პოლიციას ურტყამენ

AutoSharing Option
"ნიუ იორკ რეინჯერსის" ჰოკეისტი შონ ეივერი პოლიციის ოფიცრის ცემისთვის დააპატიმრეს. ინციდენტი წვეულების დროს მოხდა, რომელსაც მოთამაშე კალიფორნიაში საკუთარ სახლში მართავდა.

სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა ორჯერ მიიღეს ეივერის მეზობლებისგან შეტყობინება იმის თაობაზე, რომ ჰოკეისტის სახლიდან გვიან ღამით ხმამაღალი მუსიკის ხმა გამოდიოდა. პოლიცია ორჯერ გამოცხადდა ეივერის სახლში. მეორე ვიზიტის დროს რეინჯერსელმა ჩხუბი აუტეხა ერთ-ერთ პოლიციელს, ბოლოს ხელი ჰკრა მას და შინ შევარდა. ეივერიმ კარი ჩაკეტა და პოლიციის მოთხოვნის მიუხედავად, უარი თქვა გარეთ გამოსვლაზე.

მხოლოდ დამატებითი ძალების გამოძახების შემდეგ იკადრა ჰოკეისტმა შინიდან გამოსვლა, რის
შემდეგაც ის პოლიციის ოფიცრის შეურაცხყოფის ბრალდებით იქნა დაპატიმრებული. შონი რამდენიმე დღეს დაჰყოფს საკანში, რის შემდეგაც 20 ათას დოლარს გადაიხდის და თავდებით გაანთავისუფლებენ.

შონ ეივერი ჰოკეის ეროვნული ლიგის ერთ-ერთი მთავარი სკანდალისტი და პროვოკატორია. მან ერთხელ თავის ყოფილ შეყვარებულს, მსახიობ ელიშ კატბერტს საჯაროდ "მეძავი" უწოდა იმის გამო, რომ მასთან დაშორების შემდეგ სხვა ჰოკეისტს - დიონ ფანოფს ხვდებოდა. ამისთვის ეივერის ექვსმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს, ხოლო მისმა მაშინდელმა კლუბმა "დალასმა" ჰოკეისტთან" კონტრაქტი გაწყვიტა.

* * *
"ანაჰაიმ დაქსის" ხელმძღვანელობა თავისი ვეტერანი ვარსკვლავის ტეემუ სელიანეს გადაწყვეტილებას ელოდება. კლუბს აინტერესებს - სურს თუ არა კარიერის გაგრძელება სახელოვან ფინელ ფორვარდს, რომელიც 41 წლის გახლავთ.

მაგრამ ტეემუ სექტემბრამდე ვერ მისცემს საბოლოო პასუხს "იხვების" შეფობას. საქმე ისაა, რომ სელიანემ ივლისში მარცხენა მუხლზე ოპერაცია გაიკეთა და ახლა სრულ გამოჯანმრთელებას დაელოდება იქამდე, სანამ თავის სამომავლო კარიერის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. სელიანე შეზღუდული უფლებების თავისუფალი აგენტია, მაგრამ ადრეც აღნიშნავდა, რომ მხოლოდ "ანაჰაიმის" შემადგენლობაში სურს კარიერის გაგრძელება.

გასულ სეზონში ფინელმა რეგულარული ჩემპიონატის 73 მატჩში 80 ქულა (31+49) დააგროვა და მესამე მოთამაშე გახდა ლიგის ისტორიაში, ვინც 40 წლის ასაკში საშუალოდ მატჩში ერთზე მეტი ქულა დააგროვა. ასეთი რამ მანამდე მხოლოდ გორდი ჰოუმ და ჯონ ბიუსიკმა შეძლეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული