მეშვიდე მატჩი იქნება

AutoSharing Option
"ბოსტონ ბრუინზმა" გაიმარჯვა მეექვსე მატჩში და გაათანაბრა ანგარიში სტენლის თასის ფინალურ სერიაში. სეზონის ლაურეატი ხუთშაბათს ვანკუვერში მეშვიდე მატჩში გამოვლინდება.

"დალას მავერიქსის" მიერ NBA-ის ჩემპიონატის ექვს მატჩში მოგების შემდეგ "ვანკუვერსაც" შეეძლო ნაადრევად დაესრულებინა სეზონი ჰოკეის ეროვნულ ლიგაში. ამისთვის "კენაქსს" გუშინ ბოსტონში უნდა მოეგო, თუმცა სტატისტიკა კანადური კლუბის წინააღმდეგ იყო. ფინალურ სერიაში ორივე გუნდი ასპროცენტიან შედეგს აჩვენებს საკუთარ მოედანზე. თუ "ვანკუვერმა" ეს მოგებები დიდი გაჭირვებით მოიპოვა (1:0, 3:2 ო, 1:0), "ბოსტონმა" საკუთარ კედლებში ორჯერ გაანადგურა მეტოქე (8:1, 4:0). გარდა ამისა, "ბრუინზს" პლეი
ოფში ბოლო 10 მატჩიდან ცხრა ჰქონდა მოგებული.

მეხუთე მატჩში გამარჯვების შემდეგ "ვანკუვერი" ისე იყო დარწმუნებული საბოლოო გამარჯვებაში, რომ თასის მოგებისადმი მიძღვნილი აღლუმის ტრანსლიაციის წინასწარ გაყიდვა მოინდომა. თუმცა ლიგის ხელმძღვანელობამ აუკრძალა კანადელებს ამის გაკეთება, რადგან NHL-ის იურიდისდიქციის თანახმად, ლიგაში ასეთი რამეები არ იყიდება.

მეექვსე მატჩის წინ ვარჯიში გამოტოვა "ვანკუვერის" ცენტრფორვარდმა რაიან კესლერმა, მაგრამ "კენაქსის" მთავარი მწვრთნელის ალან ვინიოს თქმით, ჰოკეისტს ყველაფერი წესრიგში აქვს, უბრალოდ მას დამატებითი დასვენების დღე გამოუყვეს. ასევე არ მიუღიათ მონაწილეობა ბოლო მეცადინეობაში დენ ჰამჰუისსა და ჯეფ ტამბელინის.

"ბოსტონის" დამრიგებელი კლოდ ჟულიენი ოპტიმისტურად იყო განწყობილი: "არ მგონია, რომ ბოლო მატჩის წაგების გამო ჩემი ჰოკეისტები პანიკამ მოიცვა. ყველა ჰოკეისტი მაქსიმალურად კონცენტრირებულია. მათ კარგად ესმით შექმნილი სიტუაცია. როცა გარკვეული გამოცდილება გაგაჩნია, იცი როგორ მოიქცე ასეთ
კრიტიკულ მომენტებში. ჩვენ კი ასეთი გამოცდილება საკმარისად გვაქვს", - თქვა მწვრთნელმა.

ჟულიენი მართალს ლაპარაკობდა. უკვე პირველ პერიოდში მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო.

მეექვსე წუთზე ბრედ მარშანმა ჩაგდების ზონიდან მოულოდნელი დარტყმით გააწბილა რობერტო ლუონგო. 35 წამში ტაბლოზე 2:0 ეწერა - რიჩ პევერლიმ ცენტრალურ ზონაში მიიღო შაიბა, ცისფერი ხაზი გადაკვეთა და შაიბა დასარტყმელად მილან ლუჩიჩს დაუტოვა, რომელმაც აჯობა ვანკუვერელთა მეკარეს. მასპინძლებმა ამაზე გაჩერება არ მოისურვეს. ზუსტად ორწუთნახევრის შემდეგ "ბოსტონმა" რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენა: ენდრიუ ფერენსმა ძლიერად და რაც მთავარია ზუსტად გაისროლა ცისფერი ხაზიდან. მესამე გაშვებული შაიბის შემდეგ ლუონგომ კარი სათადარიგო მეკარე კორი შნაიდერს დაუთმო. მაგრამ ვერც მან შეაჩერა "დათვების" შეტევები. მეკარის შეცვლიდან სულ რაღაც ერთი წუთი გავიდა და მასპინძლებმა ანგარიში გამანადგურებული გახადეს: მაიკლ რაიდერმა ტომაშ კაბერლეს დარტყმულს დაუხვედრა ყვანჯი. "ვანკუვერი" მხოლოდ პერიოდის ბოლოსკენ მოვიდა გონს და რამდენიმე სახიფათო შეტევა განახორციელა, მაგრამ ამ წუთებში ბრწყინვალე იყო მეკარე ტიმ ტომასი.

და მაინც, ტომასმა ვერ მიითვალა მორიგი "შათაუტი". მესამე პერიოდის დასაწყისში ჰენრიკ სედინმა ერთი საპასუხო შაიბა გაიტანა, ცოტა ხანში კი შეეძლო მეორეჯერაც გამოეჩინა თავი, მაგრამ შაიბა ძელს მოარტყა. "ვანკუვერმა" ვერ გაიტანა, სამაგიეროდ, კიდევ ერთხელ გაუმართლათ მასპინძლებს - მარკ რეკიმ შორეული ძელისკენ გაუშვა შაიბა, სადაც მის გადაცემას დევიდ კრეისი გამოეხმაურა - 5:1. მატჩის ბოლოს "ვანკუვერმა" მეორედ შეძლო ტომასის კარის აღება - შაიბა მაქსიმ ლაპიერის ანგარიშზეა. მაგრამ მეტის გაკეთება სტუმრებმა ვერ შეძლეს - 5:2. სერიაში ანგარიში 3:3 გახდა. ასე რომ, სტენლის თასის მფლობელი მეშვიდე მატჩში გაირკვევა.

"ვამაყობ ჩემი პარტნიორებით, - განაცხადა მატჩის შემდეგ სერიის ყველაზე ასაკოვანმა მოთამაშემ მარკ რეკიმ. - ჩვენ ერთ გუნდად ვიბრძოდით, მთელი სეზონი შესანიშნავ ჰოკეის ვაჩვენებდით. დღეს აუცილებლად გამარჯვება გვჭირდებოდა და მიზანს მივაღწიეთ. ახლა წინ გადამწყვეტი მეშვიდე მატჩი გველოდება".

"ვანკუვერის" მთავარმა მწვრთნელმა წაგება ლუონგოს არ გადააბრალა. "მას გასახდელში არაფერს ვეტყვი. ის პროფესიონალია და მომზადების უმაღლესი დონე აქვს. ის ითამაშებს მეშვიდე მატჩში. ჩვენ წავაგეთ და სამწუხაროდ, ვერაფერს გავაწყობთ. ეს ფურცელი უკვე გადავშალეთ და ახლა მაქსიმალურად კარგად მოვემზადებით საშინაო მატჩისთვის", - განაცხადა ვინიომ.

ფინალი. VII მატჩი
ბოსტონი-ვანკუვერი 5:2
4:0, 0:0, 1:2
გოლები: 1:0 მარშანი-9 (რეკი, საიდენბერგი), 2:0 ლუჩიჩი-5 (პევერლი, ბოიჩუკი), 3:0 ფერენსი-4 (რაიდერი, რეკი), 4:0 რაიდერი-8 (კაბერლე), 4:1 ჰ. სედინი-3 (დ. სედინი, ერჰოფი), 5:1 კრეისი-12 (რეკი, კაბერლე), 5:2 ლაპიერი-3 (დ. სედინი, ჰანსენი).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული