35 წლის წინ

AutoSharing Option
წელს 35 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც მსოფლიოს ჩემპიონატზე სტუმრობა დაიწყეს NHL-ის მოთამაშეებმა.

1976 - ჰოკეის ეროვნული ლიგის მოთამაშეებს გზა პლანეტის პირველობაზე აშშ-ის ნაკრებმა გაუხსნა. ამ გუნდის რიგებში "მინესოტა ნორდ სტარზის" სამი მოთამაშე ირიცხებოდა და კიდევ ოთხი - WHA-ის კლუბ "მინესოტა ფაიტინგ სენტსისგან". პირველად ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, იანკები ბოლო ადგილს გასცდნენ და მეოთხე პოზიციაზეც კი აღმოჩდნენ.

1977 - კანადა რვაწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა მსოფლიოს ჩემპიონატზე და თან NHL-ის 19 მოთამაშე იახლა, მათ შორის ლეგენდარული ძმები ესპოზიტოები. მაგრამ ეს საპრიზო
სამეულში შესასვლელადაც არ აღმოჩნდა საკმარისი. პირველი ოკეანისგაღმელი გამოჩნდა ფინეთში - მცველი რაუტაკალიო WHA-ის კლუბიდან.

1978 - პირველად NHL-დან დახმარებას მიმართა შვედეთის ნაკრებმა და მაშინვე მეოთხე ადგილამდე ჩამოქვეითდა. კანადელთა მთავარი ვარსკვლავი, ფორვარდი მარსელ დიონი NHL-ის პირველი მოთამაშე იყო, ვინც თავის ამპლუაში მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

1982 - პლეი ოფიდან "ედმონტონის" სენსაციურად გავარდნის შემდეგ კანადელებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე დიადი უეინ გრეტცკი წაიყვანეს. NHL-ის საუკეთესო ბომბარდირმა აქაც გაიბრწყინა - 14 ქულა დააგროვა, მათ შორის ხუთი ქულა შვედეთთან მესამე ადგილისთვის მატჩში.

1983 - ჩეხოსლოვაკიის რიგებში ითამაშა NHL-ის პირველმა ლეგიონერმა - მცველმა დვორჟაკმა.

1985 - ახალგაზრდა კანადელის - მარიო ლემიეს ორმა გოლმა ოქროს მედლის შანსი მოუსპო სსრკ-ის ნაკრებს. მცველი ჰიმერი გახდა გფრ-ის ნაკრების პირველი მოთამაშე ოკეანის გაღმიდან.

1987 - პირველად NHL-ის მოთამაშეები მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ: შვედებმა - სანდსტრიომმა, გუსტაფსონმა და ლოობმა შემტევი ტრიო შეადგინეს და "ტრე კრუნური" ოქროს მედლებამდე მიიყვანეს.

1990 - NHL-ის პირველი მოთამაშეები გამოჩდნენ სსრკ-ის შემადგენლობაში. ესენი იყვნენ ლეგენდარული ხუთეულის წევრები - ვიაჩესლავ ფეტისოვი და სერგეი მაკაროვი.

1995 - ლოკაუტის გამო მსოფლიოს ჩემპიონატზე NHL-დან მხოლოდ 10 მოთამაშე ვიხილეთ. 1994 წელს მათი რიცხვი 67-ს შეადგენდა, 1996 წელს - 68-ს. ფინელებმა "ლეგიონერების" გარეშე მოიპოვეს პირველი გამარჯვება მსოფლიოს ჩემპიონატზე.

2000 - NHL-ის 14-მა მოთამაშემ რუსეთის ნაკრებს მე-11 ადგილი მოუტანა, რაც ამ გუნდის ანტირეკორდი გახლავთ.

2005 - ისევე როგორც ათი წლის წინ, მსოფლიოს ჩემპიონატზე NHL-ის მოთამაშეების "შემოსევას" (2004 წელს 106 ჰოკეისტი) ლოკაუტი მოჰყვა.

2008 - ცამეტმა ნაკრებმა შეიყვანა განაცხადში NHL-ის ლეგიონერი, მათ შორის სლოვენიამ და საფრანგეთმა. სულ მათი რიცხვი 115-ს შეადგენდა.


რას იზამს ლეგენდა?
"დეტროიტ რედ უინგზი" მეოთხედფინალიდან გამოეთიშა პლეი ოფს და ახლა თავისი კაპიტნის გადაწყვეტილებას ელოდება. ნიკლას ლიდსტრიომი 41 წლისაა, თუმცა ასაკი ჯერჯერობით გავლენას ვერ ახდენს მის თამაშზე - ლეგენდარული შვედი კვლავინდებურად საიმედოა თავისი კარის სიახლოვეს და შედეგიანი შეტევების დროს. ამიტომაც არსებობს იმის საფუძველი, რომ ლიდსტრიომი კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივებს კარიერას.

"გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია. კიდევ გარკვეული დრო დამჭირდება ამისთვის. ჯერ გუნდთან ერთად შევაჯამებთ განვლილ სეზონს და შემდეგ გამოვაცხადებ საბოლოო გადაწყვეტილებას", - ამბობს ლიდსტრიომი.

"იმედი გვაქვს, რომ ის ჩვენთან ახალ კონტრაქტს ხელს მოაწერს. უახლოეს ორი-სამი კვირის განმავლობაში ვერაფერს შევიტყობთ, თუმცა ჩვენ პირველ ივლისამდე გვჭირდება საბოლოო პასუხი", - აღნიშნა "რედ უინგზის" გენერალურმა მენეჯერმა კენ ჰოლანდმა.

გულშემატკივრებისთვის სამწუხაროდ, ეს სეზონი, შესაძლოა, ბოლო აღმოჩნდეს სუპერვეტერანებისთვის - ნიკლას ლიდსტრიომისთვის, ტეემუ სელიანესა და მარკ რეკისთვის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული