ერთი ნაბიჯი ფინალამდე

AutoSharing Option
წინა მატჩის 0:3-დან მოგების შემდეგ "ტამპა" მშვენიერ ხასიათზე გაემგზავრა ბოსტონში სათამაშოდ და ამაღლებული განწყობით გავიდა მოედანზე. თუმცა "ლაითნინგს" ღირსეული მეტოქე ჰყავს, რომლის გეგმებში არ შედიოდა ზედიზედ მეორე მარცხი.

მეოთხე მატჩისგან განსხვავებით, ამჯერად შედეგიანობა მოიკოჭლებდა, მიუხედავად ამისა, დაძაბულობა და სანახაობრივი მხარე ამ დუელს არ აკლდა. მით უმეტეს, რომ შეხვედრას ინტრიგა პირველივე წუთებიდან გაუჩნდა, როცა სტივენ სტემკოსი და საიმონ განიე ერთი მცველის წინააღმდეგ გავიდნენ და კლასიკურ სტილში გაითამაშეს საგოლე კომბინაცია. თვით ბრწყინვალე ფორმაში მყოფმა მეკარემ ტიმ ტომასმაც ვერაფერი მოუხერხა "ტამპას" ამ შეტევას
- 0:1.

როგორც შემდეგ გაირკვა, ეს გოლი პირველი და ბოლო იყო "ლაითნინგისთვის" ამ მატჩში. დარჩენილ დროში მხოლოდ მასპინძლები იტანდნენ. პირველად თავი ნათან ჰორტონმა გაემოიჩინა, ვინც კინაღამ გახია მაიკ სმიტის კარის ბადე. რომელიმე მცველი ამ შაიბას რომ გადაღობებოდა, ტრავმა გარანტირებული ექნებოდა.

პირველ შესვენებაზე გუნდები საყაიმო ანგარიშით გავიდნენ, მეორეში კი "ბოსტონმა" მოახერხა წინ გასვლა და მეორე 20-წუთეულის თავის სასარგებლოდ დასრულება. პატრის ბერჟერონმა, რომელიც საბოლოოდ გამოკეთდა მძიმე ტრავმისგან, ულამაზესი პასი მიაწოდა კართან ახლოს მყოფ ბრედ მარშანს. ამ უკანასკნელს მხოლოდ შაიბისთვის ყვანჯის დახვედრება ევალებოდა.

ბოლო პერიოდი კი "ბოსტონის" მეკარის ტიმ ტომასის ბენეფისად იქცა. მთელი მატჩის განმავლობაში 33 დარტყმა მოიგერია, მესამე პერიოდში კი, შესაძლოა, წლის სეივი განახორციელა - სტივ დაუნი უკანა ბარიერიდან ასხლეტილ შაიბას დაუდარაჯდა და თითქმის ასპროცენტიანი დარტყმა შეასრულა, მაგრამ ტომასმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამ სეზონში ის შეუდარელებია.

მეკარის მეექვსე მოთამაშით შეცვლა გი ბუშემ საფინალო სირენამდე წუთით ადრე გადაწყვიტა, როცა "ტამპას" მწვრთნელს სხვა გამოსავალი აღარ რჩებოდა. რისკმა არ გაამართლა - რიკ პევერლიმ უპრობლემოდ აიღო ცარიელი კარი - 3:1.

ასე მოახდინა წინა მატჩში წაგებისთვის რეაბილიტაცია "ბოსტონმა" და დაწინაურდა სერიაში - 3:2. მაგრამ "ტამპამ" ბევრჯერ დაამტკიცა, რომ არც ერთ ვითარებაში არ ნებდება, ამიტომაც ფლორიდებები ბოლომდე იბრძოლებენ.

ბოსტონი-ტამპა ბეი 3:1
1:1, 1:0, 1:0
გოლები: 0:1 საიმონ განიე-5 (სტემკოსი-5), 1:1 ჰორტონი-7 (ლუჩიჩი-5, კრეისი-6), 2:1 მარშანი-6 (პ. ბერჟერონი-11, ხარა-3), 3:1 პევერლი-2 (კელი-7).
სერია: 3-2
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული