კარიამ კარიერა დაასრულა

AutoSharing Option
თუ იარომირ იაგრი ჯერ არ აპირებს დიდი სპორტიდან წასვლას, ჰოკეის ეროვნული ლიგის კიდევ ერთმა ცნობილმა ფორვარდმა პოლ კარიამ კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა.

36 წლის კარიამ ტვინის უმძიმესი შერყევის გამო მთლიანად გამოტოვა შარშანდელი სეზონი. მას იმედი ჰქონდა, რომ 2011-12 წლების ჩემპიონატისთვის ჩადგებოდა მწყობრში, მაგრამ საბოლოოდ რისკზე წასვლა არ ისურვა და კარიერა შეწყვიტა. მისი თქმით, ძალიან კარგ ფიზიკურ ფორმაში იმყოფებდა, თუმცა ტვინის შერყევის რამდენიმე შემთხვევის გამო მაინც შიშობს საკუთარი ჯანმრთელობის გამო.

პოლ კარია 1993 წელს "ანაჰაიმმა" დრაფტში მეოთხე ნომრად აიყვანა.
ფორვარდმა ჰოკეის ეროვნულ ლიგაში 15 სეზონი ჩაატარა. თამაშობდა "ანაჰაიმის", "კოლორადოს", "ნეშვილისა" და "სენტ ლუისის" შემადგენლობაში. რეგულარულ ჩემპიონატში საშუალოდ მატჩში ზუსტად ერთ ქულას აგროვებდა - 989 მატჩი და 989 ქულა (402+587), პლეი ოფში მისი მონაგარი იყო - 46 მატჩი, 39 ქულა (16+23).

2002 წელს კარია კანადის ნაკრების შემადგენლობაში სოლტ-ლეიკ-სიტის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გახდა.

* * *
მორიგი ინფორმაცია NHL-ის კიდევ ერთი ვეტერანის შესახებ. "ტამპა ბეის" გენერალურმა მენეჯერმა სტივ აიზერმანმა გამოაცხადა, რომ კლუბმა მიაღწია შეთანხმებას მეკარე დუეინ როლოსონთან, რომელიც "ლაითნინგის" რიგებში კიდევ ერთი წელი დარჩება.

41 წლის ვეტერანის ხელფასი 3 მილიონი დოლარი იქნება. როლოსონი "ტამპაში" გასული სეზონის მსვლელობისას გადავიდა და კლუბს სტენლის თასზე აღმოსავლეთი კონფერენციის ფინალამდე მიღწევაში დაეხმარა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული