სეზონი ევროპაში იწყება

AutoSharing Option
ჰოკეის ეროვნული ლიგის მორიგი რეგულარული სეზონი (რიგით 95-ე) ზედიზედ მეხუთე წელია ევროპაში ტრადიციული მატჩებით გაიხსნება, რომელსაც NHL Premiere ჰქვია. ამჯერად “ბებერი კონტინენტის” მიმართულებით გაემგზავრნენ “ანაჰაიმ დაქსი”, “ბაფალო სეიბრზი”, “ლოს ანჯელეს კინგზი” და “ნიუ იორკი რეინჯერსი”.

სხვათა შორის ამ უკანასკნელმა უკვე მოასწრო პირველი მატჩის გამართვა - პრაღაში ადგილობრივი “სპარტა” 2:0 დაამარცხა. გოლები ნიუიორკელთა მხრიდან ანისიმოვმა და ფედოტენკომ გაიტანეს. ამის შემდეგ “რეინჯერსი” გიოტებორგში შეხვდება “ფრიოლუნდას”. “ანაჰაიმი” ფინეთის “იოკერიტსა” და გერმანიის “ჰამბურგს”, “ბაფალო” - გერმანიის “მანჰაიმს”.

უშუალოდ რეგულარული ჩემპიონატის ოფიციალური მატჩები სტოკჰოლმში (ორჯერ),
ჰელსინკიში და ბერლინში გაიმართება. 7 ოქტომბერს ფინეთის დედაქალაქში ითამაშებენ “ანაჰაიმი” და “ბაფალო”, იმავე დღეს სტოკჰოლმში “რეინჯერსი” და “ლოს ანჯელესი” გაარკვევენ ურთიერთობას. 8 ოქტომბერს ბერლინში კი “ბაფალო” და “ლოს ანჯელესი” შეხვდებიან ერთმანეთს.

კროსბი რეგულარულს ვერ იწყებს
“პიტსბურგ პინგვინზის” კაპიტანმა სიდნი კროსბიმ იანვარში მიღებული ტვინის შერყევის შემდეგ პირველად ჩაატარა სრულფასოვანი ვარჯიში - ძალისმიერ ორთაბრძოლებზე ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.

გუნდის მთავარი მწვრთნელის დენ ბაილსმას განცხადებით, კროსბი გუნდს კანადაში გაყვება, სადაც “პიტსბურგი” სეზონის პირველ სამ მატჩს ჩაატარებს. თუმცა ფორვარდი ამ სამ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს, რადგან ექიმები მიიჩნევენ, რომ კროსბის ჯერ ბოლომდე არ გაუვლია სარეაბილიტაციო კურსი.

სიდნის ტურნეში გამგზავრება იმით არის განპირობებული, რომ კლუბთან ერთად ის ინტენსიურ ვარჯიშებს გამართავს და სწრაფად შეძლებს ფორმაში შესვლას. “პინგვინები” სეზონს “ვანკუვერთან” (6 ოქტომბერი), “კალგარისთან” (8 ოქტომბერი) და “ედმონტონთან” (9 ოქტომბერი) შეხვედრებით ხსნიან.

* * *
“ლოს ანჯელეს კინგზმა”, როგორც იქნა, მოაგვარა თავისი წამყვანი მცველის დრიუ დაუტის გაფორმების საკითხი.

ხელშეკრულება ჯერ არის გაფორმებული, მაგრამ მხარეებმა რვაწლიან კონტრაქტზე მიაღწიეს შეთანხმება. დაუტის წლიური ხელფასი შვიდი მილიონი დოლარი იქნება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დაუტიმ მაინც გაიტანა თავისი და ახლა, “მეფეების” ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჰოკეისტი გახდა. მან ეს სტატუსი სლოვენიელ ლეგიონერ ანჟე კოპიტარს ჩამოართვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული