ვანკუვერში გულშემატკივრებმა სტენლის თასზე წაგების გამო არეულობა მოაწყვეს

AutoSharing Option
"ვანკუვერ კენაქსის" გულშემატკივრებმა სტენლის თასის ფინალის გადამწყვეტ მატჩში დამარცხების შემდეგ მშობლიურ ქალაქში არეულობა მოაწყვეს.

"კენაქსის" მაისურებში გამოწყობილი ხალხის მასამ ვანკუვერის საქმიან ნაწილში ვიტრინების ჩამსხვრევა დაიწყო, რამდენიმე მანქანა გადააბრუნა, მათ შორის პოლიციისაც, ერთი ავტომობილი დაიწვა. უკმაყოფილო გულშემატკივრები ვანკუვერის ქუჩებში გამოვიდნენ და უცენზურო ლოზუნგებს გაჰყვიროდნენ "ბოსტონ ბრუინზის" მისამართით, რომელიც გადამწყვეტი მატჩის დასრულებისთანავე სტენლის თასის მფლობელი გახდა.

ზოგიერთ გულშემატკივარს ხელში პლაკატები ეჭირათ წარწერით: "ღიოტ 2011" ( "ამბოხება - 2011"), სხვები კი სტენლის თასის თვითნაკეთ ასლებს წვავდნენ. მალე არეულობა პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. შეტაკებისას ერთი
ადამიანი დაშავდა, რომელსაც "ბოსტონის" მაისური ეცვა.

"ვანკუვერის" ფანებს საყვარელი კლუბის დამარცხების გამო არეულობა პირველად არ მოუწვიათ. 1994 წელს ათეულ ათასობით არაფხიზელი გულშემატკივარი ფინალის გადამწყვეტ მატჩში "ნიუ იორკ რეინჯერსთან" დამარცხების შემდეგ ქუჩაში გამოვიდა. მაშინ არეულობის ჩასახშობად, რომლის დროსაც დაახლოებით 200 ადამიანი დაშავდა, პოლიციას ცრემლსადენი გაზის გამოყენება მოუხდა.

"ვანკუვერმა" ფინალური სერიის გადამწყვეტი, მეშვიდე მატჩი 0:4 წააგო. შეხვედრა ვანკუვერში "კენაქსის" საშინაო არენაზე გაიმართა. "ბოსტონმა" სტენლის თასი პირველად 1972 წელს მოიგო, "ვანკუვერს" კი ნჰლ-ში ასპარეზობის 40 წელზე მეტი ხნის მანძილზე ლიგის მთავარი ტიტული არასდროს მოუგია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული