სუპერმატჩის მოლოდინში

AutoSharing Option
როგორც ჩანს, ზედიზედ მესამედ მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში კანადისა და რუსეთის დაპირისპირებას ვიხილავთ. კანადელებს თავიანთ ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების კარგი შანსი აქვთ, რუსებმა კი მორიგი წაგების შემდეგ თითქმის გაინაღდეს საკუთარ ქვეჯგუფში მეოთხე ადგილი.

E ჯგუფი
ჩეხეთი-რუსეთი 3:2
2:0, 0:1, 1:1
გოლები: 1:0 ვორაჩეკი-1 (როლინეკი-1, სკოულა-2), 2:0 იაგრი-2 (პლეკანეცი-1), 2:1 ტერეშჩენკო-1 (ატიუშოვი-2, რადულოვი-2), 3:1 პლეკანეცი-2 (ბულიტი), 3:2 ზარიპოვი-1 (კალინინი-2, ზინოვიევი-1).

რუსეთისთვის ჩეხეთთან მატჩს პრინციპული ხასიათი ჰქონდა. გარდა იმისა, რომ სატურნირო მდგომარეობა აიძულებდათ მოგებაზე თამაშს, ასევე რევანში იყო ასაღები შარშანდელი ფინალის წაგების გამო. ვიაჩესლავ
ბიკოვის შეგირდები იმედიანად იყვნენ, რადგან ოკეანის გაღმიდან სოლიდური შევსება მიიღეს - გუნდს შეუერთდა რუსული ჰოკეის მთავარი ვარსკვლავი ალექსანდრ ოვეჩკინი.

რუსების მწვრთნელმა "ვაშინგტონის" ფორვარდს უცნაური როლი მოუმზადა - რიცხობრივი უპირატესობისას ალექსს მცველის (!) პოზიციაზე უნდა ეთამაშა. ექსპერიმენტი სრული კრახით დასრულდა. სამაგიეროდ, პირველივე რიცხობრივი უპირატესობა კარგად გაითამაშეს ჩეხებმა - ვორაჩეკმა ანგარიში გახსნა. სულ მალე კი ლეგენდარულმა იარომირ იაგრმა ნახევარი მოედანი გაიარა და ეფექტური დარტყმით 2:0 გახადა ანგარიში.

რუსეთმა მესამე ცდიდან შეძლო რიცხობრივი უპირატესობის გამოყენება და ანგარიშის შემცირება, მატჩის გადამწყვეტი მომენტი კი მესამე პერიოდის მეოთხე წუთი იყო, როცა პლეკანეცი მეკარე ბარულინთან პირისპირ გავიდა, მასზე წესი დაირღვა და დაზარალებულმა ბულიტი გამოიყენა - 3:1.

სწორედ ეს შაიბა აღმოჩნდა გადამწყვეტი. მართალია რუსებმა ერთი გოლი გაქვითეს და ბოლოს შტურმიც მოაწყვეს, მაგრამ ჩეხეთი კვლავაც დარჩა ერთადერთ გუნდად ჩემპიონატზე, რომელსაც ჯერჯერობით ასპროცენტიანი მაჩვენებელი აქვს.

თ მ ო-მ წ ო-წ შ ქ
1. ჩეხეთი 4 4 0 0 0 14-5 12
2. ფინეთი 4 2 1 1 0 13-8 8
3. გერმანია 4 2 0 0 2 13-12 8
4. რუსეთი 4 2 0 2 0 10-11 6
5. დანია 4 0 1 3 0 8-18 2
6. სლოვაკეთი 4 0 0 4 0 9-13 0

F ჯგუფი
შვედეთი-შვეიცარია 2:0
0:0, 0:0, 2:0
გოლები: 1:0 ბეკლუნდი-1 (ს.კრონვალი-3), 2:0 ბეკლუნდი-2.

წინა წლებში ამ გუნდებმა უხვგოლიან მატჩებს მიგვაჩვიეს: ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მათ დაპირისპირებებში ხუთზე ნაკლები შაიბა არ გადიოდა. მაგრამ ამჯერად მაყურებელმა მხოლოდ ორი გოლი იხილა, თუმცა დარტყმების რაოდენობა დიდი იყო. ამ მხრივ შვეიცარიამ აჯობა ფავორიტს - 34:31, მაგრამ მაინც დამარცხებულმა დატოვა მოედანი. ეს არც იყო გასაკვირი, რადგან სკანდინავიელები 11 წელია არ აგებენ ალპიელთა ნაკრებთან.

უგოლო პირველი ორი პერიოდის შემდეგ გაიბრწყინა შვედური ჰოკეის ახალგაზრდა ვარსკვლავმა, "კალგარის" ფორვარდმა მიკაელ ბეკლუნდმა. მან ანგარიში ულამაზესი დარტყმით გახსნა, ბოლოს კი ცარიელი კარში გაიტანა, როცა უკანასკნელ წამებზე შვეიცარიამ შტურმის მოწყობა სცადა.

ამ წაგებით შვეიცარიამ პრაქტიკულად დაკარგა მეოთხედფინალში გასვლის შანსი. რთული წარმოსადგენია, რომ ბოლო ტურში ნორვეგიამ საფრანგეთთან წააგოს, ხოლო შვეიცარიელებმა შეკვეთით მოუგონ არაპროგნოზირებად ამერიკელებს.

თ მ ო-მ წ ო-წ შ ქ
1. შვედეთი 4 3 0 0 1 16-7 10
2. კანადა 4 2 2 0 0 20-9 10
3. აშშ 4 2 0 1 1 12-14 7
4. ნორვეგია 4 1 1 2 0 12-13 5
5. შვეიცარია 4 0 1 2 1 6-9 3
6. საფრანგეთი 4 0 0 3 1 3-17 1
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული