ჩემპიონიც მალე დაამთავრებს

AutoSharing Option
ამ სერიაში სპეციალისტები ყველაზე ნაკლებ ბრძოლას მოელოდნენ, მაგრამ პირიქით მოხდა. მეოთხედფინალის დანარჩენ სამ წყვილში თითქმის ყველაფერი გადაწყვეტილია, აქ კი "ნეშვილი" არ აპირებს რეგულარულის საუკეთესო გუნდთან ასე უბრალოდ დანებებას. თუმცა ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ "ვანკუვერი" მაინც მოახერხებს კონფერენციის ფინალში გასვლას - კანადურმა კლუბმა ზედიზედ ორი მატჩი მოიგო სტუმრად და მომდევნო შეხვედრაში შინ გამარჯვებით გაინაღდებს შემდეგ ეტაპზე თამაშს.

შეგახსენებთ, რომ სერიის წინა მატჩში გოლების ანგარიში გახსნა რეგულარულში "ვანკუვერის" საუკეთესო ბომბარდირმა რაიან კესლერმა. როგორც ჩანს, ამერიკელი ფორვარდი ფორმაში შევიდა - გუშინდელ შეხვედრაში ის
დღის პირველ ვარსკვლავად დაასახელეს. ასევე კარგი ამბავია ის, რომ შეწყვიტა ხუთმატჩიანი "მშრალი" სერია "კენაქსის" კაპიტანმა ჰენრიკ სედინმა - ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მან, როგორც იქნა, ქულების დაგროვება შეძლო.

თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში თანაბარი თამაში მიდიოდა და "ვანკუვერმა" საგოლე მომენტების უკეთ რეალიზაციის წყალობით გაიმარჯვა. ამ მხრივ მასპინძლები მართლაც მოიკოჭლებდნენ. მაგალითად, მეორე პერიოდში "ნეშვილს" საკმაოდ დიდი ხანი ჰქონდა ყინულზე ორკაციანი უპირატესობა, მაგრამ "ვანკუვერმა" მშვიდად მოიგერია საფრთხე, მესამე პერიოდში კი მაშინ მოუმატა თამაშს, როცა "ნეშვილმა" მეორე შაიბის გატანა მოახერხა. კანადელები წინ წავიდნენ და მალე რიცხობრივი უპირატესობა მოიპოვეს, რომელიც რაიან კესლერმა გამოიყენა. ეს იყო მატჩის ყველაზე ლამაზი გოლი - ამერიკელი ორ მცველს შორის გაძვრა და ეფექტური დარტყმით აიღო რინეს კარი.

დარჩენილ დროში მასპინძლები ბევრს ეცადნენ მატჩის გადარჩენას, ბოლოს მეკარეც შეცვალეს, მაგრამ ჰენრიკ სედინისგან მიიღეს გოლი. სხვათა შორის, შვედისთვის ეს იყო პირველი შაიბა მიმდინარე პლეი ოფში.

ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ დასავლეთის ფინალში "სან ხოსე" ("დეტროიტს" 3:0-ს უგებს) და "ვანკუვერი" ითამაშებენ, აღმოსავლეთში "ტამპა ბეი" (უკვე გავიდა შემდეგ წრეში) და "ბოსტონი" (3:0 - "ფილადელფიასთან").

დასავლეთი
ნეშვილი-ვანკუვერი 2:4
1:1, 0:1, 1:2
გოლები: 0:1 ერჰოფი-2 (ჰ. სედინი-6, დ. სედინი-4), 1:1 ჯ. უორდი-5 (ფრანსონი-5, ერატი-5), 1:2 ედლერი-2 (კესლერი-7, ერჰოფი-6), 2:2 ფრანსონი-1 (ლეგუანდი-3, ჯ. უორდი-4), 2:3 კესლერი-3 (ჰ. სედინი-7, ერჰოფი-7), 2:4 ჰ. სედინი-1 (ბაროუზი-4, კესლერი-8).
სერია: 1-3
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული