მფრინავებს რთული მეტოქე ჰყავდათ შარშანდელი რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულის - "ვანკუვერ კენაქსის" სახით და როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი უაღრესად დაძაბული გამოვიდა.
თუმცა პირველი პერიოდის შემხედვარე რთული იყო იმის ვარაუდი, რომ "ფილადელფიას" ამ მატჩში გაუჭირდებოდა მოგება - მასპინძლებმა მეტოქეზე ხუთით
მასპინძლებმა პირველი ორი გოლი სწორედ მაშინ გაიტანეს, როცა მოედანზე ერთი კაცით მეტი ჰყავდათ. აღსანიშნავია, ფილადელფიელი კლოდ ჟირუს შედეგიანი თამაში - მან ანგარიში გახსნა, შემდეგ კი ორი საგოლე პასი გააკეთა და ეს ყველაფერი პირველ პერიოდში მოხდა, რომელიც მასპინძლებმა 3:1 მოიგეს.
მაგრამ "ვანკუვერი" არ გატყდა და ძირითადად ძმები სედინების მონდომებით თანდათან გაათანაბრა თამაში. ჰენრიკ სედინმა მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა, ხოლო მისმა ტყუპისცალმა - დანიელმა მესამე პერიოდის სტარტზე რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენა და 4:4-ზე თამაში თავიდან დაიწყო. თუმცა "ვანკუვერმა" დიდი ხანი ვერ გაიხარა - სედინის გოლიდან ზუსტად ერთ წუთში დანი ბრიერის პასით ანდრეი მეზაროშმა გაიტანა და როგორც აღმოჩნდა, ეს იყო ბოლო გოლი ამ მატჩში.
5:4 მოიგო "ფილადელფიამ" და ასპროცენტიანი მაჩვენებელი აქვს, სტენლის თასის შარშანდელი ფინალისტი "ვანკუვერი" კი სამ მატჩში მხოლოდ ერთი გამარჯვებით იწონებს თავს.
* * *
კიდევ უფრო უარეს დღეშია სტენლის თასის მოქმედი მფლობელი "ბოსტონ ბრუინზი", რომელმაც უკვე ოთხი მატჩის გამართვა მოასწრო და აქედან მოედანი დამარცხებულმა სამჯერ დატოვა. ეს ამ გუნდის ყველაზე უარესი სტარტია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში.
ამჯერად "დათვები" სტუმრად დამარცხდნენ "კაროლინასთან". უგოლო პირველი პერიოდის შემდეგ, მეორე 20-წუთეულის სტარტზე მასპინძლები ფინელმა იონი პიტკანენმა გაიყვანა წინ. ასევე მესამე პერიოდის დასაწყისში გავიდა მეორე შაიბა "ბოსტონის" კარში - ამჯერად თავი გამოიჩინა ენტონი სტუარტმა.
"ბრუინზი" წინა მატჩიდან მოყოლებული ზედიზედ ხუთი პერიოდი ვერ ახერხებდა გოლის გატანას და ეს უიღბლო სერია ტაილერ სეგინმა შეწყვიტა, რომელმაც 1:2 გახადა ანგარიში და თავის გუნდს გადარჩენის შანსი დაუტოვა, მაგრამ ბოსტონელებს ეს შანსი "კაროლინას" ჩეხმა ლეგიონერმა ირჟი ტლუსტიმ მოუსპო, რომელმაც პერიოდის მე-14 წუთზე ორშაიბიანი უპირატესობა აღადგინა. მართალია, "ბოსტონმა" ერთი შაიბა გაქვითა, მაგრამ მეტის გაკეთება ვერ შეძლო და "კაროლინამ" 3:2 გაიმარჯვა.
ჩემპიონატის სტარტზე "ბრუინზის" სუსტი თამაშის ერთ-ერთი მიზეზი რიცხობრივი უპირატესობის ცუდი გამოყენებაა - სტუმრებმა ამ მატჩში ხუთჯერ ვერ გაითამაშეს ზედმეტი ჰოკეისტი, სულ კი განვლილ ოთხ მატჩში 18-ჯერ ჰქონდათ რიცხობრივი უპირატესობა და მხოლოდ ერთი შაიბა გაიტანეს.
* * *
"კოლორადო ეველანში" "ბოსტონთან" გამარჯვების შემდეგ ოჰაიოს შტატში "კოლამბუსს" ეწვია. ოთხი გატანილი გოლის მიუხედავად, მატჩმა სანახაობრივი თვალსაზრისით არ გაამართლა, სამაგიეროდ, სტატისტიკის მიხედვით იყო საინტერესო. მესამე პერიოდში "კოლორადომ" დარტყმების რაოდენობით დაჩაგრა მეტოქე - 16:1! ამასთან, მასპინძლების ეს ერთადერთი დარტყმა ზუსტი აღმოჩნდა! ასევე აღვნიშნავთ NHL-ში გაბრიელ ლანდესკოგის სადებიუტო გოლს, რომელიც "კოლორადოსთვის" გადამრჩენი გამოდგა. ზედიზედ მეორე მატჩია კარგ თამაშს აჩვენებს "ზვავების" მეკარე სიმიონ ვარლამოვი, რომელმაც 31 დარტყმა მოიგერია და მატჩის შემდეგ ბულიტების სერიაში ორი სეივი შეასრულა.
ფაქტები
- "კოლორადოსა" და "კოლამბუსის" მატჩებში ყველაზე მეტი დრო ყინულზე კოლორადოელმა ერიკ ჯონსონმა გაატარა - 28 წუთზე მეტი. ეს დღის სათამაშო რეკორდია;
- "ფილადელფიას" ათმა მოთამაშემ მიითვალა მინიმუმ ქულა "ვანკუვერთან" მატჩში. პირველი ქულა აიღო NHL-ში თავდამსხმელმა შონ კოტურიემ;
- მცველებმა ჯო კორვომ და ტომაშ კაბერლემ პირველად ითამაშეს ახალი გუნდებში თავიანთი ყოფილი კლუბების წინააღმდეგ. შარშან კორვო "კაროლინაში" გამოდიოდა, კაბერლე - "ბოსტონში".
კოლამბუსი-კოლორადო 2:3 (ბ)
0:1, 1:0, 1:1, 0:0
გოლები: 0:1 გალიარდი-1 (ო'ბირნი-1, რ. უილსონი-1), 1:1 ნეში-2, 2:1 მარტინეკი-1 (პროსპალი-2, ნეწი-3), 2:2 ლანდესკოგი-1 (ჰეიდა-2, რ. ო'რაილი-1).
ბულიტები გაიტანეს: ნეში (კოლამბუსი), ჰეიდუკი (კოლორადო), დუშენი (კოლორადო).
კაროლინა-ბოსტონი 3:2
0:0, 1:0, 2:2
გოლები: 1:0 პიტკანენი-1 (ტ. კაბერლე-1, ი. იოკინენი-2), 2:0 ე. სტიუარტი-1 (ბრენტი-1, გლისონი-3), 2:1 სეგინი-1 (ჰორტონი-1, მაკუეიდი-2), 3:1 ტლუსტი-1 (ბ. სატერი-1, დუაიერი-1), 3:2 მარჩანდი-2 (პ. ბერჟერონი-2, კორვო-2).
ფილადელფია-ვანკუვერი 5:4
3:1, 1:2, 1:1
გოლები: 1:0 ჟირუ-3 (პრონგერი-3, რიდი-1), 2:0 პრონგერი-1 (ჟირუ-1, იაგრი-2), 2:1 სამუელსონი-1 (ჰ. სედინი-4, დ. სედინი-3), 3:1 ვან რიმსდიკი-1 (ჟირუ-2), 3:2 ჰ. სედინი-1 (ბაროუზი-1, ედლერი-1), 4:2 ვორაჩეკი-2 (კუტურიე-1, ტიმონენი-1), 4:3 ჰიგინსი-2 (ბაროუზი-2, ბიეკსა-1), 4:4 დ. სედინი-2 (ედლერი-2, სამუელსონი-1), 5:4 მეზაროში-1 (ბრიერი-1).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"