გაბრაზებული დათვები

AutoSharing Option
გადამწყვეტი სერიის მესამე მატჩი არა მარტო ფინალის, არამედ მთლიანად პლეი ოფის ყველაზე სანახაობრივი დაპირისპირება გამოვიდა. ბოსტონელმა გულშემატკივრებმა ნამდვილი ჯოჯოხეთი დაახვედრეს "ვანკუვერის" ჰოკეისტებს.

ფანები ერთი წამით არ გაჩუმებულან. მათ მხოლოდ ერთხელ შეწყვიტეს ყვირილი, როცა პირველი პერიოდის მეექვსე წუთზე სტუმრების მცველ რომთან შეჯახებისას მძიმე ტრავმა მიიღო "ბოსტონის" ფორვარდმა და ამ პლეი ოფში გამარჯვების გოლების სპეციალისტმა ნათან ჰორტონმა. ექიმები დიდი ხანი დასტრიალებდნენ თავს მასპინძელთა თავდამსხმელს და ბოლოს ის საკაცით გაიყვანეს მოედნიდან. სხვათა შორის, როცა მატჩი დასრულდა, ჰორტონის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ჯერ კიდევ არაფერი იყო
ცნობილი. ახლა ის საავადმყოფოში რჩება და იქ დაახლოებით ორ დღეს გაატარებს.

ჰორტონის ტრავმამ კიდევ უფრო შეაკავშირა "ბოსტონის" მოთამაშეები, რომლებიც წინ წავიდნენ და მართალია, ვერ გამოიყენეს ხუთწუთიანი უპირატესობა, მაგრამ ცხადი ჩანდა, რომ იმ დღეს მასპინძლების შეჩერება შეუძლებელი იქნებოდა.

თითოეული გოლის აღწერას აზრი არ აქვს. საერთო ჯამში "ბოსტონმა" ისეთი ჰოკეი აჩვენა, რომელიც გულგრილს არ დატოვებდა სპორტის ამ სახეობის არც ერთ თაყვანისმცემელს. "დათვებმა" ბოლო ორი პერიოდში რვა გოლი გაიტანეს, არადა, წინა 10 პერიოდში "ვანკუვერის" კარი მხოლოდ სამჯერ აიღეს.

სხვათა შორის, ვერ ვიტყვით, რომ "ვანკუვერმა" ინერტულად ჩაატარა ეს შეხვედრა - კანადელებიც ხშირად უტევდნენ და ამის დამადასტურებელია ტიმ ტომასის მიერ მოგერიებული 40 დარტყმა. რვა გაშვებული გოლის გარდა, "კენაქსის" კარის დარაჯს რობერტო ლუონგოს 30 დარტყმის მოგერიება მოუწია.

საინტერესოა, რომ ამ პლეი ოფში "ბოსტონმა" ყველა წინა სერიის მესამე მატჩი მოიგო და საბოლოოდ გამარჯვებული გამოდიოდა, ასე რომ, სამი მატჩის შემდეგ "ვანკუვერის" ლიდერობის მიუხედავად, ამ ფინალში ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. მომდევნო შეხვედრას კვლავ ბოსტონი უმასპინძლებს.

ბოსტონი-ვანკუვერი 8:1
0:0, 4:0, 4:1
გოლები: 1:0 ფერენსი-3 (პევერლი-7, კრეისი-9), 2:0 რეკი-4 (რაიდერი-7, ფერენსი-6), 3:0 მარშანი-7, 4:0 კრეისი-11 (რაიდერი-8, ხარა-5), 5:0 პეი-3 (ბოიჩუკი-5), 5:1 ჰანსენი-3 (ტორესი-3, ლაპიერი-2), 6:1 რეკი-5 (მარშანი-7, პ. ბერჟერონი-13), 7:1 კელი-5, (პეი-3, ხარა-6), 8:1 რაიდერი-6 (ტ. კაბერლე-9).
სერია: 1-2
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული