სამთო ტურიზმი ქვეყანაში სულ უფრო პრიორიტეტული მიმართულება ხდება, ამიტომაც მის განვითარებას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტშიც დიდ ყურადღებას აქცევენ. ჯერ კიდევ გაზაფხულზე ჩამოაყალიბეს ალპური კლუბი (დირექტორი არჩილ ცინცაძე)
ანა დულარიძე (ალპური კლუბის დირექტორის მოადგილე), ირაკლი გუჯაბიძე, ილია ბერულავა, არჩილ ბადრიაშვილი და ლაშა კვეკვესკირი უშბაზეც ავიდნენ სახელოვანი მთამსვლელის, ევერესტისა და რვაათასიანი მწვერვალების მრავალგზის დამპყრობის, ორგზის "მთის ჯიქად" მონათლული ბიძინა გუჯაბიძის ხელმძღვანელობით.
- ყოველთვის ვფიქრობდი, სტუდენტებთან ერთად დამელაშქრა მწვერვალები, მაგრამ აქამდე ვერ მოვახერხე, - გვითხრა ბიძინა გუჯაბიძემ. - წლეულს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივითა და საქართველოს ალპური კლუბის, საქართველოს მთამსვლელთა ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით დაფუძნდა ეს კლუბი, რომლის წევრებიც აქტიურად ჩაებნენ სპორტულ ღონისძიებებში.
ალპური კლუბები სხვაგანაც არსებობს, მაგრამ მათი მიზანია ბუნების წიაღში გასეირნება, რაც სტუდენტებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დასამკვიდრებლად აუცილებელია, ილიაუნელთა ალპური კლუბი კი სპორტული მიმართულებისაა. მჯერა, რომ აქ კარგი მთამსვლელები გაიზრდებიან. დასტურად უშბის დალაშქვრაც გამოდგება.
ექსპედიციის წევრები არ შეუშინდნენ სიძნელეებს, არადა, ნაპრალთა ლაბირინთებით ვიარეთ მწვერვალამდე, როგორც ეს ევერესტზეა. გლობალურმა დათბობამ უშბის მყინვარსაც დაატყო ხელი. ყინულის ხიდები, რომლებიც ის-ის იყო გავიარეთ, ჩვენ თვალწინ ინგრეოდა, იმავე გზით უკან დაბრუნება საფრთხეს შეგვიქმნიდა, ამიტომ სხვა მარშრუტით დავეშვით საბაზო ბანაკისკენ.
1984 წელს უშბაზე ერთ-ერთი ასვლისას ღამისთევის შემდეგ კარავი და აღჭურვილობა, მახსოვს, უსაფრთხო ადგილას საგულდაგულოდ შევინახე. უკან დაბრუნებისას იქაურობა თოვლით იყო დაფარული, ბევრი ვეძებეთ, მაგრამ კარავს ვერსად მივაგენით. და აი, 27 წლის შემდეგ უშბამ გადამალული აღჭურვილობა - კარავი, რკინის პალოები, კარაბინები - გამომიჩინა.
ილია ბერულავა, სამთო გამყოლი: უშბაზე მეოთხედ ვიყავი. წინა სამისგან განსხვავებით, ეს ექსპედიცია უფრო ხანგრძლივი აღმოჩნდა, რადგან სხვა მყინვარი და კლიმატი დაგვხვდა. როგორც ბატონმა ბიძინამ თქვა, გლობალური დათბობის გამო შესამჩნევია მყინვარების დნობა და ნაპრალებად დაჩეხვა, მომატებულია ქვათა ცვენა. გართულებულია კედლამდე მისასვლელი გზა.
შესაძლოა, სულ მალე ზოგიერთ მარშრუტით უშბაზე ასვლა შეუძლებელიც გახდეს. ყოველივეს მიუხედავად, ყველა სიძნელე გადავლახეთ და მწვერვალზეც ავედით. ახლა, მთავარია, ახალგაზრდები მოვიზიდოთ, რადგან მთამსვლელობას, როგორც სპორტის სახეობის პოპულარიზაციისა და განვითარების გარდა, ილიაუნის ალპური კლუბი მიზნად ისახავს ალპინიზმისა და სამთო ტურიზმის შესაძლებლობათა ფართო გამოყენებას, ახალგაზრდების ბუნებასთან ზიარებას და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას.
ანა დულარიძე: უშბაზე ასასვლელად რთული მარშრუტი ავირჩიეთ ორი ღამისთევით. პირველი ღამე მყინვარზე გავათიეთ, მეორე - უშუალოდ უშბის კედელზე. ასეთი გზებით უწინ არასდროს მივლია: ეს საკუთარი თავის გამოცდაც იყო და საინტერესოც. წლეულს ილიაუნელებმა მყინვარწვერი და უშბა დავლაშქრეთ, რამაც ჩვენი ალპური კლუბისადმი ინტერესი გაზარდა, ბევრი სტუდენტი შემოგვიერთდა.
ამას წინათ გვეწვია სახელოვანი პოლონელი ალპინისტი კრჟიშტოფ ვალიცკი, პირველი ადამიანი, რომელმაც ზამთარში შეძლო K2-ის და ევერესტის დალაშქვრა, მსოფლიოს თოთხმეტივე 8-ათასიანი მწვერვალი აქვს დაპყრობილი. საინტერესო ამბები გვიამბო და რჩევებიც მოგვცა.
ყაზბეგში წავიყვანეთ და ალპური კლუბის წევრებთან ერთად გერგეთის სამებაზე ავედით. ძალიან მოეწონა იქაურობა. მომავალ კონტაქტებზე შევთანხმდით და მალე ქართულ-პოლონური ექსპედიციებიც დაიგეგმება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"