ლინდსი ვონის უკვე ჰეთ თრიქი

AutoSharing Option
ჩრდილოამერიკულ კურორტებზე დასრულდა მსოფლიოს თასის მორიგი ეტაპი.

3 დეკემბრის ნომერში ვწერდით კანადის ლეიკ ლუისში ამერიკელი ლინდსი ვონის წარმატებაზე, რომელმაც ორი დღის განმავლობაში ორი სწრაფდაშვება მოიგო.

თუმცა მსოფლიოს თასის მოქმედმა მფლობელმა ეს არ იკმარა და კვირას სუპერგიგანტშიც არავის დაუთმო პირველობა, რითაც ერთგვარი ჰეთ თრიკი შეასრულა. სხვათა შორის, ამერიკელს ლეიკ ლუისში სამმაგი მოგება ადრეც ჰქონდა; საერთოდ კი ამ ტრასაზე ზედიზედ მეშვიდედ, კარიერაში კი მეთოთხმეტედ გაიმარჯვა.

ვონი ერთადერთი იყო იმ დღეს, ვინც დისტანცია წუთსა და 23 წამზე ნაკლებ დროში დაფარა. ახლა ლინდსის კარიერაში
მსოფლიოს თასზე 56 მოგება დაუგროვდა და ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზე იმყოფება.

მასზე წინ მხოლოდ ლეგენდარული ავსტრიელი ანემარი მოზერ-პრიოდლია, რომლის რეკორდი 62 მოგებას უდრის. თუ ვონმა ასეთ სტილში გააგრძელა გამოსვლა, ავსტრიელის რეკორდი, სავარაუდოდ, ამ სეზონშივე დაემხობა.

რაც შეეხება მეორე ადგილისთვის ბრძოლას, აქ გაცილებით დაძაბული ბრძოლა მიდიოდა და საბოლოოდ, ამერიკელ ჯულია მანკუზოსა და ავსტრიელ ანა ფენინგერს შორის სხვაობა მხოლოდ 0,02 წამი იყო.

ისე გამოვიდა, რომ ამერიკელებს ლეიკ ლუისში ფანტასტიკური უქმეები ჰქონდათ - ორივე სწრაფდაშვებაში აშშ-მ პირველი ორი ადგილი დაიკავა და ასევე მოხდა სუპერგიგანტშიც.

მეოთხე ადგილი დაიკავა სლოვენიელმა ტინა მაზემ, რომელმაც გაიმყარა ლიდერობა საერთო ჩათვლაში. მის ანგარიშზე 397 ქულაა; შემდეგ მოდის გერმანელი მარია რიში (319); მესამეა ვონი 300 ქულით.

მომავალ უქმეებზე ქალი მოთხილამურეები ევროპაში გადაინაცვლებენ - შვეიცარიის სენტ მორიტცში დაგეგმილია გიგანტური სლალომი და ორი სუპერგიგანტი.

სუპერგიგანტი
1. ლინდსი ვონი (აშშ) - 1.22,82; 2. ჯულია მანკუზო (აშშ) - 1.23,25; 3. ანა ფენინგერი (ავსტრია) - 1.23,27; 4. ტინა მაზე (სლოვენია) - 1.23,44; 5. მარია რიში (გერმანია) - 1.23,98; 6. ლარა გუტი (შვეიცარია) - 1.24,07...

* * *
არანაკლებ წარმატებით გამოვიდნენ ამერიკელი მამაკაცები ბივერ კრიკის საშინაო ტრასაზე. აქ ბოლო სტარტი - გიგანტური სლალომი ტედ ლიჯეტიმ მოიგო, რომელიც დომინირებდა ტრასაზე.

მასპინძელმა ორივე ცდაზე საუკეთესო დრო აჩვენა და საბოლოოდ, თითქმის ორი წამი მოუგო უახლოეს მდევრებს - მარსელ ჰირშერსა და დავიდე სიმონჩელის.

სწორედ ლიჯეტი ხსნიდა უძლიერესთა ჯგუფის გამოსვლას და მისი დრო ვერავინ გააუმჯობესა. მეორე ცდაზე კი ამერიკელი ბოლოს დაეშვა და უკვე შუა დისტანციაზე აშკარა იყო, პირველობაში მას ვერავინ შეეცილებოდა.

ტედმა ამ დისციპლინაში მე-13 ეტაპი მოიგო, მათ შორის, მესამე ბივერ კრიკში.

გიგანტური სლალომი
1. ტედ ლიჯეტი (აშშ) - 2:25.59 (1:13.49+1:12.10); 2. მარსელ ჰირშერი (ავსტრია) - 2:27.35 (1:14.27+1:13.08); 3. დავიდე სიმონჩელი (იტა) - 2:27.66 (1:14.59+1:13.07); 4. მანფრედ მოელგი (იტალია) - 2:28.15 (1:14.97+1:13.18); 5. ალექსის პინტურო (საფრანგეთი) - 2:28.19 (1:14.93+1:13.26); 6. აქსელ ლუნდ სვინდალი (ნორვეგია) - 2:28.34 (1:16.04+1:12.30)...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული