დღეს ჰოკეის ეროვნულ ლიგაში სეზონის ყველაზე საინტერესო ნაწილი - პლეი ოფი იწყება. მანამდე კი საინტერესოა, რა განწყობით, სპორტული ფორმითა და შემადგენლობით ხვდება სტენლის თასის გათამაშებას რეგულარული ჩემპიონატის 16 საუკეთესო გუნდი.
აღმოსავლეთი
ვაშინგტონი-რეინჯერსი
"ვაშინგტონი" ბოლო სეზონებში მუდმივად ფავორიტის რანგში გადის პლეი ოფში, მაგრამ, როგორც წესი, პირველივე რაუნდიდან ეთიშება ბრძოლას. კიდევ ერთ ფიასკოს გულშემატკივრები, ალბათ, აღარ აპატიებენ გუნდს. "კეპიტალზის" მინუსი შეიძლება ის იყოს, რომ გუნდი ახალგაზრდა მეკარეების იმედად არის დარჩენილი - ესენი არიან რუსი ვარლამოვი და ჩეხი ნოივირტი.
რაც შეეხება "რეინჯერსს", განთესვის
მატჩები რეგულარულში: +1-3=2
ფილადელფია-ბაფალო
"ფილადელფიამ" თითქმის მთელი რეგულარული მაღალ დონეზე ჩაატარა, მაგრამ ბოლო მონაკვეთი ჩააგდო და პირველი ადგილიდან "კეპიტალზმა" ჩამოაქვეითა. მიუხედავად ამისა, აღნიშნულ სერიაში "ბაფალოს" წარმატების მცირე შანსი აქვს. "სეიბრზს" ყველაზე მეტად თავისი ბრწყინვალე მეკარის რაიან მილერის იმედი აქვს, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ამერიკელმა რეგულარულის ბოლოს ტრავმა მიიღო და საინტერესოა, რამდენად იმოქმედებს ეს ფაქტორი მის სათამაშო ფორმაზე.
მატჩები რეგულარულში: +2-2=0
ბოსტონი-მონრეალი
ამ დუელში აშკარა ფავორიტი "ბოსტონი" უნდა იყოს. ზდენო ხარა და კომპანია კარგად აწყობილი გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებდა და პერიოდულად სასტიკად უსწორდებოდა მეტოქეებს. თანაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ "დათვების" რიგებში თამაშობს ამ სეზონის საუკეთესო მეკარე ტიმ ტომასი.
"კანადიენსი" მთელი სეზონი დატანჯული იყო წამყვანი მოთამაშეების ტრავმებით. მიუხედავად ამისა, გუნდმა სტაბილურად განვლო მთელი დისტანცია, თუმცა განსაკუთრებულიც არაფერი უჩვენებია. იქნებ პლეი ოფის მატჩებისთვის შეინახა თავი?
მატჩები რეგულარულში: +2-4=2
პიტსბურგი-ტამპა ბეი
"პინგვინზი" სიდნი კროსბისა და ევგენი მალკინის გარეშე - სულ სხვა გუნდია. ორი ლიდერის ტრავმამ სერიოზულად იმოქმედა პენსილვანიური კლუბის შესაძლებლობებზე, მაგრამ პლეი ოფის საგზური გუნდმა სამართლიანად დაიმსახურა. მალკინი ვერც პლეი ოფში ითამაშებს, კროსბის დაბრუნების შანსი კი არსებობს...
"ტამპა ბეის" ყველა ლიდერი მწყობრში ჰყავს. ამ გუნდს კანადელი ვუნდერკინდის სტივენ სტემკოსის, აგრეთვე გამოცდილი მარტინ სენტ ლუისისა და ვენსან ლეკავალიეს იმედი აქვს. პლეი ოფში ასეთ ჰოკეისტებს ორმაგი ფასი ედებათ. ამის მაგალითი მრავლად არსებობს.
მატჩები რეგულარულში: +2-2=0
დასავლეთი
ვანკუვერი-ჩიკაგო
ეს არის პლეი ოფის პირველი ეტაპის ყველაზე ძლიერი წყვილი - რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებული "ვანკუვერი" სტენლის თასის მოქმედი მფლობელის "ჩიკაგოს" წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, არავის აქვს იმის ილუზია, რომ კანადური კლუბი იოლად დაამარცხებს "ბლეკჰოქსს", რომელიც ბოლო მომენტში მოხვდა პლეი ოფში. ჩიკაგოელებს ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ თამაშის მომატება და არაფერს დაუთმობენ ფავორიტებს. "ვანკუვერის" მხრიდან ყველაზე მეტს ხიფათს ძმები სედინებისგან უნდა ველოდოთ, "ჩიკაგოს" თამაშს კი მარიან ჰოსა, პატრიკ კეინი და ჯონათან ტეუვზი განსაზღვრავენ.
მატჩები რეგულარულში: +2-2=0
სან ხოსე-ლოს ანჯელესი
დასავლეთის მეორე გუნდს "სან ხოსეს" წესით არ უნდა გაუჭირდეს "მეფეების" დამარცხება. "ლოს ანჯელესმა" ცოტა ხნის წინ სერიოზული დააკლისი განიცადა, როცა ტრავმა მიიღო სლოვენიელმა ანზე კოპიტარმა. ასე რომ, "კინგზი" თავისი ლიდერისა და კაპიტნის დასტინ ბრაუნისა და მეკარე ჯონათან კუიკის იმედად დარჩა, მაგრამ რამდენად შორს გაიყვანს ეს დუეტი კლუბს, რთულის სათქმელია. "შარქსთან" დაკავშირებით კი ყველაფერი გარკვეულია: პაველსკი, მარლო, ჰიტლი, სეტოგუჩი, ტორნტონი, კუტური... ნებისმიერ მათგანს შეუძლია ცალკეული მატჩის ბედის გარკვევა.
მატჩები რეგულარულში: +3-3=0
დეტროიტი-ფინიქსი
შარშან ეს გუნდები უკვე შეხვდნენ ერთმანეთს პლეი ოფში, თანაც ამავე სტადიაზე. მაშინ დიდი გაჭირვებით "დეტროიტმა" გაიმარჯვა - 4:3. საინტერესოა, რა იქნება ამჯერად. "რედ უინგზმა" ნერვიულად ჩაატარა რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ნაწილი, თუმცა "ფინიქსიც" არ ყოფილა მოწოდების სიმაღლეზე.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ის, რომ "დეტროიტის" საუკეთესო ბომბარდირი ჰენრიკ ზერერბერი მინიმუმ პირველ შეხვედრას გამოტოვებს. ეს საგრძნობი დანაკლისია.
მატჩები რეგულარულში: +2-2=0
ანაჰაიმი-ნეშვილი
დღეს ანაჰაიმში ნამდვილია ბუმია. სეზონის შუაში "დაქსის" გულშემატკივრები იმაზე ოცნებოდნენ, გუნდს როგორმე პლეი ოფში გაეღწია, მაგრამ ახლა ისინი მხოლოდ მერვედფინალში გასვლით არ დაკმაყოფილდებიან.
"ანაჰაიმს" სერიოზული კოზირი ჰყავს კორი პერის სახით. ამ ჰოკეისტმა 50 გოლი გაიტანა და 48 შედეგიანი პასი შეასრულა და რეგულარულის ბოლოს პრაქტიკულად შეუჩერებელი იყო. არ უნდა დავივიწყოთ გუნდის სხვა ლიდერები - ტეემუ სელიანე, რაიან გეტცლაფი, საკუ კოივუ... "ნეშვილს" ასეთი გამორჩეული ჰოკეისტები ნაკლებად ჰყავს და ეს "იხვებს" გარკვეულ უპირატესობას აძლევს.
მატჩები რეგულარულში: +1-3=2
ლატარია ედმონტონმა მოიგო
პლეი ოფის დაწყებამდე ჰოკეის ეროვნულ ლიგაში გაირკვა გუნდების თანმიმდევრობა, რომლის მიხედვითაც ისინი 2011 წლის დრაფტზე საუკეთესო ახალგაზრდა ჰოკეისტებს აირჩევენ. პირველი ნომრის მიღების ყველაზე მეტი შანსი რეგულარული ჩემპიონატის უსუსტეს გუნდს - "ედმონტონ ოილერზს" ჰქონდა, რომელსაც საბოლოოდ გაუმართლა კიდეც და სწორედ ამ კანადურს კლუბს ერგება დრაფტის მომავალი პირველი ნომერი.
"ედმონტონის" შემდეგ მოდიან "კოლორადო" და "ფლორიდა". მეოთხეა" ნიუ ჯერსი", მეხუთე - "აილენდერსი", მეექვსე - "ოტავა"... დრაფტის პროცედურა 24 ივნისს მინესოტაში გაიმართება.
სხვათა შორის, შარშანაც "ედმონტონმა" პირველი ნომერი მიიღო დრაფტზე და არჩევანი კანადელ ფორვარდ ტეილორ ჰოლზე გააკეთა. წელს ამ ჰოკეისტმა 65 მატჩში 42 ქულა (22+20) დააგროვა.
ექსპერტებს შორის ბოლო გამოკითხვის თანახმად, "ედმონტონი" პირველ ნომრად კანადელ ცენტფორვარდ რაიან ნიუჯენტ-ჰოპკინსს აირჩევს, "კოლორადო" კი არჩევანს შვედ ფორვარდ გაბრიელ ლანდესკოგზე შეაჩერებს. შემდეგი იქნება კიდევ ერთი შვედი ადამ ლარსონი.