ახალი შექმნილია საქართველოს სნოუბორდის ფედერაცია (პრეზიდენტი ლევან მშვილდაძე), რომელიც აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს სათხილამურო ფედერაციასთან.
ლევან მშვილდაძე წარმატებეზე და ფედერაციის უახლოეს გეგმებზე გვესაუბრება.
- ბატონო ლევან, როდის შეიქმნა ფედერაცია და სად მიიღეთ პირველად შეჯიბრებაში მონაწილეობა?
- წელიწადი გასულ დეკემბერში შეგვისრულდა, თუმცა სპორტის ამ სახეობას ჩვენში 8 წელიწადზე მეტია ჰყავს მიმდევრები.
- რა პრობლემებს წააწყდით?
- ძალიან რთული იყო ინვენტარის შეძენა და საერთარისო შეჯიბრებეში მონაწილეობა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და სათხილამურო სახეობების ფედერაციის დახმარებით დიდ სარბიელზე გასვლა მოხერხდა. უახლოეს მომავალში ინვენტარის შეძენა იგეგმება.
- საერთაშორისო შეჯიბრების დონის რამდენი სპორტსმენი გყავთ?
- სხვადასხვა დისციპლინაში სულ 5 სპორტსმენი მონაწილეობს. სამომავლოდ საერთაშორისო ტურნირებში ახალგაზრდების ჩართვაც იგეგმება. ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენი რევაზ ნაზღაიძე ერთადერთია, ვისაც ლიცენზია აქვს მონაწილეობა მიიღოს მსოფლიოს თასზე, წლეულს, მოსკოვში 5 მარტს.
- მთავარი, ალბათ, ახალგაზრდა პერსპექტიული თაობის აღზრდაა?
- ძირითადი ამოცანა სწორედ ეს არის. ორიენტირი ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაა. კარგია, რომ სპორტის სამინისტროსა და ჩვენი ფედერაციის ეგიდით მესტიაში სნოუბორდის სკოლა შეიქმნა. იქ უკვე ჩავიტანეთ ინვენტარი და გავხსენით ბავშვთა ჯგუფები.
- წლეულს შიდა შეჯიბრებებს თუ ჩაატარებთ?
- აუცილებლად ჩავატარებთ, რაც ხელს შეუწყობს ჩვენში ამ სახეობის პოპულარობას. იგეგმება საქართველოს პირველობა სხვადასხვა დისციპლინებში. უკვე გვყავს სამი გუნდი - გუდაურის, ბაკურიანისა და მესტიის. იქმნება აჭარაშიც, რაც შესაძლებლობას მოგვცემს ჩავატაროთ გუნდური პირველობები.
- სნოუბორდი და ტურიზმი, ამაზე რას იტყვით?
- ზემოხსენებული ზამთრის კურორტები სნოუბორდის, ისევე როგორც სხვა სათხილამურო სახეობების მოყვარულებისთვის ეგზოტიკური ადგილებია. სნოუბორდს კი განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ტურიზმის განვითარებაში. ტურისტები მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა კომერციულ შეჯიბრებებშიც.
- და ალბათ ოდესღაც საერთაშორისო ასპარეზობასაც ვუმასპინძლებთ?
- დიახ, საამისოდ ყველა პირობა და შესაძლებლობა გაგვაჩნია. ამ თემას განვიხილავთ. აპრილში საერთაშორისო ფედერაციიდან კომისიის მოწვევას ვგეგმავთ. ის ჩვენს შესაძლებლობებს შეისწავლის, რათა მოგვეცეს უფლება საერთაშორისო ასპარეზობის მასპინძლობის საკითხი დავაყენოთ.
თორნიკე გაჩეჩილაძე გუდაურიდან
.