C ჯგუფი
აშშ-ნორვეგია 4:2
0:2, 0:0, 4:0
გოლები: 0:1 ოლიმბი-1 (ჰოლტეტი-1), 0:2 ბასტიანსენი-2, 1:2 პალმიერი-1 (კრეიდერი-1, შენონი-2), 2:2 სკაილი-1 (სტეპლტონი-1, მაკდონაჰი-1), 3:2 პალმიერი-2 (შენონი-3, შატენკირკი-1), 4:2 სმიტი-2 (სტეპანი-3, ჯონსონი-1).
წინა ტურში ნორვეგიას 61-წლიანი დაპირისპირების განმავლობაში პირველად მოუგო შვედეთს, ახლა კი დიდი ბრძოლა გაუმართა ამერიკას და ამ უკანასკნელს ძალების უდიდესი დაძაბვა დასჭირდა იმისთვის, რომ თამაშის ბედი თავის სასარგებლოდ შემოეტრიალებინა.
ამერიკელთა სათამაშო
მესამე პერიოდამდე ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ მაყურებელი მორიგი სენსაციის მოწმე გახდებოდა, მაგრამ ფავორიტის რიგებში აღმოჩნდა ჰოკეისტი, რომელმაც გამოაცოცხლა თანაგუნდელები. ნიკ პალმიერიმ ჯერ ლამაზი ფლანგური გარღვევის შემდეგ გაიტანა, მოგვიანებით რიცხობრივ უპირატესობაში გამოიჩინა თავი. ამ გოლებს შორის ჯეფ სკაილმაც შეაგდო, ბოლოს კი კრეიგ სმიტმა გააწბილა ნორვეგიელთა მეკარე ლარს ლიუგენი.
ურთულესმა გამარჯვებამ ამერიკას პირველი ადგილი შეუნარჩუნა და ეს გუნდი შემდეგ ეტაპზე მინიმუმ სამი ქულით გადავა.
შვედეთი-ავსტრია 3:0
1:0, 1:0, 1:0
გოლები: 1:0 პერსონი-1 (ლ. ერიქსონი-1, რ. ნილსონი-3), 2:0 პერსონი-2 (პეტრაშეკი-1, რ. ნილსონი-4), 3:0 პააიარვი-1 (პეტრაშეკი-2).
ნორვეგიასთან სენსაციური წაგების შემდეგ "ტრე კრუნურისგან" მეორე ტურში რეაბილიტაციას ელოდნენ. ასეც მოხდა, მაგრამ ფავორიტმა მაინც ვერ აიცილა თავიდან პრობლემები.
პირველივე წუთებიდან ავსტრიამ საკუთარ ზონას მიაჯაჭვა მეტოქე და ერთი პირობა დარტყმების შეფარდება 9:1 (!) იყო ამ გუნდის სასარგებლოდ. შვედეთი აშკარად დაბნეული ჩანდა. მაგრამ გოლი მაინც არ გაუშვა და მალე მეკარე ვიქტორ ფასტის დამაჯერებლობა წინა ხაზის მოთამაშეებს გადაედოთ. "ტრე კრუნურმა" თამაში გაათანაბრა და პერიოდის ბოლო წუთზე ნიკლას პერსონმა ანგარიში გახსნა.
ამ გოლმა ფსიქოლოგიურად ცუდად იმოქმედა ავსტრიელებზე, თან კლასშიც დიდი სხვაობა იყო. პერსონმა 26-ე წუთზე დუბლი გაიფორმა, პააიარვიმ კი მესამე 20-წუთეულში დასვა წერტილი - 3:0.
ახლა შვედეთმა უნდა ილოცოს იმაზე, რომ ავსტრიამ ნორვეგიას მოუგოს და მეორე ეტაპზე გავიდეს. ამ ვარიანტით სკანდინავიელები მეორე რაუნდში მინიმუმ სამი ქულით გადავლენ, წინააღმდეგ შემთხვევაში - ერთით.
D ჯგუფი
ჩეხეთი-დანია 6:0
1:0, 4:0, 1:0
გოლები: 1:0 ფროლიკი-1 (ჰუბაშეკი-1, ზ. მიხალეკი-1), 2:0 მ. მიხალეკი-1 (ჟიდლიცკი-1), 3:0 მ. მიხალეკი-2 (ელიაში-2, ჰავლატი-2), 4:0 ფროლიკი-2 (ჩასლავა-1, ნოვოტნი-1), 5:0 პლეკანეცი-1 (ჩერვენკა-1), 6:0 პრუხა-1 (ფროლიკი-1).
შარშანდელი ჩემპიონატის სენსაცია - დანიის ნაკრები აშკარად მოუმზადებელი შეხვდა მსოფლიო ფორუმს. პირველ ტურში ფინეთთან 1:5 წაგების შემდეგ ამ გუნდმა ჩეხეთთან მატჩიც ჩააგდო.
დაახლოებით პერიოდნახევარი პერ ბეკმანის გუნდი ღირსეულ სხვაობას (0:1) ინარჩუნებდა, მაგრამ 32-დან 35 წუთამდე დაცვაში გარღვევამ ყველა მონდომება წყალში ჩაყარა - ამ მონაკვეთში მსოფლიოს ჩემპიონმა სამი გოლი გაიტანა. მესამე პერიოდში ჩეხეთი დამშვიდდა და მეტოქეს ზუსტი დარტყმების რაოდენობით ჩამორჩა კიდეც, მაგრამ ერთი შაიბა მაინც გაიტანა. სამი ქულა (2+1) ჩაიწერა აქტივში მიხალ ფროლიკმა, დუბლი შეასრულა მილან მიხალეკმა.
ლატვია-ფინეთი 2:3 (ბ)
0:1, 1:0, 1:1, 0:0, 0:1
გოლები: 0:1 იმონენი-2 (ვალივაარა-2, გრანლუნდი-1), 1:1 კ.რედლიჰსი-1 (მ.რედლიჰსი-2, ძერინში-1), 2:1 ვასილიევსი-1 (ციპულისი-1, პუიაჩი-1), 2:2 კაპანენი-1 (იმონენი-1, გრანლუნდი-2).
ბულიტები გაიტანეს: იმონენი (ფინეთი), მ.კოივუ (ფინეთი).
ჩეხეთთან შესანიშნავი თამაშის შემდეგ ლატვიელებს კიდევ ერთ უხერხულ მეტოქესთან უწევდათ ბრძოლა. ისტორიის განმავლობაში ლატვიამ ფინეთს ოციდან მხოლოდ სამჯერ მოუგო, თანაც სამივეჯერ ამხანაგურ მატჩებში. ასე რომ, ეს სტატისტიკა წესით შანსს არ უტოვებდა ბალტიისპირელთა გუნდს.
ფინეთმა ისე დაიწყო, როგორც ფავორიტს შეშვენის - ინიციატივა მოიპოვა, ორი საგოლე მომენტი შექმნა და აქედან ერთი გამოიყენა. თითქოს ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა, მაგრამ ლატვია თამაშის ხარისხით არ ჩამოუვარდებოდ მეტოქეს, რიცხობრივი უპირატესობის გამოყენებისას კი ყველაფერი წესრიგში ჰქონდა. სწორედ ზედმეტი მოთამაშე გაითამაშეს კრისტიანს რედლიჰსმა და ვასილიევსმა და ლატვია წინ გაიყვანეს. გუნდი ამ უპირატესობას კარგა ხანი ინარჩუნებდა, მაგრამ ვერ გაექცა დასანან გაძევებებს. საბოლოოდ მოედნის შუაში შეცდომა კაპანენის გოლად დაუჯდათ და მატჩის ბედი ბულიტების სერიაში გადაწყდა.
სერია დიდი ხანი არ გაგრძელებულა. იმონენმა და კოივუმ თავიანთი პენალტები გამოიყენეს, ნიჟივიმ და დარძინშმა კი წააგეს დუელი მეკარესთან. თუ ბოლო ტურში ლატვია დანიას მოუგებს, მეორე რაუნდში ფინეთთან მოპოვებული ქულით გადავა.