67 წლის ასაკში გარდაიცვალა ჩეხური ჰოკეის ლეგენდა, გასული საუკუნის 70-იანი წლების ერთ-ერთი საუკეთესო მცველი, ჩეხოსლოვაკიის ნაკრების რიგებში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ოლდრჟიხ მაჰაჩი.
იმ პერიოდში ჩეხოსლოვაკიის ნაკრები სსრკ-ის გუნდთან ერთად დომინირებდა მსოფლიო ჰოკეიში. მსოფლიოს ჩემპიონატებსა და ოლიმპიადებზე მუდმივად მეოთხე ნომრით მოთამაშე მაჰაჩი ხისტი თამაშითა და ძლიერი შორეული დარტყმით გამოირჩეოდა. ძირითადად ის 70-იანი წლების კიდევ ერთ ლეგენდასთან - ფრანტიშეკ პოსპიშილთან წყვილში თამაშობდა. თავისი ქვეყნის ნაკრებში 1967-78 წლებში მაჰაჩმა 293 მატჩი ჩაატარა და 37 შაიბა გაიტანა.
ჩეხმა მცველმა მსოფლიოს 11 ჩემპიონატსა და სამ
ოლიმპიადაზე ითამაშა. 1972, 1977 და 1978 წლებში ის მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი გახდა, გარდა ამისა, პლანეტის პირველობაზე ვერცხლის ოთხი და ბრინჯაოს სამი მედალი აქვს მოპოვებული. ის არც ოლიმპიადაზე დარჩენილა მედლების გარეშე: 1968 და 1976 წლების თამაშებზე ვერცხლი მიიღო, 1972 წელს - ბრინჯაო. ასევე დიდი მიღწევაა მაჰაჩისთვის 1976 წელს კანადის თასის ფინალში გასვლა, სადაც ჩეხოსლოვაკიის ნაკრებმა ორ მატჩი წააგო NHL-ის ვარსკვლავებით დაკომპლექტებულ კანადის ნაკრებთან.
ოლდრჟიხ მაჰაჩი პოსპიშილთან ერთად 1999 წელს შეიყვანეს ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის დიდების დარბაზში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"