ლიგამ პრიზები დაარიგა

AutoSharing Option
ლას ვეგასში ჰოკეის ეროვნული ლიგის სეზონის დახურვამ საზეიმო ატმოსფეროში ჩაიარა. აქ შეიკრიბნენ რეგულარული ჩემპიონატის მთავარი პრიზების მაძიებელი ნომინანტები. რა თქმა უნდა, მთავარი ინტრიგა იმაში მდგომარეობდა, ვინ მიიღებდა სეზონის უძვირფასესი მოთამაშის ტიტულს. MVP-ს ჟურნალისტები ირჩევდნენ, ნომინანტი კი სამი იყო - მარტინ სან ლუი ("ტამპა ბეი"), დანიელ სედინი ("ვანკუვერი") და კორი პერი ("ანაჰაიმი").

ბევრისთვის მოულოდნელად, "ჰარტ მემორიალ ტროფის" მფლობელი კორი პერი გახდა.

"სიმართლე გითხრათ, არ ველოდი ამას და როცა ჩემი გვარი გამოაცხადეს, ძალიან გამიკვირდა. მინდა მადლობა გადავუხადო პარტნიორებს, რომელთა გარეშე ამ წარმატებას
ვერ მივაღწევდი. ეს განსაკუთრებული გრძნობაა", - განაცხადა პერიმ, რომელიც ბომბარდირთა დავაში 98 ქულით (50+48) მესამე იყო სწორედ დანიელ სედინისა და სან ლუის შემდეგ. სამაგიეროდ, სეზონში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა და ამის სანაცვლოდ სნაიპერისთვის განკუთვნილი პრიზი - "მორის რიშარ ტროფი" მიიღო.

"ბოსტონის" გოლკიპერმა ტიმ ტომასმა სეზონში მეორედ დაამარცხა "ვანკუვერის" მეკარე რობერტო ლუონგო: პირველად ეს სტენლის თასის ფინალში მოხდა, მეორედ "ვეზინა ტროფისთვის" ბრძოლაში - სწორედ ეს პრიზი გადაეცემა სეზონის საუკეთესო მეკარეს.

ტომასი რეგულარულ სეზონში საშუალოდ 2.0 შაიბას უშვებდა და მეტოქეთა დარტყმების 93.8 პროცენტს იგერიებდა. მის აქტივში ცხრა "შათაუტია".

"ჩვენ მოვიპოვეთ სტენლის თასი და ეს უდიდესი წარმატებაა. რეგულარული ჩემპიონატის შემდეგ არანაირ ინდივიდუალურ პრიზზე არ ვფიქრობდი", - აღიარა ტომასმა, რომელიც "ბოსტონმა" თავის დროზე მეკარეების დეფიციტის გამო ფინეთის ჩემპიონატიდან გამოიძახა.

პრიზების გარეშე არც დანიელ სედინი დარჩენილა. მან ორი ჯილდო მიიღო - "არტ როს ტროფი", რომელსაც სეზონის საუკეთესო ბომბარდირს გადასცემენ და "ტედ ლინდსეი ევორდი". ამ პრიზს იღებს ჰოკეისტი, რომელსაც თავად მოთამაშეები ასახელებენ სეზონში საუკეთესოდ. შვედი ერთადერთი იყო ამ სეზონში, ვინც ასქულიან ზღვარს გადასცდა - 104 ქულა (41+63).

სედინის თანამემამულე ნიკლას ლიდსტრიომი ("დეტროიტი") კარიერაში მეშვიდედ (!) გახდა NHL-ის საუკეთესო მცველი. "ეს არარეალურია - შვიდი "ჯეიმს ნორის ტროფის" მოგება, თანაც კარიერის ამ ეტაპზე, - აღიარა ლიდსტრიომმა. - ძალიან ვამაყობ ამით და ჯერ კიდევ მაქვს ძალა ვიბრძოლო მერვე ტიტულისთვის".

ყველაზე მეტი "ჯეიმს ნორისი" ლეგენდარულ ბობი ორს აქვს მოგებული - ის რვაჯერ დასახელდა ლიგის საუკეთესო მცველად. ლიდსტრიომი წელს მცველებს შორის შედეგიანობით მეორე იყო - 62 ქულა (16+46).

დაცვითი ყაიდის საუკეთესო ფორვარდი გახდა ვანკუვერელი რაიან კესლერი. ამისთვის მას "ფრენკ სელკე ტროფი" გადაეცა. "არ დამავიწყდება წლევანდელი სეზონი - 41 შაიბა და მოგებული "სელკე ტროფი", - აღიარა კესლერმა. - მამაჩემი დიდი ხანი მიყვიროდა ტრიბუნებიდან, რომ დაცვითვის მიმექცია ყურადღება და ხომ ხედავთ, ამან შედეგი გამოიღო".

საუკეთესო მწვრთნელი ("ჯეკ ადამს ევორდი") გახდა "პიტსბურგის" დამრიგებელი დენ ბაილსმა, საუკეთესო ახალბედა ("კოლდერ მემორიალ ტროფი") - ჯეფ სკინერი ("კაროლინა"). მან სეზონი 63 ქულით (31+32) დაასრულა. წლის გენერალური მენეჯერია მაიკ გილისი "ვანკუვერიდან".

წლის ჯენტლმენი გახდა მარტინ სან ლუი, რომელმაც მთელი სეზონის განმავლობაში მხოლოდ 14 წუთი საჯარიმო დრო მიიღო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული