სლალომი მოსკოვში

AutoSharing Option
სამთო-სათხილამურო სპორტი ისე განვითარდა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ეტაპის ჩასატარებლად საჭირო აღარ არის მთაზე ასვლა და იქიდან სპორტსმენთა დაშვება.

საკმარისია რომელიმე მეგაპოლისში ხელოვნური ამაღლების აგება, მასზე თოვლის დაყრა და... ტრასაც მზად არის. წელს ასეთი რამ უკვე მეორედ მოხდა: ჯერ მიუნხენში, ახლა კი მოსკოვში. ორივე შემთხვევაში, სამთო მოთხილამურეები ერთმანეთს პარალელურ გიგანტურ სლალომში ეჯიბრებოდნენ. ეს შედარებით ახალი დისციპლინაა, სადაც გამარჯვებული ნოკაუტ-სისტემით ვლინდება. ტრასაზე ორი მოთხილამურე ერთდროულად იღებს სტარტს და გამარჯვებულია ის, ვინც უფრო მალე მიაღწევს ფინიშამდე.

რუსეთის დედაქალაქში ყველა უძლიერესი სლალომისტი შეიკრიბა, თუმცა
ფავორიტმა სტატუსი მხოლოდ მამაკაცთა ასპარეზობაში გაამართლა. აქ ყველა ელოდა ავსტრიელი მარსელ ჰირშერისა და გერმანელი ფელიქს ნოიროიტერის ფინალს, მაგრამ ამ უკანასკნელმა ნახევარფინალი წააგო და ჰირშერს გადამწყვეტ რაუნდში შვედ ანდრე მიურერთან მოუწია ურთიერთობის გარკვევა, რომელიც უპრობლემოდ დაამარცხა. ამით მან გაიმყარა ლიდერობა სლალომის ჩათვლასა და გენერალურ კლასიფიკაციაში. რაც შეეხება ნოიროიტერს, მან მესამე ადგილისთვის დაშვებაც წააგო ხორვატ ივიცა კოსტელიჩთან.

* * *
ქალებს შორის სერიოზული მოულოდნელობა მოხდა. ფინალში არავინ ელოდა ნაკლებად ცნობილი გერმანელის, ლენა დუერის გამოჩენას. იქ უფრო სეზონის ლიდერის, სლოვენიელი ტინა მაზეს გასვლას პროგნოზირებდნენ, მაგრამ ის მეოთხედფინალიდან გამოეთიშა ბრძოლას. მეორე ფინალისტი სავსებით კანონზომიერი იყო – წელს სლოვაკმა ვერონიკა ზუზულოვამ მიუნხენში მოიგო ანალოგიური სტარტი და ახლა დუბლს უმიზნებდა, მაგრამ დუერი მხოლოდ ფინალში გასვლით არ დაკმაყოფილდა და კარიერაში პირველად მოიგო მსოფლიოს თასის ეტაპი.

მესამე ადგილისთვის დუელში ამერიკელმა თინეიჯერმა მიკაელა შიფრინმა სულ მცირედით აჯობა შვეიცარიელ ვენდი ჰოლდენერს. სხვათა შორის, შიფრინი ლიდერობს ქალთა შორის სლალომის ჩათვლას.

საერთო ჩათვლა
კაცები
1. მარსელ ჰირშერი (ავსტრია) - 1135; 2. აქსელ ლუნდ სვინდალი (ნორვეგია) - 921; 3. ფელიქს ნოიროიტერი (გერმანია) - 776; 4. ტედ ლიგეტი (აშშ) - 736; 5. ივიცა კოსტელიჩი (ხორვატია) - 705; 6. ალექსის პინტურო (საფრანგეთი) - 570...

ქალები
1. ტინა მაზე (სლოვენია) - 1694; 2. მარია რიში (გერმანია) - 806; 3. ლინდსი ვონი (აშშ) - 740; 4. ანა ფენინგერი (ავსტრია) - 704; 5. კატრინ ცეტელი (ავსტრია) - 697; 6. მიკაელა შიფრინი (აშშ) - 638...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მსოფლიოს თასი - ბოლო რეპეტიცია გავლილია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული