საქართველოს თასი სამთო-სათხილამურო სპორტში ქვეყნის ყველა მოქმედ კურორტზე ჩატარდება

AutoSharing Option
საქართველოს სათხილამურო ფედერაცია 2015-16 წლების სეზონის სპორტულ ჩემპიონატებს ქვეყნის მასშტაბით 4 ლოკაციაზე ჩაატარებს - გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი და მესტია. ამის შესახებ დღეს, 24 დეკემბერს სასტუმრო "რედისონში" გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.

წლევანდელ შეჯიბრებაში მონაწილეობას იღებენ საქართველოს ეროვნული და ბავშვთა ნაკრებები, გუდაურის, თბილისის წმ. გიორგის სახელობის სკოლის, ბაკურიანის, მესტიისა და აჭარის სათხილამურო სკოლის სპორტსმენები.

ცნობილი გახდა, რომ საქართველოსა და ასევე, ბავშვთა ნაკრებს ახალი მწვრთნელები ჰყავთ - ვალერიან ჯაფარიძე და იასონ აბრამაშვილი.

პრესკონფერენციაზე ფედერაციის წარმომადგენლებმა სხვადასხვა ეტაპის მიმდინარეობა და ლოკაციები გააცნეს დამსწრე საზოგადოებას.
პირველ ეტაპს 27 დეკემბრიდან ბაკურიანი უმასპინძლებს. სწორედ ამ დღეს საზეიმოდ გაიხსნება განახლებული საბაგირო "კოხტაზე", რომლის საერთო სიგრძე 3 კილომეტრი და 100 მეტრია. კოხტას მთაზე ახალი საბაგირო შუალედური სადგურით ამოქმედდება.

27 დეკემბერს საქართველოს თასის ასპარეზობა გიგანტურ სლალომში, ხოლო 28 დეკემბერს სლალომში ჩატარდება. გოგონები და ვაჟები სამ ასაკობრივ ჯგუფში იასპარეზებენ (ბავშვები, დაბადების წელი 2002-03; დაბადების წელი 2000-01;მოზრდილები და იუნიორები, დაბადების წელი 1999 და უფროსი).

ქვეყნის მასშტაბით, ტურნირების მაღალ დონეზე ჩატარებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და მთის კურორტების განვითარების კომპანია უზრუნველყოფს. სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორი კომპანია "სილქნეტია".

R
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული