დიდი პერსპექტივა

AutoSharing Option
სნოუბორდი სათხილამურო სახეობების ერთ-ერთი ოლიმპიური დისციპლინაა. ჩვენს ქვეყანაში სათხილამურო კურორტების მატებასთან ერთად  ზამთრის სახეობების და კერძოდ, სნოუბორდის პოპულარობა იზრდება. ბაკურიანსა თუ გუდაურში, ახლა უკვე მესტიაში, ახალგარზრდების უმეტესობა სწორედ სნოუბორდზე სრიალს ეუფლება.

ახალი შექმნილია საქართველოს სნოუბორდის ფედერაცია (პრეზიდენტი ლევან მშვილდაძე), რომელიც აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს სათხილამურო ფედერაციასთან.

ლევან მშვილდაძე წარმატებეზე და ფედერაციის უახლოეს გეგმებზე გვესაუბრება.

- ბატონო ლევან, როდის შეიქმნა ფედერაცია და სად მიიღეთ პირველად შეჯიბრებაში მონაწილეობა?
- წელიწადი გასულ დეკემბერში შეგვისრულდა, თუმცა სპორტის ამ სახეობას ჩვენში 8 წელიწადზე მეტია ჰყავს მიმდევრები.
პირველად საერთაშორისო სარბიელზე სათხილამურო სახეობების ფედერაციის FIS ეგიდით თურქეთის ქალაქ ერზრუმში ვიასპარეზეთ და წარმატებითაც. პარალელურ და გიგანტურ სლალომში რევაზ ნაზღაიძემ 2 ოქროს მედალი მოიპოვა, რითაც ჩვენი მიღწევების ათვლა დაიწყო. შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატზე ესპანეთში კურორტ ლამოლინაში 44-ე შედეგი ვაჩვენეთ, ბულგარეთის კურორტ პამპოროვოში კი მე-4 ადგილი დავიკავეთ. განვითარებადი ქვეყნებისათვის ეს ურიგო არ არის.

- რა პრობლემებს წააწყდით?
- ძალიან რთული იყო ინვენტარის შეძენა და საერთარისო შეჯიბრებეში მონაწილეობა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და სათხილამურო სახეობების ფედერაციის დახმარებით დიდ სარბიელზე გასვლა მოხერხდა. უახლოეს მომავალში ინვენტარის შეძენა იგეგმება.

- საერთაშორისო შეჯიბრების დონის რამდენი სპორტსმენი გყავთ?
- სხვადასხვა დისციპლინაში სულ 5 სპორტსმენი მონაწილეობს. სამომავლოდ საერთაშორისო ტურნირებში ახალგაზრდების ჩართვაც იგეგმება. ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენი რევაზ ნაზღაიძე ერთადერთია, ვისაც ლიცენზია აქვს მონაწილეობა მიიღოს მსოფლიოს თასზე, წლეულს, მოსკოვში 5 მარტს.

- მთავარი, ალბათ, ახალგაზრდა პერსპექტიული თაობის აღზრდაა?
- ძირითადი ამოცანა სწორედ ეს არის. ორიენტირი ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაა. კარგია, რომ სპორტის სამინისტროსა და ჩვენი ფედერაციის ეგიდით მესტიაში სნოუბორდის სკოლა შეიქმნა. იქ უკვე ჩავიტანეთ ინვენტარი და გავხსენით ბავშვთა ჯგუფები.

- წლეულს შიდა შეჯიბრებებს თუ ჩაატარებთ?
- აუცილებლად ჩავატარებთ, რაც ხელს შეუწყობს ჩვენში ამ სახეობის პოპულარობას. იგეგმება საქართველოს პირველობა სხვადასხვა დისციპლინებში. უკვე გვყავს სამი გუნდი - გუდაურის, ბაკურიანისა და მესტიის. იქმნება აჭარაშიც, რაც შესაძლებლობას მოგვცემს ჩავატაროთ გუნდური პირველობები.

- სნოუბორდი და ტურიზმი, ამაზე რას იტყვით?
- ზემოხსენებული ზამთრის კურორტები სნოუბორდის, ისევე როგორც სხვა სათხილამურო სახეობების მოყვარულებისთვის ეგზოტიკური ადგილებია. სნოუბორდს კი განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ტურიზმის განვითარებაში. ტურისტები მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა კომერციულ შეჯიბრებებშიც.

- და ალბათ ოდესღაც საერთაშორისო ასპარეზობასაც ვუმასპინძლებთ?
- დიახ, საამისოდ ყველა პირობა და შესაძლებლობა გაგვაჩნია. ამ თემას განვიხილავთ. აპრილში საერთაშორისო ფედერაციიდან კომისიის მოწვევას ვგეგმავთ. ის  ჩვენს შესაძლებლობებს შეისწავლის, რათა მოგვეცეს უფლება საერთაშორისო ასპარეზობის მასპინძლობის საკითხი დავაყენოთ.


თორნიკე გაჩეჩილაძე გუდაურიდან






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული