100 ათასი მაყურებელი ავსტრიაში

AutoSharing Option
მსოფლიოს თასის წლევანდელი ლიდერი და ფაქტობრივი გამარჯვებული ტინა მაზე ყველაზე მეტად ელოდა ეტაპს სლოვენიის მარიბორში.

სეზონის ლიდერი საკუთარი პუბლიკის წინაშე უნდა გამოსულიყო და იმედოვნებდა, რომ თანამემამულეებსაც გაახარებდა მორიგი გამარჯვებით.

თუმცა მაზეს შესანიშნავად ესმოდა, რომ ამის გაკეთება რთული იქნებოდა. გიგანტურ სლალომში წელს დიდი კონკურენციაა და ამ დისციპლინაში ბოლო სტარტი სლოვენიელმა ოლიმპიურ ჩემპიონთან, გერმანელ ვიქტორია რებენსბურგთან წააგო.

მაგრამ მაზე ვერ წარმოიდგენდა, თუ საშინაო ტრასაზე მას ამერიკელი ლინდსი ვონი დაამარცხებდა, რომელიც არასოდეს ბრწყინავდა გიგანტურ სლალომში.

პირველი ცდა ლინდსიმ მესამე ადგილზე დაასრულა, მეორეში კი,
ტრასის შუაში დაშვებული სერიოზული შეცდომის მიუხედავად, უფრო მოუმატა.

ვონის ასეთ რისკიან გამოსვლას მაზემ ვერაფერი დაუპირისპირა და მეორე ადგილზე დაასრულა ეტაპი. მესამეზე კი ავსტრიელი ანა ფენინგერი გავიდა, რომელმაც სერიოზული კონკურენცია ვერ გაუწია ვონსა და მაზეს, სამაგიეროდ, პოდიუმისთვის ბრძოლაში აჯობა ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს მარია რიშს.

გიგანტური სლალომი
1. ლინდსი ვონი (აშშ) - 2:22.20; 2. ტინა მაზე (სლოვენია) - +0.08; 3. ანა ფენინგერი (ავსტრია) - +0.57; 4. მარია რიში (გერმანია) - +0.74; 5. ჯესიკა ლინდელ-ვიკარბი (შვედეთი) - +1.15; 6. კატირ ცეტელი (ავსტრია) - +1.32...

საერთო ჩათვლა
1. ტინა მაზე (სლოვენია) - 1554; 2. მარია რიში (გერმანია) - 820; 3. ლინდსი ვონი (აშშ) - 740; 4. ანა ფენინგერი (ავსტრია) - 704; 5. კატრინ ცეტელი (ავსტრია) - 651; 6. ვიქტორია რებენსბურგი (გერმანია) - 590...

* * *

მსოფლიოს თასის კალენდარში ბევრი კლასიკური ეტაპია, მაგრამ მათ შორის, მაინც გამორჩეულია ავსტრიის ქალაქ კიტცბუელის სტარტი შტრაიფის ლეგენდარულ ტრასაზე. გასულ უქმეებზე აქ 100 ათასი მაყურებელი შეიკრიბა იმ იმედით, რომ ეტაპს რომელიმე ავსტრიელი მოიგებდა, რაც აქ დიდი ხანია არ მომხდარა.

პირველი სტარტი სუპერ-გიგანტი იყო, რომელშიც ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა აქსელ-ლუნდ სვინდალმა. ის მეორე დღეს, სწრაფდაშვებაშიც ფავორიტად მიიჩნეოდა, მაგრამ დისტანციის ზედა ნაწილზე საკმაოდ ბევრი შეცდომა დაუშვა, რამაც მას მხოლოდ მეცხრე ადგილი მოუტანა.

სვინდალის ამ წარუმატებლობების შემდეგ, ავსტრიელებს თითქოს ხელი არ უნდა შეშლოდათ. ლიდერობა ხელთ იგდო მაქს ფრანცმა იქამდე, სანამ ტრასაზე არ გავიდა იტალიელი დომინიკ პარისი. ამ უკანასკნელმა სწრაფდაშვების გავლისთვის სხვა ხაზი აირჩია, ვიდრე სხვა მონაწილეებმა და ამან პარისს დიდი უპირატესობა მოუტანა კონკურენტებზე, მათ შორის, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ერიკ გუეიზე.

თუმცა ავსტრიელებმა მაინც გაიხარეს. მართალია, მაქს ფრანცი მეხუთე ადგილამდე ჩამოქვეითდა, სამაგიეროდ, ჰანეს პაიჰელტი ავიდა პოდიუმის მესამე საფეხურზე. გარდა ამისა, ათეულში მოხვდა ავსტრიის კიდევ ორი წარმომადგენელი - კლაუს კრიოლი და გეორგ შტრაიტბერგერი.

სწრაფდაშვება
1. დომინიკ პარისი (იტალია) - 1:57.56; 2. ერიკ გუიე (კანადა) - +0.13; 3. ჰანეს რაიჰელტი (ავსტრია) - +0.36; 4. დავიდ პუასონი (საფრანგეთი) - +0.60; 5. მაქს ფრანცი (ავსტრია) - +0.61; 6. კლაუს კრიოლი (ავსტრია) - +0.731...

საერთო ჩათვლა
1. მარსელ ჰირშერი (ავსტრია) - 935 ქულა; 2. აქსელ ლუნდ სვინდალი (ნორვეგია) - 890; 3. ტედ ლიგეტი (აშშ) - 750; 4. ფელიქს ნოიროიტერი (გერმანია) - 646; 5. ივიცა კოსტელიჩი (ხორვატია) - 490; 5. მანფრედ მოელგი (იტალია) - 477...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მსოფლიოს თასი: გერმანელებმა იძალეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული