ოფიციალურად: ”ატლანტა” ვინიპეგში გადავიდა

AutoSharing Option
ჰოკეის ეროვნული ლიგის რუქაზე მეშვიდე კანადური კლუბი გაჩნდა. როგორც მოსალოდნელი იყო, NHL-ის კლუბ "ატლანტა ტრეშერზის" მფლობელები მოელაპარაკნენ ჯგუფ True North-ს, რომელიც ქალაქ ვინიპეგს წარმოადგენს. გარიგება 170 მილიონ დოლარად არის შეფასებული. ამ თანხიდან 110 მილიონს მიიღებენ "ტრეშერზის" აწ უკვე ყოფილი მფლობელები, კიდევ 60 მილიონი NHL-ის ანგარიშზე გადაირიცხება - ეს იქნება კლუბის ერთი ქალაქიდან მეორეში გადაბარგების საფასური.

თავის მხრივ, ჰოკეის ეროვნული ლიგა კლუბების მფლობელთა შორის ხმის მიცემის პროცედურას ჩაატარებს. აქ ვინიპეგს 30-დან მინიმუმ 22 ხმის მიღება დასჭირდება გარიგების ოფიციალურად გასაფორმებლად. თუმცა ეს
ფორმალობაა, რადგან კლუბების უმრავლესობამ წინასწარვე დაუჭირა მხარი NHL-ში ფინანსურად საიმედო პარტნიორის გამოჩენას.

ახალი გუნდი ვინიპეგის არენა MTS Centre-ში ითამაშებს, რომელიც 15 015 მაყურებელს იტევს. რაც შეეხება კლუბის სახელწოდებას, ის ჯერ შერჩეული არ არის, თუმცა წინასწარი ცნობით, "ატლანტა ტრეშერზი" "მანიტობა ჯეტსი" გახდება. მომავალ სეზონში გუნდი "ატლანტას" ადგილს დაიკავებს სამხრეთ-აღმოსავლეთის კონფერენციაში.
ყველა მოთამაშის, მწვრთნელებისა და მენეჯმენტის წევრთა კონტრაქტები ამიერიდან ახალ კლუბს ეკუთვნის. დღეს ვინიპეგში გაიმართება პრესკონფერენცია, სადაც ახალი მფლობელები ერთი ქალაქიდან მეორეში გადასვლის ყველა დეტალს გაამჟღვანებენ.

* * *
ცნობილია, რომ NHL-ის ორი კლუბი - "დეტროიტი" და "კოლამბუსი" იმ ქალაქებში თამაშობენ, რომლებიც ამერიკის აღმოსავლეთ სარტყელში მდებარეობენ, თუმცა კლუბები იძულებულნი არიან დასავლეთის კონფერენციაში ითამაშონ.

ეს გარკვეულ სირთულეებს წარმოქმნის როგორც მოთამაშეებისთვის, ასევე ტელემაყურებლებისთვის. ჰოკეისტებს ქალაქებს შორის დიდი მანძილის დაფარვა უწევთ, მაყურებელს კი მატჩების არაკომფორტულ დროში ყურება.

გარდა ამისა, "დეტროიტი" ეგრეთ წოდებული "დიდი ექვსეულის" წევრია და უნდა აღმოსავლეთში გადავიდეს, რათა უფრო ხშირად შეხვდეს ამ ექვსეულის სხვა წევრებს - "რეინჯერსს", "ტორონტოს", "მონრეალსა" და "ბოსტონს".

"რედ უინგზის" გენერალურმა მენეჯერმა კენ ჰოლანდმა დაადასტურა კლუბის მხრიდან კონფერენციის შეცვლის სურვილი, თუმცა დაამატა, რომ NHL-ს ამის გამო არ შეხმიანებია.

"ატლანტას" ვინიპეგში გადასვლით "დეტროიტს" მართლაც გაუჩნდება აღმოსავლეთში გადაბარგების საშუალება, მაგრამ ეს 2012-13 წლების სეზონამდე ადრე არ მოხდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული