სამი ტრაგედია

AutoSharing Option
ორი დღის წინ, 34 წლის ასაკში გარდაიცვალა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყოფილი მოთამაშე რობერტ ტეილორი, რომელიც წელს მექსიკაში ასრულებდა აქტიურ სპორტულ კარიერას. ის შინ იმყოფებოდა და ტელეფონით მეუღლეს ელაპარაკებოდა, როცა კავშირი შეწყდა...

1998 წლის დრაფტზე ტეილორი "დალასმა" მეექვსე ნომრად აირჩია, რის შემდეგაც ის მაშინვე "მილუოკიში" გაცვალა დირკ ნოვიცკისა და პეტ გერიტის სანაცვლოდ. სულ NBA-ში პუერტორიკოელმა შვიდი სეზონი ჩაატარა - ორ-ორი "მილუოკისა" და "კლივლენდში" და სამი - "ნიუ ორლეანში".

2005 წელს რობერტმა აორტაზე ოპერაცია გადაიტანა, რის შემდეგაც დატოვა NBA. მან იტალიისა და
ესპანეთის მესამეხარისხოვან გუნდებში გააგრძელა კარიერა, ბოლოს კი პუერტო რიკოსა და მექსიკის ლიგებში გამოჩნდა.


* * *
ასევე მოქმედი ჰოკეისტი დაკარგა ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ. მინეაპოლისში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვნეს "ნიუ იორკ რეინჯერსის" 28 წლის ფორვარდი დერეკ ბუგარდი. სიკვდილის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

"დერეკი ძალიან კეთილი და მზრუნველი ადამიანი იყო, - ამბობს "რეინჯერსის" პრეზიდენტი და გენერალური მენეჯერი გლენ სატერი. - ის დააკლდება ყველას, ვინც მას იცნობდა".

ამ სეზონში ბუგარდმა 22 მატჩი ჩაატარა, 2 ქულა (1+1) დააგროვა და 45 საჯარიმო წუთი გამოიმუშავა.


* * *
კოლუმბიის ქალაქ მედელინში კი სპორტული ჩინოვნიკი სერხიო როდრიგეს ხარამილიო საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს. მასზე თავდასხმა შაბათს მოხდა. ინციდენტის შემდეგ როდრიგესი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ის გზაში გარდაიცვალა. პოლიცია ეჭვმიტანილებისა და მკვლელობის მოტივების ძიებაშია.

როდრიგეს ხარამილიო პეკინის ოლიმპიადაზე კოლუმბიის ოლიმპიურ კომიტეტს წარმოადგენდა. ის აგრეთვე მუშაობდა 1991 წლის პანამერიკული თამაშების ორგანიზებაზე, ხელმძღვანელობდა სქვოშის რეგიონალურ ფედერაციას....

მსგავსი ამბები კოლუმბიისთვის იშვიათობა არ არის. სულ ცოტა ხნის წინ ასეთივე ხელწერით გამოასალმეს სიცოცხლეს "ინდეპენდიენტე მედელინის" ფეხბურთელი ხუან გომეს რუა. ის თავისი ავტომობილით ქალაქ ლა-ესტრელიაში მიდიოდა, როცა მოტოციკლისტი დაეწია და ცეცხლი გახსნა. გომესი და მისი ძმა ადგილზევე დაიღუპნენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული