დეტროიტი პირველია

AutoSharing Option

გუშინ სტენლის თასის გათამაშებაში პირველი მეოთხედფინალისტი გაირკვა, ორი გუნდი ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ამ ეტაპს, ორ სერიაში კი ოთხი მატჩის შემდეგ საყაიმო ანგარიშია.

აღმოსავლეთი
ტამპა ბეი-პიტსბურგი 2:3 (2ო)
0:1, 1:1, 1:0, 0:0, 0:1
გოლები: 0:1 ტაილერ კენედი-2 (ზ. მიხალეკი-1, ლეტესტუ-1), 0:2 ეშემი-3 (ლავჯოი-2), 1:2 სენტ ლუისი-4 (ლეკავალიე-2, პურსელი-1), 2:2 ბერგენჰაიმი-1 (სენტ ლუისი-2, კუბინა-1), 2:3 ჯ. ნილი-1 (ჯ. სტაალი-2, პ. მარტინი-2).
სერია: 1-3
"ტამპას" კატასტროფულად არ უმართლებს "პინგვინებთან" სერიაში. ამჯერად საკუთარ არენაზე "ლაითნინგნმა" თავისი ლიდერის მარტინ სენტ ლუისის მონდომებით ორჯერ შეძლო ანგარიშის გათანაბრება,
მაგრამ ბოლომდე ისევ ვერ მიიყვანა საქმე.
საკმაოდ გრძელ ოვერტაიმში (20 წუთზე მეტი) მასპინძლებისთვის დამღუპველი აღმოჩნდა ჯეიმს ნილის შაიბა. ეს ჰოკეისტი "პიტსბურგმა" სეზონის მსვლელობისას აიყვანა "დალასიდან" და როგორც ხედავთ, ტრანსფერმა გაუმართლა. თუმცა, ამ შაიბაში თავისი წვლილი მიუძღვის "ტამპას" მეკარის დუეინ როლოსონის შეცდომას.
ახლა, "ლაითნინგს" ამ სერიაში სასწაული თუ გადაარჩენს, თუმცა გი ბუშეს შეგირდები ბოლომდე ბრძოლას აპირებენ.

რეინჯერსი-ვაშინგტონი 3:4 (2ო)
0:0, 3:0, 0:3, 0:0, 0:1
გოლები: 1:0 ანისიმოვი-1 (დრური-1, ზაუერი-1), 2:0 გაბორიკი-1 (ფედოტენკო-1, დუბინსკი-1), 3:0 დუბინსკი-2 (ფედოტენკო-2), 3:1 სიომინი-2, 3:1 მ. იოჰანსონი-1 (ლეიჩი-2, მაიკ გრინი-4), 3:3 მ. იოჰანსონი-2 (ჯ. კარლსონი-1, ელზნერი-1), 3:4 ჩიმერა-2.
სერია: 1-3
ამ შემთხვევაშიც ორი ოვერტაიმი გაიმართა და აქაც სერიაში უფრო მაღალი განთესვის მქონე გუნდი დაწინაურდა - 3:1.
"ვაშინგტონმა" ზედიზედ ორი გასვლითი მატჩი მოუგო "რეინჯერსს". ჯეისონ ჩიმერამ გამარჯვების შაიბა 93 (!) წუთზე გაიტანა. ამ ეპიზოდში შეცდნენ მარიან გაბორიკი და მეკარე ჰენრიკ ლუნდკვისტი, რომლებმაც ერთმანეთს ვერ გაუგეს და შაიბა ჩააბარეს "კეპიტალზის" ფორვარდს. არადა, რამდენიმე წამით ადრე ლუნდკვისტმა ფანტასტიკური სეივი განახორციელა ალექსანდრ ოვეჩკინის დარტყმის შემდეგ.
ეს მარცხი "რეინჯერსისთვის" ორმაგად საწყენია, რადგან მატჩის მსვლელობისას მასპინძლები 3:0 იყვნენ დაწინაურებული. ახლა კი საკუთარ თავს უნდა დააბრალონ შეხვედრაში და ალბათ, სერიაში წაგება.

ბაფალო-ფილადელფია 1:0
1:0, 0:0, 0:0
გოლი: 1:0 პომინვილი-1 (რ. ნიდერმაიერი-2, ენისი-1).
სერია: 2-2
ამ წყვილში დაძაბული ბრძოლა მიდის. სხვათა შორის, "ბაფალო" ყოველთვის გამოირჩეოდა "ფილადელფიასთან" დაპირისპირებებში კარგი სტატისტიკით, ამიტომაც სერიის ანგარიში გაკვირვებას არ იწვევს. ამასთან, ბრწყინვალედ გამოიყურება "სეიბრზის" მეკარე რაიან მილერი, რომლის ანგარიშზე უკვე ორი "შათაუტი" მოდის.
"ფილადელფია" საგოლე მომენტების რეალიზაციის მხრივ მოიკოჭლებდა და საერთოდ, ფავორიტი ძალიან უღიმღამოდ გამოიყურებოდა. შეხვედრის ბედი ერთადერთმა შაიბამ გადაწყვიტა, რომელიც თავის ანგარიშზე ჯეისონ პომინვილმა ჩაიწერა.
ამ სერიაში მთავარი ბრძოლა წინ არის - არც ერთი გუნდი არ აპირებს უკან დახევას.
დასავლეთი

ნეშვილი-ანაჰაიმი 3:6
1:2, 2:1, 0:3
გოლები: 0:1 ფაულერი-1 (პერი-5), 0:2 ს. კოივუ-1 (ჯ. ბლეიკი-1), 1:2 ჰორნკვისტი-2 (ს. კოსტიცინი-4, შ. უებერი-2), 2:2 ჯ. უორდი-2 (ფრენსონი-3, სალივანი-1), 2:3 სელიანე-5 (გეტცლაფი-4, ფაულერი-3), 3:3 ჰალიშჩუკი-1 (კლეინი-2, ბლუმი-2), 3:4 პერი-2 (მაკმილანი-1), 3:5 გეტცლაფი-2 (პერი-6), 3:6 მაკმილანი-1 (მარჩანტი-1, ვიშნოვსკი-2).
სერია: 2-2
იგივე ითქმის ამ სერიაზეც. "ანაჰაიმმა" მეორედ შეძლო ანგარიშის გათანაბრება და აღნიშნულ დუელში მეშვიდე მატჩი გარდაუვალი ჩანს.
ყველაზე დიდი წვლილი "იხვების" წარმატებაში გუნდის ლიდერებს - კორი პერისა (1+2) და რაიან გეტცლაფს (1+1) მიუძღვით. ამ ჰოკეისტების შეჩერება რეგულარულში პრობლემა იყო და პლეი ოფშიც იგივე ხდება. კვლავ გამოიჩინა თავი 40 წლის ტეემუ სელიანემ - ეს ლეგენდარული ფორვარდი ხუთი გოლით მიმდინარე სტენლის თასის საუკეთესო სნაიპერი გახლავთ, პერი კი პლეი ოფს ლიდერობს შედეგიანი გადაცემების რაოდენობით.

ფინიქსი-დეტროიტი 3:6
2:2, 1:1, 0:3
გოლები: 0:1 ჰოლმსტრიომი-2 (დაციუკი-4, მოდანო-1), 1:1 პიატი-1 (ჯოვანოვსკი-1), 2:1 დოუნი-3 (ტარისი-2, იენდლი-5), 2:2 ივსი-1 (ჰელმი-2), 3:2 ჰანჟალი-1 (ვრბატა-3, რეი უიტნი-2), 3:3 კრონვალი-1 (ქლირი-1, ჰუდლერი-2), 3:4 ქლირი-1 (ფილპულა-3, ბერტუცი-2), 3:5 ბერტუცი-1 (ქლირი-2, ფილპულა-4), 3:6 ივსი-2.
სერია: 0-4
დასავლეთში გამართული მეორე შეხვედრაც სტუმარმა მოიგო, თანაც იგივე ანგარიშით - 6:3. "დეტროიტი" გახდა პირველი გუნდი მერვედფინალში, რომელმაც შემდეგ ეტაპზე თამაში გაინაღდა.
"რედ უინგზი" ერთი თავის მაღლა იდგა არიზონულ კლუბზე და სერია დამსახურებულად მოიგო "მშრალი" ანგარიშით. ეს გუნდები შარშანაც ამ ეტაპზე შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინაც უპირატესობა ""დეტროიტის" მხარეს იყო.
ასე დასრულდა "კოიოტზის" გამოსვლა სტენლის თასზე და სხვათა შორის, დასრულდა ამ კლუბის ფინიქსური ისტორია. სავარაუდოდ, გუნდი აღარ ითამაშებს გლენდეილში და კანადაში, კერძოდ კი ვინიპეგში დაიდებს ბინას.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული