ფილადელფია ლიდერებს იშორებს

AutoSharing Option
ჰოკეის ეროვნული ლიგის დრაფტს წინ უძღოდა რამდენიმე საინტერესო ტრეიდი. განსაკუთრებით "გულუხვი" იყო "ფილადელფია ფლაიერზი", რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში ორ ლიდერს შეელია.

თავდაპირველად "მფრინავებმა" "კოლამბუსში" გაუშვეს ფორვარდი ჯეფ კარტერი, რომელმაც ცოტა ხნის წინ 11-წლიანი კონტრაქტი მოაწერა კლუბთან. მის ნაცვლად "ფილადელფიამ" მიიღო თავდამსხმელი იაკუბ ვორაჩეკი და 2011 წლის დრაფტზე პირველ და მესამე რაუნდში არჩევის უფლება.

"ფლაიერზმა" კარტერი 2003 წლის დრაფტზე მე-11 ნომრად აიყვანა. 26 წლის ჰოკეისტს NHL-ში 461 მატჩში 343 ქულა (181+162) აქვს მოპოვებული. 21 წლის ვორაჩეკმა მსოფლიოს საუკეთესო ლიგაში 241 მატჩის
ჩატარება მოასწრო და 134 ქულა (29+95) მიითვალა.

კარტერის შემდეგ "ფილადელფიამ" თავიდან მოიშორა კაპიტანი მაიკ რიჩარდსი, რომელიც "ლოს ანჯელესში" გააგრძელება კარიერას. მის სანაცვლოდ "ფილიმ" ფორვარდები - ბრენდენ შენი და უეინ სიმონდსი მიიღო. პირველს NHL-ში მხოლოდ ცხრა მატჩი აქვს ჩატარებული, სიმონდსმა კი 240 შეხვედრაში 93 ქულა (39+54) მოიპოვა.

26 წლის რიჩარდსის კარიერა NHL-ში 453 მატჩსა და 349 ქულას (133+216) ითვლის. ჰოკეისტის ამჟამინდელი კონტრაქტი კიდევ ცხრა წელი იმოქმედებს. მაიკის წლიური ხელფასია 5.7 მილიონი დოლარი.

* * *
დრაფტის დღეს მეორე მსხვილი გარიგება "ჩიკაგომ" განახორციელა. მან "ფლორიდაში" გაუშვა 32 წლის მცველი ბრაიან კემპბელი. მისი ხელფასი წელიწადში 7.1 მილიონ დოლარს უდრის, თუმცა "ფლორიდას" ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ფულს არ დაიშურებს კლუბის კრიზისიდან გამოსაყვანად - "პანტერებს" პლეი ოფში ზედიზედ 10 (!) წელია არ უთამაშიათ.

კემპბელის სანაცვლოდ "ჩიკაგომ" ფორვარდი როსტისლავ ოლეში მიიღო, რომელმაც შარშან ტრავმის გამო მხოლოდ 41 მატჩი ჩაატარა.

* * *
დრაფტის მსვლელობისას მოულოდნელი ტრეიდი განხორციელდა "სან ხოსესა" და "მინესოტას" შორის. "ზვიგენების" ფორვარდმა დევინ სეტოგუჩიმ ერთი დღით ადრე გააფორმა ახალი სამწლიანი კონტრაქტი, მეორე დღეს კი ის "მინესოტაში" გაუშვეს. გარდა ამისა, "უაილდმა" ჩარლი კოილი და 2011 წლის დრაფტის პირველ რაუნდში არჩევის უფლება მიიღო.
მის ნაცვლად "სან ხოსემ" 26 წლის მცველი ბრენტ ბერნსი გადაიბირა, რომელმაც გასულ სეზონში 80 მატჩში 46 ქულა დააგროვა.

* * *
"კოლორადოს" საუკეთესო მცველი ჯონ-მაიკლ ლაილზი "ტორონტოში" გადავიდა. კანადურ კლუბს მის სანაცვლოდ მხოლოდ 2012 წლის დრაფტზე მეორე რაუნდში არჩევის უფლების დათმობა მოუწია.

30 წლის ჰოკეისტმა შარშან 76 მატჩში 46 (6+40 ქულა) დააგროვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული