41 წლის სკანდინავიელი მუხლის დაზიანების გამო აპირებდა კარიერის დასრულებას, მაგრამ ამ ზაფხულს ტრავმა მოირჩინა და დიდ სპორტში დარჩენა გადაწყვიტა.
გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე სელიანემ განაცხადა, რომ უკვე ერთი თვეა ციგურებით სრიალებს და მუხლს აღარ შეუწუხებია. ფინელი ერთწლიანი კონტრაქტის მიხედვით ოთხ მილიონ დოლარს მიიღებს.
ტეემუმ ისიც დაამატა, რომ მომავალი სეზონი ბოლო იქნება მის კარიერაში. "ოდესღაც უარი უნდა თქვა სპორტსმენობაზე",
"გასულ სეზონში ტეემუმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მას კვლავინდებურად აქვს მოტივაცია და ოსტატობაც არ დაუკარგავს. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მხოლოდ ჩვენს გუნდში სურს თამაში", - ამბობს "ანაჰაიმის" გენერალური მენეჯერი ბობ მიურეი.
ჰოკეის ეროვნულ ლიგაში სელიანეს 1400 ქულაზე მეტი აქვს დაგროვილი (პლეი ოფის ჩათვლით). შარშან მან 73 მატჩში 80 ქულა (31+49) მიითვალა, კიდევ შვიდი ქულა (6+1) პლეი ოფის მატჩებში მოიპოვა. NHL-ის ყველა დროის ბომბარდირთა სიაში სკანდინავიელი მე-18 ადგილს იკავებს, ერთხელ აქვს მოპოვებული სტენლის თასი, 10-ჯერ უთამაშია "ყველა ვარსკვლავის მატჩში" (1998 წელს "ოლ სტარტის" MVP გახდა). ტეემუ "ანაჰაიმის" ყველა დროის ლიდერია გოლების, პასების, ქულების, მატჩების, რიცხობრივ უპირატესობაში გოლებისა და ჰეთ-თრიკების რაოდენობით.
სელიანეს სამი მედალი აქვს მოპოვებული ოლიმპიადებზე (2006 - ვერცხლი, 1998, 2010 - ბრინჯაო) და ორი მსოფლიოს ჩემპიონატებზე (1999 - ვერცხლი, 2008 - ბრინჯაო).
* * *
სელიანესგან განსხვავებით, მომავალი კარიერის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია NHL-ის კიდევ ერთ ვეტერანს მაიკ მოდანოს. ყველა დროის ყველაზე შედეგიანი ამერიკელი ჰოკეისტი, რომელიც შარშან "დეტროიტ რედ უინგზში" თამაშობდა, საბოლოო გადაწყვეტილებას სექტემბერის ბოლოს მიიღებს.
"რთულია დიდი ჰოკეიდან წასვლა, მით უმეტეს, რომ ამ თამაშით ბავშვობიდან ხარ დაკავებული. კარგად უნდა გავერკვიო ყველაფერში", - განაცხადა მოდანომ ESPN-თან კომენტარისას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"