მეშვიდე მატჩი დათვებისაა

AutoSharing Option
ნებისმიერ დონეზე პლეი ოფის სერიის მეშვიდე მატჩი გამორჩეული მოვლენაა, რომელსაც ჰოკეის ეროვნულ ლიგაში "ერთი მატჩის სერიასაც" კი უწოდებენ. აქ ერთი შეცდომის ფასი განსაკუთრებულია, რადგან, შესაძლოა, სიტუაციის გამოსწორებისთვის უბრალოდ დრო არ დაგრჩეს. სწორედ ასეთი სურათი მივიღეთ აღმოსავლეთის ფინალის მეშვიდე მატჩში, რომელშიც "ბოსტონმა" "ტამპა ბეის" უმასპინძლა.

თამაში არანორმალურ ტემპში დაიწყო. თავიდან მაყურებელმა საინტერესო და შემტევი ჰოკეი იხილა და ლაპარაკი არ ყოფილა ტაქტიკურ ბრძოლებსა და მხოლოდ საკუთარი კარის უსაფრთხოებისთვის ზრუნვაზე. სადღაც მეათე წუთისთვის გამოიკვეთა "ბოსტონის" უპირატესობა. "ტამპას" მეკარე როლოსონი შველოდა, რომელსაც, სხვათა შორის,
თავის ხანგრძლივ კარიერაში არასოდეს წაეგო პლეი ოფის სერიის გადამწყვეტი მატჩი. ერთ მომენტი ვეტერანმა ბრწყინვალე ოსტატობა გამოავლინა, როცა ლუჩიჩის ერთ ერთზე გასვლისას გადაარჩინა თავისი გუნდი.

მეორე პერიოდი ასევე "ბოსტონის" ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა - მართალია, როლოსონის კართან ბევრი მომენტი არ იქმნებოდა, მაგრამ მუდმივად იგრძნობოდა მასპინძელთა ზეწოლა. პერიოდის სტარტზე ცხვირის სერიოზული ტრავმა მიიღო სტივენ სტემკოსმა - შორეული დარტყმის შემდეგ სახეში მოხვდა შაიბა. დაახლოებით 10 წუთის შემდეგ "ტამპას" სნაიპერი დამცავი ნიღბით დაბრუნდა მოედანზე, მაგრამ ეტყობოდა, რომ სუნთქვა უჭირდა. ამან მის თამაშს დაღი დაასვა.

პერიოდის შუაში მასპინძლების ზეწოლამ რამდენიმე საგოლე შანსი მოიტანა. კრეისის მარჯვნიდან შესვლა როლოსონმა უვნებელყო, სეგუინმა ახლოდან ააცილა... უნდა აღინიშნოს, რომ მეტოქეები ყველანაირად ცდილობდნენ "ტამპას" მეკარის წყობიდან გამოყვანას. მაგალითად, კარის სიახლოვეს მყოფმა პატრის ბერჟერონმა პროფილაქტიკისთვის რამდენჯერმე თავში ჩაარტყმა ყვანჯი როლოსონს.

მესამე პერიოდის დასაწყისში "ბოსტონმა" მაქსიმალური ტემპი აკრიფა. "ტამპა" მშვიდად და ყოველგვარი პანიკის გარეშე იგერიებდა შტურმს, თუმცა კონტრშეტევისთვის სულ უფრო ნაკლები შანსი რჩებოდა. როლოსონმა მარშანისა და პევერლის სახიფათო დარტყმები მოიგერია, იოლად დაიჭირა ლუჩიჩის ახლოდან დარტყმული... თუმცა ასე დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა. თამაშის ბედი პერიოდის მე-13 წუთზე გადაწყდა, როცა კრეისი მარცხენა ფლანგიდან შევიდა მეტოქის ზონაში, ოსტატური პაუზა გააკეთა, პარტნიორის გახსნას დაელოდა და უზუსტესი დიაგონალური პასით გაატანინა ნათან ჰორტონს.

ერთშაიბიანი დეფიციტი ნამდვილ უფსკრულად ჩანდა, რადგან ეს იმ ხასიათის მატჩი იყო, სადაც ყველაფერს ერთი შეცდომა წყვეტს. რა თქმა უნდა, "ტამპამ" სცადა საფინალო შტურმის მოწყობა, მეკარეც შეცვალა წინა ხაზის მეექვსე მოთამაშით, მაგრამ ასეთი დაძაბული მატჩის გადარჩენა შეუძლებელი იყო. საბოლოოდ, ერთადერთი შაიბის წყალობით "ბოსტონმა" პირველად ბოლო 21 წლის განმავლობაში სტენლის თასის ფინალში თამაში გაიფორმა.

"ვანკუვერი"-"ბოსტონი" - ასეთია სტენლის თასის წლევანდელი ფინალი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სეზონის მთავარ პრიზს თავს ზემოთ ევროპელი კაპიტანი აღმართავს - ან ბოსტონელი ზდენო ხარა ან ვანკუვერელი ჰენრიკ სედინი. ასეთი რამ NHL-ის ისტორიაში არ ყოფილა.

ბოსტონი-ტამპა ბეი 1:0
0:0, 0:0, 1:0
გოლი: 1:0 ჰორტონი-8 (კრეისი-7, ფერენსი-5).
სერია: 4-3

ფინალი
1 ივნისი. ვანკუვერი-ბოსტონი
4 ივნისი. ვანკუვერი-ბოსტონი
6 ივნისი. ბოსტონი-ვანკუვერი
8 ივნისი. ბოსტონი-ვანკუვერი
10 ივნისი. ვანკუვერი-ბოსტონი*
13 ივნისი. ბოსტონი-ვანკუვერი*
15 ივნისი. ვანკუვერი-ბოსტონი*
* - საჭიროების შემთხვევაში
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული