ვინ გახდება MVP?

AutoSharing Option
ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ დაასახელა სამი ჰოკეისტი, რომლებიც პრეტენზიას აცხადებენ სეზონის უძვირფასესი მოთამაშის ტიტულზე. სამივე ფორვარდია: კორი პერი "ანაჰაიმიდან", დანიელ სედინი "ვანკუვერიდან" და მარტინ სენტ ლუისი "ტამპა ბეიდან". ეს ჰოკეისტები გასული რეგულარულის საუკეთესო ბომბარდირთა პირველ სამეულში შევიდნენ.

სედინმა სეზონში 104 ქულა (41 გოლი+63 პასი) დააგროვა და პირველი ბომბარდირი გახდა. შარშან სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დანიელის ტყუპისცალი - ჰენრიკ სედინი დასახელდა და წელს დანიელის აღიარების შემთხვევაში, NHL-ის ისტორიაში პირველად მოხდება, როცა ზედიზედ ორი წლის განმავლობაში ლიგის ყველაზე პრესტიჟულ პრიზს ძმები დაეუფლნენ.

კორი პერი
რეგულარულის საუკეთესო სნაიპერი გახდა - ის ერთადერთი ჰოკეისტია, ვინც სეზონში 50 შაიბა გაიტანა. პერიმ ჯამში 98 ქულა დააგროვა. განსაკუთრებით კარგად ითამაშა მან რეგულარულის ბოლოს, როცა 16 მატჩში 19 გოლი გაიტანა და თავის გუნდს დასავლეთში მეოთხე ადგილი მოუტანა.

ამ სამეულში მარტინ სენტ ლუისია ერთადერთი, ვინც ერთხელ უკვე ფლობდა ამ პრიზს - ის 2004 წელს გახდა MVP. "ტამპას" ფორვარდმა 99 ქულით (31+68) დაასრულა სეზონი. ეს ჰოკეისტი "ლიგის ჯენტლმენის" პრიზზეც არის წარდგენილი - მთელი წლის განმავლობაში მას მხოლოდ 12 საჯარიმო წუთი დაუგროვდა.

სეზონის ინდივიდუალური პრიზები 22 ივნისს ლას ვეგასში დარიგდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული