სედინების შოუ

AutoSharing Option
"ვანკუვერი" სერიოზული დანაკლისით შეხვდა სერიის მეოთხე მატჩს. "სან ხოსეს" ფორვარდმა ჯეიმი მაკგინმა წინა შეხვედრაში მწყობრიდან გამოიყვანა კანადელთა ორი მცველი - კრისტიან ერჰოფი და აარონ როუმი. "ვანკუვერისთვის" საბედნიეროდ, მას გრძელი სათადარიგოთა სკამი აქვს და დაშავებულთა ადგილი კიტ ბალარდმა და ახალგაზრდა კრის ტანევმა დაიკავეს - ეს უკანასკნელი პირველად თამაშობდა პლეი ოფში.

ცნობილია, რომ "სან ხოსე" ძალიან კარგად იყენებს რიცხობრივ უპირატესობას, ამიტომაც მატჩის წინ "კენაქსის" მწვრთნელმა ალან ვინიომ თავის შეგირდებს უხეშობისგან თავის შეკავება სთხოვა. მიუხედავად ამისა, მარტო პირველ მეოთხედში სტუმრები ოთხჯერ დარჩნენ ყინულზე
კაცნაკლულები, მაგრამ "ზვიგენებმა" არათუ ვერ გამოიყენეს ეს უპირატესობა, არამედ თითქმის ვერ დაარტყეს ლუონგოს კარის მიმართულებით.

მეორე პერიოდის დასაწყისში "შარქსმა" ზედიზედ მეხუთედ მიიღო რიცხობივი უპირატესობა და ზედიზედ მეხუთედ "ვანკუვერმა" დამაჯერებლად შეინარჩუნა საყაიმო ანგარიში. ამის შემდეგ სტუმრებმა დამაჯერებლობა იგრძნეს და თამაში მათი ინიციატივით გაგრძელდა.

ამაში "ვანკუვერს" მეტოქეც დაეხმარა - "სან ხოსეს" პირველად უძევებენ მოთამაშეს (ჰიტლი). ამ მომენტიდან ერთი წუთი გავიდა და მასპინძლები სამი კაცით რჩებიან ყინულზე (ორი წუთით "დაასვენეს" მიტჩელი). "ვანკუვერმა" მოიგო ჩაგდება, შაიბა ერთი ფლანგიდან მეორეზე გადაიტანა და კესლერმა ახლო კუთხეში ზუსტად დაარტყა.

ერთ-ერთი გაგდებული - დენი ჰიტლი დაბრუნდა მოედანზე, "სან ხოსემ" გააგრძელა უმცირესობაში თამაში და იქვე რაიან ქლოუ დაჯარიმდა. ისევ ორკაციანი უპირატესობა, ისევ მოგებული ჩაგდება და სამი სალომ 2:0 გახადა ანგარიში! ამასობაში, მიტჩელი ბრუნდება ყინულზე და "ზვიგენები" ცდილობენ ოთხი კაცით გაძლონ, მაგრამ დუგლას მიურეიმ შეგნებულად გადააგდო ტრიბუნებზე შაიბა. თამაშის შეჩერების გამო მასაც საჯარიმო სკამისკენ მიუთითეს. "ვანკუვერს" კვლავ ორი კაცით მეტი ჰოკეისტი ჰყავდა მოედანზე და სამი სალოს კიდევ ერთმა ბრწყინვალე დარტყმამ კანადელებს სამშაიბიანი უპირატესობა მოუტანა - 3:0!

დაახლოებით ორწუთიანი (უფრო ნაკლები) ინტერვალით "კენაქსმა" სამი გოლი გაიტანა, სალომ და ჰენრიკ სედინმა სამ-სამი ქულა მიითვალეს, დანიელ სედინის ანგარიშზე კი ორი ქულა იყო. ამ ბედნიერებისთვის სტუმრებს სულ ოთხი დარტყმის შესრულება დასჭირდათ.

ბოლო პერიოდში "ვანკუვერმა" მეტოქეს თამაშის შემობრუნების შანსი არ დაუტოვა - არც გაძევება ყოფილა, არც საკუთარ ზონაში შეცდომა, არც "ზვიგენების" კონტრშეტევა. სტარტზე სტუმრებმა მშვიდად დაიცვეს თავი და შემდეგ ულამაზესი კონტრიერიში განახორციელეს - ჰენრიკ სედინი მარჯვენა ფლანგიდან შევიდა მეტოქის ზონაში, კარიდან გამოიტყუა ანტი ნიემი, ფეხებსშუა გაუძვრინა შაიბა, რომელიც ცარიელ კარში ბაროუზმა შეაგდო.

ბოლოსკენ ადგილობრივმა გულშემატკივრებმაც გაიხარეს, როცა 24 წლის ენდრიუ დეჟარდენმა პლეი ოფში პირველი შაიბა გაიტანა. ამის შემდეგ "სან ხოსემ" ხუთი წუთი მეტოქის ზონაში გაატარა, ბევრი შანსიც მიიღო, მაგრამ ლუონგო ბრწყინვალედ თამაშობდა.

მასპინძლების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ დანებება არც უფიქრიათ - მათ მოიგერიეს მორიგი რიცხობრივი უმცირესობა და იქვე მეორე გოლიც გაიტანეს (ქლოუმ კუტურის იდეალური პასი გამოიყენა). "ზვიგენების" მწვრთნელი მაქსიმალურ რისკზე წავიდა, საფინალო სირენამდე ორწუთნახევრით ადრე მეკარე წინა ხაზის მეექვსე მოთამაშით შეცვალა. "ვანკუვერმა" გაუძლო ამ უდიდეს ზეწოლას და სერიაში მესამე მატჩი მოიგო.

რა თქმა უნდა, აღვნიშნავთ ძმები სედინების ბრწყინვალე თამაშს, რომლებმაც ერთად შვიდი ქულა დააგროვეს. რაც ყველაზე საოცარია, "ვანკუვერმა" მოიგო შეხვედრა, რომელშიც მხოლოდ 13 (!) ზუსტი დარტყმა შეასრულა.

დასავლეთი
სან ხოსე-ვანკუვერი 2:4
0:0, 0:3, 2:1
გოლები: 0:1 კესლერი-6 (სალო-1, ჰ. სედინი-14), 0:2 სალო-2 (ჰ. სედინი-15, დ. სედინი-5), 0:3 სალო-3 (ჰ. სედინი-16, დ. სედინი-6), 0:4 ბაროუზი-6 (ჰ. სედინი-17, დ. სედინი-7), 1:4 დეჟარდენი-1 (ჰასკინსი-1, მაკგინი-1), 2:4 ქლოუ-6 (კუტური-7, მარლო-5).
სერია: 1-3
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული