შინ პირველი მატჩის წაგების შემდეგ "ბოსტონს" უკან დასახევი გზა მოჭრილი ჰქონდა, არადა, მეტოქე ბრწყინვალე ფორმაში შევიდა - "ტამპას" პლეი ოფში ზედიზედ რვა მატჩი ჰქონდა მოგებული.
თუმცა "ლაითნინგმა" ზედიზედ მეცხრე გამარჯვება ვერ მოახერხა, არადა, სტუმრებისთვის ყველაფერი კარგად დაიწყო - მე-13 წამზე ადამ ჰოლი კარის უკან ბარიერზე ასხლეტილ შაიბას დაუდარაჯდა და ანგარიში გახსნა.
"ბოსტონმა" პირველ შესვენებამდე 6
შესვენებამ მასპინძლებზე ძალიან კარგად იმოქმედა. შარშანდელი დრაფტის მეორე ნომერმა ტაილერ სეგუინმა ბრწყინვალე სოლო გარღვევის შემდეგ შანსი არ დაუტოვა დუეინ როლოსონს, ხოლო სულ მალე დენის საიდენბერგმა ბრწყინვალე პასი მიაწოდა დევიდ კრეისის და ჩეხმა "ბოსტონი" წინ გაიყვანა. როლოსონი "ტამპას" ვერ შველიდა, სამაგიეროდ, შესანიშნავად გამოიყურებოდა მასპინძლების მეკარე ტიმ ტომასი.
სტუმრების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ ნაადრევად დანებება არ ისურვეს, მიუხედავად იმისა, რომ სეგუინმა დუბლი შეასრულა და თავისიანები ორი შაიბით გაიყვანა წინ. "ტამპას" კაპიტანმა ვენსან ლეკავალიემ გამოიყენა რიცხობრივი უპირატესობა და სხვაობა ისევ მინიმალური გახდა.
მაგრამ "ლაითნინგის" ჰოკეისტებმა მეორე პერიოდში სეგუინის გარდა კიდევ ერთ ჰოკეისტს ვერ "მოუარეს" - მაიკლ რაიდერმა დუბლი შეასრულა. როლოსონმა ისევ ვერ გადაარჩინა თავისი გუნდი და მესამე პერიოდში მაიკ სმიტს დაუთმო ადგილი.
როლოსონის შემცვლელმა თავისი სამუშაო "ხუთიანზე" შეასრულა. ბოლო 20 წუთში "ბოსტონის" შედეგიანი შეტევა აღარ გვინახავს, სტუმრებმა კი ორჯერ აიღეს "ბოსტონის" კარი. თავიდან სტივენ სტემკოსმა გამოიჩინა თავი, შემდეგ კი "ბრუინზის" კარში კურიოზული გოლი გავიდა. ლეკავალიეს დარტყმის შემდეგ შაიბა ჯერ ერთ ძელს მოხვდა, კარის ხაზზე გაცურდა და მეორე ძელს შეეხო, მაგრამ კარში მაინც არ შევიდა. მეკარის საჯარიმოსთან შექმნილ ქაოსში ყველაზე მოხერხებული დომინიკ მური აღმოჩნდა და მან 6:5 გახადა ანგარიში.
"ტამპას" მატჩის გადასარჩენად დრო საკმარისი ჰქონდა, ბოლოს მეკარეც მოხსნა და წინა ხაზის მეექვსე მოთამაშე აამოქმედა, მაგრამ ტიმ ტომასის ბრწყინვალე თამაშს ვერაფერი მოუხერხა. ახლა, სერია "ტამპას" მოედანზე ორი მატჩით გაგრძელდება.
ბოსტონი-ტამპა ბეი 6:5
1:2, 5:1, 0:2
გოლები: 0:1 ა. ჰოლი-1 (ლეკავალიე-8, ტომპსონი-3), 1:1 ჰორტონი-6 (საიდენბერგი-6, ტ. კაბერლე-4), 1:2 სენტ ლუისი-7 (სტემკოსი-3, ლეკავალიე-9), 2:2 სეგუინი-2 (რაიდერი-5), 3:2 კრეისი-6 (საიდენბერგი-7, ჰორტონი-6), 4:2 სეგუინი-3 (ჰორტონი-7, მაკუეიდი-4), 4:3 ლეკავალიე-6 (სენტ ლუისი-9, სტემკოსი-4), 5:3 რაიდერი-3 (სეგუინი-2, ტ. კაბერლე-5), 6:3 რაიდერი-4 (კ. კელი-4, სეგუინი-3), 6:4 სტემკოსი-5 (ჰედმანი-5, ა. ჰოლი-4), 6:5 მური-3 (ლეკავალიე-10, ბერგენჰაიმი-2).
სერია: 1-1