ვანკუვერმა მოგებით დაიწყო

AutoSharing Option
ორი ღირსეული გუნდი არკვევს ურთიერთობას დასავლეთი კონფერენციის ფინალში. არც "ვანკუვერს" და არც "სან ხოსეს" არსებობის ისტორიაში სტენლის თასი არ მოუგია, ამიტომაც ამ სერიას ორივესთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

სერია 2010 წლის ზამთრის ოლიმპიადის დედაქალაქის - ვანკუვერის "როჯერს არენაზე" გაიხსნა. როგორც მოსალოდნელი იყო, სადებიუტო შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა.

პირველი პერიოდი თითქოს გოლის გარეშე უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ზედ პირველი შესვენების წინ ჯო ტორნტონმა აიღო ლუონგოს კარი. პაუზა აშკარად წაადგა მასპინძელთა გუნდს, რომელმაც მეორე პერიოდში ინიციატივა მოიპოვა და ანგარიში მაქს ლაპიერმა გაათანაბრა. კანადელებმა მეტის
გაკეთება ვერ შეძლეს, რაშიც დამნაშავე "სან ხოსეს" ბრწყინვალე მეკარე ანტი ნიემი იყო. სულ ფინელი იმ საღამოს 35 დარტყმას გადაეფარა.

მეკარის კარგი თამაში მის პარტნიორებსაც გადაედოთ, რომელთა მოქმედებას ისევ დაუბრუნდა დამაჯერებლობა. შედეგად პატრიკ მარლომ რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენა და შესვენებაზე გუნდები ისევ სტუმართა მინიმალური უპირატესობით გავიდნენ.
გადამწყვეტი აღმოჩნდა მესამე პერიოდი. თავდაპირველად სტატუს-ქვო აღადგინა კევინ ბიეკსამ. გამარჯვების შაიბა კი ჰენრიკ სედინმა ჩაიწერა აქტივში. კრისტიან ერჰოფმა შვედს შესანიშნავი პასი მისცა მეკარის საჯარიმოსთან, სედინმა ცრუმოძრაობით დააწვინა ყინულზე ნიემი და ცარიელ კარში შეაგდო შაიბა. კომბინაცია ძალიან ლამაზი გამოვიდა.

ამის შემდეგ შაიბა არც ერთ კარში აღარ გასულა და "ვანკუვერი" დაწინაურდა ამ ურთულეს სერიაში. შემდეგი მატჩი ხუთშაბათს, თბილისის დროით 5 საათზე კვლავ ვანკუვერის არენაზე გაიმართება.

დასავლეთი
ვანკუვერი-სან ხოსე 3:2
0:1, 1:1, 2:0
გოლები: 0:1 ტორნტონი-3, 1:1 ლაპიერი-1 (ჰანსენი-2, ტორესი-2), 1:2 მარლო-4 (ბოილი-10, ტორნტონი-10), 2:2 ბიეკსა-2 (ბაროუზი-5, ჰ. სედინი-9), 3:2 ჰ. სედინი-2 (ერჰოფი-8, კესლერი-11).
სერია: 1-0
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული