არის პირველი ფინალისტი

AutoSharing Option
ობიექტურად თუ ვიმსჯელებთ, "ვანკუვერ კენაქსი" რეგულარულ ჩემპიონატსა და პლეი ოფში ნაჩვენები თამაშის გათვალისწინებით, მთლიანად იმსახურებდა სტენლის თასის ფინალში გასვლას. კანადურ კლუბს დიდი ხანია ასეთი ღირსეული შემადგენლობა არ ჰყოლია.

"ვანკუვერს" თავისი არსებობის ისტორიაში სტენლის თასი არასოდეს მოუგია. ეს ისტორია 1970 წლიდან იღებს სათავეს. გუშინდელი მატჩის ბედი კევინ ბიექსას სასწაულმა გოლმა გადაწყვიტა, რის შემდეგაც ბევრმა გაიხსენა 1994 წელი. მაშინ გრეგ ადამსის გოლმა "კენაქსს" "ტორონტოსთან" სერია მოაგებინა და პეტ ქუინის ბრწყინვალე გუნდი, რომლის რიგებშიც ბრწყინავდნენ მეკარე კირკ მაკლინი, ფორვარდები პაველ ბურე და ტრევორ
ლინდენი, ფინალში გავიდა, მაგრამ იქ მრისხანე "ნიუ იორკ რეინჯერსთან" დამარცხდა.

შესაძლოა, ნავსი წელს გატეხონ, ოღონდ ამჯერად არა "რეინჯერსს", არამედ "ბოსტონისა" და "ტამპა ბეის" წყვილში გამარჯვებულს შეხვდებიან. ამ სერიაში ურთიერთობა ჯერ კიდევ გრძელდება.

გუშინდელ მატჩში მთავარი მოვლენები მესამე პერიოდში განვითარდა. 1:1-ზე ინდივიდუალურად გაიბრწყინა ჯო პაველსკიმ, რომელმაც ჰენრიკ სედინს შეცდომა დააშვებინა და მეკარისკენ დაიძრა. ამ ეპიზოდში ვერც ლუონგომ იყოჩაღა - მან უაზროდ დატოვა კარი, პაველსკის ხელი ვერ შეუშალა და ამ უკანასკნელის პასით ცარიელ კარში დევინ სეტოგუჩიმ გაიტანა - 1:2.

"სან ხოსესთვის" სასურველი ანგარიში თითქმის მატჩის ბოლომდე შენარჩუნდა. "ზვიგენები" "კენაქსის" გამუდმებულ შეტევებს იგერიებდნენ, თუმცა თავადაც არაერთ მომენტს ქმნიდნენ. საბოლოოდ, მოხდა ის, რამაც სტუმრებს ნამდვილი შოკი მოჰგვარა.

საფინალო სირენამდე 14 წამი რჩებოდა, როცა გაიბრწყინა ბოლო მატჩებში შეუჩერებლმა რაიან კესლერმა. მეორე ტაიმში ტრავმის მიღების მიუხედავად, გულადი ამერიკელი ყინულზე დაბრუნდა და უდიდესი როლი ითამაშა მატჩისა და სერიის საბოლოო შედეგზე. ჰენრიკ სედინმა ნიემის კარის მიმართულებით გაუშვა შაიბა, კესლერმა ბოლომდე იბრძოლა, მოახერხა შაიბისთვის ყვანჯის დახვედრება და ანგარიში გათანაბრდა - 2:2.

"შარქსისთვის" ეს ჯერ ნოკდაუნი იყო, ნოკაუტი შემდეგ მოხდა - მეორე ოვერტაიმში. ალექსანდრ ედლერმა ტრიბუნების დამცავ შუშას მოარტყა შაიბა, რომელიც უცნაური რიკოშეტით პირდაპირ კევინ ბიეკსას მიუვიდა. მცველმა დაუმუშავებლად დაარტყა, თანაც ისეთი ძალით, რომ დეზორიენტირებული ნიემი არც კი განძრეულა.

"სან ხოსე" გამოეთხოვა არსებობის ისტორიაში პირველი ტიტულის მოპოვების შანსს, "ვანკუვერმა" კი სტენლის თასისკენ მორიგი დიდი ნაბიჯი გადადგა. კანადელებს წინ მთავარი მატჩები ელით, მანამდე კი დასვენების საშუალება აქვთ - იქამდე, სანამ "ბოსტონისა" და "ტამპა ბეის" სერია არ მორჩება. იქ ანგარიში 3:2-ია "დათვების" სასარგებლოდ.

ვანკუვერი-სან ხოსე 3:2 (2ო)
1:0, 0:1, 1:1, 0:0, 1:0
გოლები: 1:0 ბაროუზი-7 (ჰ. სედინი-18, დ. სედინი-8), 1:1 მარლო-8 (ბოილი-13, პაველსკი-4), 1:2 სეტოგუჩი-7 (პაველსკი-5, ჰასკინსი-1), 2:2 კესლერი-7 (ჰ. სედინი-19, ედლერი-6), 3:2 ბიეკსა-5 (ედლერი-7, ბაროუზი-7).
სერია: 4-1
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული