ახალ ჩემპიონს ვნახავთ

AutoSharing Option

გუშინდელი სათამაშო დღის შემდეგ დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ წელს სტენლის თასს ახალი მფლობელი ეყოლება. 0:3-დან სერიის გადარჩენას არათუ წლევანდელი, არამედ შარშანდელი ტრიუმფატორი "ჩიკაგოც" ვერ შეძლებდა.

აღმოსავლეთი
რეინჯერსი-ვაშინგტონი 3:2
0:0, 1:1, 2:1
გოლები: 1:0 კრისტენსენი-1 (ვოლსკი-2, მაკეიბი-1), 1:1 ოვეჩკინი-2 (არნოტი-2, მაიკ გრინი-3), 2:1 პროსპალი-1 (მ. სტაალი-1, დუბინსკი-1), 2:2 ნუბლი-1 (ბექსტრიომი-1, ოვეჩკინი-2), 3:2 დუბინსკი-1.
სერია: 1-2
ვაშინგტონში ორი წაგების შემდეგ "რეინჯერსს" უკანდასახევი გზა მოჭრილი ჰქონდა და ამჯერად ნიუიორკელებმა ხარისხიანი თამაშის გარდა დადებითი შედეგიც მიიღეს.
მეორე მატჩისგან განსხვავებით, გუნდებმა უფრო შემტევი ჰოკეი აჩვენეს,
რომელშიც ინიციატივა "რეინჯერსის" ჰოკეისტებს ჰქონდათ.
პირველ გოლს მაყურებელი პერიოდზე მეტხანს ელოდა. მეორე 20-წუთეულის მეექვსე წუთზე კრისტენსენმა მახვილი კუთხიდან გაუტანა ნოივირტს, რომელსაც პირველ ორ მატჩში მხოლოდ ერთი შაიბა ჰქონდა გაშვებული. სტუმრებმა პერიოდის ბოლო წამებზე ოვეჩკინის გოლით უპასუხეს.
მორიგი შედეგიანი შეტევა "მედისონ სკვერ გარდენში" მესამე პერიოდში გათამაშდა - პროსპალმა შეძლო მახვილი კუთხიდან ნოივირტის გაწბილება. და ამჯერადაც დედაქალაქელებმა მონახეს ძალა ღირსეული პასუხისთვის: ძირითადი დროის დასრულებამდე ხუთი წრით ადრე ნუბლმა აღადგინა სტატუს-ქვო.
თუმცა სტუმრების ლიდერებმა ბოლომდე ვერ გაიხარეს. "ვაშინგტონის" პირველ წაგებაში მთავარი დამნაშავე ბრენდონ დუბინსკი გახდა, რომელმაც თავის გუნდს გამარჯვება საფინალო სირენამდე ორი წუთით ადრე მოუტანა.

დასავლეთი
ნეშვილი-ანაჰაიმი 4:3
2:0, 0:2, 2:1
გოლები: 1:0 ერატი-1 (ფრანსონი-2, ჯ. უორდი-1), 2:0 ტუტუ-1 (სმიტსონი-1), 2:1 სელიანე-3 (პერი-3), 2:2 სელიანე-4 (პერი-4), 3:2 ლეგვანდი-1 (რ. სუტერი-2, ერატი-2), 3:3 ბელესკი-1 (ს. კოივუ-3), 4:3 ფიშერი-3 (ს. კოსტიცინი-3, რ. სუტერი-3).
სერია: 2-1
"ნეშვილი" ერთი თავით მაღლა იდგა "ანაჰაიმზე". მასპინძლები სამივე პერიოდში დომინირებდნენ მოედანზე და ამასთან, კინაღამ ხელიდან გაუშვეს გამარჯვება.
მას შემდეგ, რაც "ნეშვილმა" პირველ პერიოდში ორი შაიბით წაიყვანა ანგარიში, მასპინძლებისთვის ყველაფერი შესანიშნავად განვითარდა. შემდეგ წუთებშიც უფრო მათ შეეძლოთ ანგარიშის გაზრდა, ვიდრე "ანაჰაიმს" შემცირება.
მაგრამ მეორე პერიოდის ბოლოსკენ სტუმრებმა არათუ შეამცირეს სხვაობა, არამედ ანგარიშიც გაათანაბრეს. "იხვების" გადარჩენა ტეემუ სელიანემ აიღო თავის თავზე - ფენომენალურმა ფინელმა ვეტერანმა 30 წამის ინტერვალით შეასრულა დუბლი.
მესამე 20-წუთეულის დასაწყისში გუნდებმა შაიბები გაცვალეს და წავიდა ორმხრივ იერიშებში თამაში. დარჩენილი წუთები ოვერტაიმს ჰგავდა - ყველაფერს ერთი შაიბა გადაწყვეტდა. ადგილობრივი პუბლიკის გასახარად ეს მაიკ ფიშერმა გააკეთა.

ჩიკაგო-ვანკუვერი 2:3
1:0, 1:2, 0:1
გოლები: 1:0 კეიტი-1 (ტეუვზი-1), 1:1 ერჰოფი-1 (ჰ. სედინი-3, დ. სედინი-2), 1:2 დ. სედინი-3 (ედლერი-1, ბიეკსა-2), 2:2 შარპი-1 (ტეუვზი-2, პ. კეინი-2), 2:3 სამუელსონი-1 (ჰ. სედინი-4, ერჰოფი-2).
სერია: 0-3
თითქოს "ბლეკჰოქსი" ცუდად არ თამაშობს, მაგრამ აშკარად ჩანს, რომ "ვანკუვერი" ერთგვარად ძალების დაზოგვით მოქმედებს და ნებისმიერ წუთს შეუძლია მოუმატოს. დაახლოებით ასეთი სცენარი ჰქონდა მესამე მატჩსაც.
შეხვედრის მსვლელობისას გუნდები მონაცვლებით გავიდნენ წინ და მესამე პერიოდი 2:2-დან დაიწყეს. ამ წუთებში მეტოქეები შეტევაზე არც ფიქრობდნენ და რისკი მინიმუმამდე დაიყვანეს - ერთი შეცდომა მოკლავდა ან დაუბრუნებდა ინტრიგას ამ სერიას.
საბოლოოდ, პირველმა ვარიანტმა იმუშავა. "ჩიკაგოს" მცველების უხეში შეცდომის შემდეგ მიკაელ სამუელსონმა შეაგდო შაიბა კროუფორდის კარში და როგორც აღმოჩნდა, ეს გამარჯვების გოლი იყო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული