მოდანომ დაამთავრა

AutoSharing Option
არ არის გამორიცხული, რომ 2012-13 წლების სეზონში ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ სტრუქტურა შეცვალოს.

სავარაუდოდ, ცვლილებებს დღეს NHL-ის მმართველთა საბჭოს სხდომაზე მიიღებენ.უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ დასავლეთის სამი კლუბი - "დეტროიტი", "ნეშვილი" და "კოლამბუსი" აღმოსავლეთ კონფერენციაში გადაბარგებას ითხოვს.

"დეტროიტისთვის" ეს არის "დიდი ექვსეულის" გუნდებთან ხშირად შეხვედრის შესაძლებლობა, "ნეშვილისთვისა" და "კოლამბუსისთვის" ფინანსური საკითხის მოგვარება, რადგან აღმოსავლეთში გადასვლის შემთხვევაში ეს
კლუბები შეამცირებენ გადაფრენებზე გათვალისწინებულ ხარჯებს.განიხილება 7-8-გუნდიანი ოთხი დივიზიონის შექმნის ვარიანტიც.

"ვფიქრობ, წინ უნდა ვიაროთ და ყველა კლუბისთვის უფრო მოხერხებული კალენდარი უნდა შევქმნათ", - განაცხადა
ლიგის კომისარმა გერი ბეტმენმა.

გარდა ამისა, უახლოეს დღეებში უნდა დაამტკიცონ მომავალი სეზონიდან "ვინიპეგ ჯეტსის" გადასვლა ჩრდილო-დასავლეთ დივიზიონში. "ჯეტსი" იქ "კოლორადოს" ადგილს დაიკავებს, თავად "ეველანში" კი წყნარი ოკეანის ხუთეულში მოხვდება "ფინიქსის" ადგილას, რომლის ბედიც ჯერაც გაურკვეველია.

* * *
ლეგენდარულმა ამერიკელმა ჰოკეისტმა, 41 წლის მაიკ მოდანომ, გუშინ ოფიციალურად გამოაცხადა კარიერის დასრულების შესახებ, არადა, ცოტა ხნის წინ ფიქრობდა მინიმუმ ერთი წლით კონტრაქტის გახანგრძლივებას.
გასული სეზონი მოდანომ "დეტროიტის" შემადგენლობაში ჩაატარა, თუმცა ყოველთვის ვერ ხვდებოდა შემადგენლობაში და ჯამში 40 მატჩი ჩაატარა.

მოდანოს კარიერა ძირითადად "დალას სტარზს" უკავშირდება - მაიკმა ამ კლუბში 20 სეზონი გაატარა და ლიგის ისტორიაში საუკეთესო ამერიკელი ბომბარდირი გახდა.

NHL-ში მოდანომ 1499 მატჩი ჩაატარა და 1374 (561+813) ქულა დააგროვა.

* * *
"პიტსბურგ პინგვინზის" კაპიტანი სიდნი კროსბი კი კვლავაც აღდგენით პროცესს გადის. კანადელი ვარსკვლავი თავს უკეთ გრძნობს და კლუბის საწვრთნელ ბანაკში ემზადება.

თუმცა, როგორც იცით, მოთამაშეს ჯერჯერობით აკრძალული აქვს კონტაქტური ვარჯიშები. კროსბი ამბობს, რომ სავარაუდოდ, დააკლდება სეზონის პირველ მატჩებს.

"მოხარული ვიქნებოდი მეთქვა, რომ სეზონის პირველ მატჩს ვითამაშებ, მაგრამ ეს ნაკლებად რეალურია. მიუხედავად ამისა, უნდა აღვნიშნო, რომ თავს კარგად ვგრძნობ", - განაცხადა კროსბიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული