ზვიგენების ნოკდაუნი

AutoSharing Option
პირველ მატჩში ღირსეულად წაგების შემდეგ "სან ხოსემ" აშკარად ჩააგდო "ვანკუვერთან" სერიის მეორე შეხვედრა. სტუმრებმა პერიოდნახევარი გაძლეს, როცა კანადელთა უპირატესობა მინიმალური იყო. ამის შემდეგ რაც მოხდა, ეს "ზვიგენებისთვის" სრული კატასტროფა აღმოჩნდა.

მატჩში ანგარიშის გახსნა სტუმრებმა მოახერხეს - ლოგან კუტურმა დასაჯა მეტოქე უხეშობისთვის და რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენა.
ალენ ვინიოს შეგირდებმა პირველი პერიოდის შუაში გაათანაბრეს ანგარიში. ამჯერად ზედმეტი მოთამაშე დანიელ სედინმა გაითამაშა, რომელმაც დენი ჰამჰუისისა და თავისი ძმის - ჰენრიკის გათამაშებული კომბინაცია დაასრულა. ჰამჰუისი და ჰენრიკ სედინი საუკეთესონი იყვნენ შედეგიანი პასების რაოდენობით.

ზუსტად
ერთ წუთში მასპინძელთა გუნდი წინ გასვლას ზეიმობდა. კრისტიან ერჰოფმა უხერხული სიტუაციიდან უზუსტესი პასი მიაწოდა რაფი ტორესს, რომელსაც ისღა დარჩენოდა, უბრალოდ ყვანჯი დაეხვედრებინა შაიბისთვის. თუმცა პირველ შესვენებაზე "ვანკუვერი" მაინც ვერ გავიდა ლიდერის რანგში - ამის გაკეთების საშუალება პატრიკ მარლომ არ მისცა. "სან ხოსემ" ამჯერადაც შესანიშნავად გამოიყენა რიცხობრივი უპირატესობა.

ამის შემდეგ ყველაზე საინტერესო დაიწყო. მეორე პერიოდის პირველ ათ წუთში "შარქსმა" გაუძლო "კენაქსის" შტურმს, მაგრამ თანდათანობით "სან ხოსეს" სათამაშო მექანიზმი მოიშალა.

თავდაპირველად საქმეს კევინ ბიეკსამ მიხედა, რომელმაც "გორდი ჰოუს ჰეთ-თრიკი" გაიფორმა: კანადელმა შაიბა გაიტანა, საგოლე პასი შეასრულა და პატრიკ მარლოსთან იჩხუბა - მეტოქე ფორვარდი ყოველგვარი გართულების გარეშე გააკრა ყინულს.

"შარქსის" მეკარე ანტი ნიემი უსაქმოდ ერთი წუთითაც არ ყოფილა და ხანდახან ისეთ "სეივებს" გვთავაზობდა, რომ აღფთოვანებაში მოჰყავდა მაყურებელი. სწორედ ფინელი გოლკიპერის ოსტატობამ არ მისცა "ვანკუვერს" იმის საშუალება, რომ უკვე მეორე პერიოდში მოამთავრებინა საქმე.

მესამე 20-წუთეულში კი ნიემიმაც ვეღარ გაძლო. "სან ხოსეს" შემადგენლობაში ზედიზედ ორი გაძევება კალიფორნიელებს ორ გაშვებულ გოლად დაუჯდათ. თავიდან კრისტოფერ ჰიგინსმა გაიტანა, შემდეგ კი დანიელ სედინმა გაიფორმა დუბლი. სტუმრების განადგურება აარონ რომმა და მეისონ რეიმონდმა დაასრულეს. სტუმრებში პრესტიჟის მესამე შაიბა ბენ იგერმა შეაგდო, რომელიც ამ მატჩში ხუთჯერ გააძევეს მოედნიდან.

რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულმა სერიოზული ფორა მიიღო სან ხოსეში გასამართი ორი მატჩის წინ. თუ იქ ერთს მაინც მოიგებენ, სერიის ბედი თითქმის გადაწყვეტილი იქნება.

დასავლეთი
ვანკუვერი-სან ხოსე 7:3
2:2, 1:0, 4:1
გოლები: 0:1 კუტური-7 (ჰიტლი-6, ი. უაიტი-7), 1:1 დ. სედინი-7 (ჰ. სედინი-10, ჰამჰუისი-3), 2:1 ტორესი-2 (ერჰოფი-9, ჰანსენი-3), 2:2 მარლო-5 (ჯ. ტორნტონი-11, დ. ბოილი-11), 3:2 ბიეკსა-3 (ჰიგინსი-2, ჰამჰუისი-4), 4:2 ჰიგინსი-4 (რეიმონდი-5, ბიეკსა-4), 5:2 დ. სედინი-8 (ჰ. სედინი-11, ედლერი-5), 6:2 რომი-1 (ბაროუზი-6, ჰ. სედინი-12), 7:2 რეიმონდი-2 (ჰიგინსი-3, ჰამჰუისი-5), 7:3 იგერი-1 (პაველსკი-3, ვლასიჩი-2).
სერია: 2-0
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული