კორპი და ქსენია მაკაროვა მიყვებიან. გაცილებით უკეთეს პოზიციაზე არიან რიდი და ჯაფარიძე სეზონის რეიტინგში - 21-ე. გასაკვირიც არაფერია, ჩვენი წყვილისთვის ეს მხოლოდ მეორე სეზონია დიდებში.

სეზონის მთავარი შეჯიბრი - მსოფლიოს ჩემპიონატი - 21-27 მარტს ტოკიოში გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ელენეს საუკეთესო შედეგი მსოფლიოს ჩემპიონატებზე მე-10 ადგილია (2009).

აქვე შევნიშნავთ, რომ თურქეთის კურორტ ერზურუმში ზამთრის უნივერსიადა (11 სახეობაში) მიმდინარეობს, სადაც 57 ქვეყნის დელეგაცია მონაწილეობს. საოცარია, მაგრამ საქართველოს ყურისძირში, სულ ასიოდე კილომეტრში ჩვენ ვერ ვმონაწილეობთ, მაშინ, როცა ისეთი ეგზოტიკური (სპორტის ზამთრის სახეობებისთვის) ქვეყნები მონაწილეობენ, როგორიც ვენესუელა, ლიბანი და ტაილანდია.

 

 

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული