სტუმრების დღე

AutoSharing Option
ჰოკეის ეროვნული ლიგის პლეი ოფში ჯერჯერობით ორი გუნდი გამოიკვეთა, რომლებსაც თითქმის გარანტირებული აქვთ შემდეგ წრეში თამაში - "ვანკუვერმა" და "დეტროიტმა" თავიანთ სერიებში სამიდან სამი მოიგეს. დანარჩენ წყვილებში კი ჯერ მთელი ბრძოლა წინ არის.

გუშინდელი დღე იმით იყო გამორჩეული, რომ ოთხივე მატჩში სტუმრებმა მიაღწიეს გამარჯვებას.


აღმოსავლეთი
ბაფალო-ფილადელფია 2:4
1:1, 1:2, 0:1
გოლები: 0:1 ჯ. კარტერი-1 (მ. კარლი-3), 1:1 სტეფორდი-1 (პომინვილი-2, გრანიანი-3), 1:2 ბრიერი-2 (ჰარტნელი-2), 1:3 ჟერდიოვი-1 (მ. რიჩარდსი-1, ვერსტიგი-2), 2:3 გერბე-1 (ტიმ კონოლი-2, გრანიანი-4), 2:4 ტიმონენი-1 (კ. ჟირუ-2, ჯ. კარტერი-1).
სერია: 1-2

ამ სერიაში მთავარი ბრძოლა ჯერ კიდევ წინ არის, თუმცა თანადათან იკვეთება აღმოსავლეთის მეორე გუნდის უპირატესობა.

"ფილადელფიას" მთავარმა მწვრთნელმა პიტერ ლავიოლეტმა აღარ მიანდო კარის დაცვა წინა მატჩის ანტიგმირს, რუს მეკარე სერგეი ბობროვსკის და ამ სვლამ აშკარად გაამართლა. მთლიანად შეხვედრამ სტუმართა გუნდის უპირატესობით ჩაიარა, თუმცა ოთხზე მეტი გოლი ვერ გაიტანა იმ მიზეზის გამო, რომ ფილადელფიელები ბევრს უხეშობდნენ და ხშირად უწევდათ ორი წუთით მოედნის დატოვება.

მასპინძლების რიგებში უნდა გამოვყოთ ფორვარდი ჯეფ კარტერი, რომელმაც გოლი და შედეგიანი პასი ჩაიწერა აქტივში, თუმცა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ NHL-მ რუსი ლეგიონერი ჟერდიოვი აღიარა, რომელმაც ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში გაიტანა, როცა "ბაფალო" შტურმზე იყო გადასული და ანგარიშის გათანაბრებას არაფერი უკლდა.


ტამპა ბეი-პიტსბურგი 2:3
1:2, 0:0, 1:1
გოლები: 0:1 ტელბოტი-1 (ლავჯოი-1), 0:2 ეშემი-2 (რუპი-1, ლეტანგი-2), 1:2 სენტ ლუისი-2 (საიმონ განიე-4, სტემკოსი-1), 2:2 სენტ ლუისი-3 (ლეკავალიე-1, ბრიუერი-3), 2:3 ტაილერ კენედი-1 (ლეტანგი-3, ორპიკი-3).
სერია: 1-2

"პინგვინები" ამ მატჩშიც ვერ ეღირსნენ თავიანთი კაპიტნის სიდნი კროსბის დაბრუნებას, მიუხედავად ამისა, მაინც შეძლეს საკუთარი მოედნის უპირატესობის მოპოვება.

მასპინძლები ნამდვილად ვერ ბრწყინავდნენ სერიის მესამე შეხვედრაში. მათ რიგებში მხოლოდ მარტინ სენტ ლუისის გამოყოფა შეიძლება, რომელმაც დუბლი შეასრულა. თუმცა მის აქტიურობას "პიტსბურგმა" მეკარე მარკ-ანდრე ფლერის საიმედო თამაში დაუპრისპირა.

მატჩის ბედი კი ტაილერ კენედიმ გადაწყვიტა. მან მაშინ გაიტანა, როცა სენტ ლუისის მეორე გოლიდან მხოლოდ 30 წამი იყო გასული. საფინალო სირენამდე კიდევ 17 წუთი რჩებოდა, მაგრამ "ტამპამ" თამაშის გადარჩენა ვერ მოახერხა.


მონრეალი-ბოსტონი 2:4
0:2, 1:1, 1:1
გოლები: 0:1 კრეისი-1 (პ. ბერჟერონი-1, საიდენბერგი-1), 0:2 ჰორტონი-1 (ხარა-1, მაკუაიდი-1), 0:3 პევერლი-1 (რეკი-2), 1:3 ა. კოსტიცინი-1 (კამალერი-2, ჰამრლიკი-2), 2:3 პლეკანეცი-1 (კამალერი-2, სუბანი-1), 2:4 კ. კელი-1 (რეკი-3, პ. ბერჟერონი-2).
სერია: 2-1

პირველი ორი საშინაო მარცხის შემდეგ "ბოსტონმა" ამ სერიას ინტრიგა დაუბრუნა. წინა ორი შეხვედრის გმირი კორი პრაისი, როგორც ჩანს, ზედმეტად შეაქეს, რადგან "მონრეალის" მეკარემ აღნიშნულ თამაშში ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა.

სწორედ პრაისმა გაუკეთა საგოლე პასი მეტოქე ჰოკეისტს - რიჩ პევერლის, რის შემდეგაც ანგარიში 3:0 გახდა "ბოსტონის" სასარგებლოდ. ასეთი უპირატესობის მიუხედავად, "დათვებმა" მაინც გაირთულეს საქმე, ორი შაიბა გაუშვეს და ნერვიული ბოლო წუთები გადაიტანეს. ყველაფერი მაშინ გაირკვა, როცა კრის კელიმ საფინალო სირენამდე ნახევარი წუთით ადრე ცარიელ კარში გაიტანა და თავისიანების საბოლოო უპირატესობა დააფიქსირა.

ასე რომ, "ბოსტონმა" შეამცირა სხვაობა სერიაში და როგორც ჩანს, ამაზე გაჩერებას არ აპირებს.


ფინიქსი-დეტროიტი 2:4
0:2, 1:1, 1:1
გოლები: 0:1 სალეი-1 (ჰელმი-1, კრონვალი-1), 0:2 დ. მილერი-1 (კრონვალი-2), 0:3 ფილპულა-1 (ჰუდლერი-1), 1:3 შლემკო-1 (ბოდკერი-1, ტარისი-1), 1:4 ფრანცენი-2 (ჯ. ერიქსონი-1), 2:4 რეი უიტნი-1 (ვრბატა-2, იენდლი-4).
სერია: 0-3

"დეტროიტმა" "ვანკუვერს" მიბაძა, ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო და ერთი გამარჯვება აკლია მეოთხედფინალში გასავლელად. ამჯერად ფავორიტმა სტუმრად მოიგო და კვლავ ზედმეტი გართულების გარეშე. როგორც ჩანს, რეგულარულის ბოლოს აშკარა ჩავარდნამ კარგად იმოქმედა დეტროიტელებზე - ისინი ძალიან მობილიზებულები შეხვდნენ პლეი ოფს და ჯერჯერობით ერთი თავით მაღლა დგანან მეტოქეზე.

"ფინიქსს" კი ვერ შველის თავისი მთავარი კოზირი - რუსი მეკარე ილია ბრიზგალოვი. მან ვერაფერი მოუხერხა სალეის, მილერისა და ფილპულას დარტყმებს და მეორე მეოთხედის სტარტისთვის "დეტროიტს" თითქმის მოთავებული ჰქონდა საქმე - 3:0. განაწყენებულმა მასპინძლებმა შლემკოსა და რეი უიტნის მონდომებით ორჯერ გამოიყენეს რიცხობრივი უპირატესობა, მაგრამ ორივეჯერ ეს იმ დროს მოხდა, როცა "რედ უინგზი" სამი შაიბით იყო წინ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული