"ზვავები" სტუმრებს არ ინდობენ

AutoSharing Option
ჰოკეის ეროვნული ლიგის რეგულარული ჩემპიონატი ხუთი მატჩით გაგრძელდა და მორიგი სათამაშო დღის გამორჩეული მოვლენა გახდა "ვინიპეგ ჯეტსის" პირველი გამარჯვება ლიგაში მას შემდეგ, რაც ეს გუნდი ქალაქ ატლანტადან კანადაში გადაბარგდა.

"ჯეტსმა" პირველი სამი სასტარტო შეხვედრა წააგო საერთო ანგარიშით - 5:13. ამიტომაც კანადელები მაქსიმალურად მობილიზებულები და მონდომებულები შეხვდნენ "პიტსბურთან" საშინაო შეხვედრას.

მაყურებელს გოლის დიდი ხანი ლოდინი არ დასჭირვებია. სასტარტო ჩაგდების შემდეგ "პინგვინების" მცველი ზბინეკ მიხალეკი მოულოდნელად დაეცა და მასპინძლებმა თავისი შანსი ხელიდან
არ გაუშვეს. უელვუდმა ბურმისტროვის პასით მერვე წამზე გახსნა ანგარიში!

მასპინძლები არ მოდუნდნენ და პერიოდის ბოლოს კიდევ ერთი შედეგიანი შეტევა გამოუვიდათ. ბურმისტროვმა კარგად იბრძოლა შაიბისთვის და ისეთი პასი მისცა გენერ გლესს, რომ გოლის არგატანა დიდი ცოდვა იქნებოდა.

რა თქმა უნდა, სტუმრები არ დანებდნენ და მეორე პერიოდში ერთი გოლი გაუტანეს პაველეცს. შედეგიანი დარტყმა ჩაიწერა აქტივში პირველი წამების "გმირმა" მიხალეკმა. მაგრამ პაველეცმა მეტის გაკეთების უფლება არ მისცა "პინგვინებს". "ჯეტსის" მეკარემ რამდენიმე ეფექტური სეივი განახორციელა და თავის გუნდს სეზონში პირველად მოაგებინა.

* * *
"კოლორადომ" სტუმრად მოუგო "ტორონტოს". ამ მატჩამდე გუნდები კარგი განწყობით მივიდნენ. ტორონტოელებმა სამიდან სამი მატჩი მოიგეს, "კოლორადომ" ერთი შეხვედრა წააგო, მაგრამ შემდეგ ზედიზედ ოთხჯერ გაიმარჯვა. პირველი ორი პერიოდი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და ამის ლოგიკური გამოხატულება იყო ანგარიში - 2:2. მესამე პერიოდში კი ინიციატივას "ტორონტო" დაეუფლა, მაგრამ მასპინძლებმა მაინც გაუშვეს ხელიდან გამარჯვება. მოგებას "კოლორადომ" ოვერტაიმში მიაღწია. ასე რომ, "ტორონტომ" სეზონში პირველი თამაში წააგო.

"ფლორიდამ" ისევ მოუგო "ტამპა ბეის", ამჯერად სტუმრად - 7:4. "ტამპასთვის" ეს უკვე ზედიზედ მეხუთე მარცხი იყო. თანაც, ამ მატჩებში გი ბუშეს გუნდმა 23 შაიბა გაუშვა. გუნდებმა ყოველ პერიოდში უხვგოლიანი თამაშით გაახარეს მაყურებელი. ორმხრივ იერიშებში უფრო წარმატებული სტუმრები აღმოჩდნენ. "პანტერების" რიგებში გამოირჩეოდნენ კრის ვერსტიგი (2+2), სტივენ უაისი (2+2) და ბრაიან კემპბელი (0+4).

"ედმონტონმა" შინ აჯობა "ნეშვილს" - 3:1. ორივე გუნდმა მოკრძალებული ჰოკეი აჩვენა, მაგრამ სტუმრები უფრო უარესად გამოიყურებოდნენ. რთულია გამარჯვებაზე ფიქრი, როცა კარში მხოლოდ 12 ზუსტ დარტყმას ასრულებ. "მენავთობეები" უფრო ხშირად უტევდნენ და სამი შაიბა მიითვალეს. ამჯერად წლევანდელი დრაფტის პირველი ნომერი რაიან ნიუჯენტ-ჰოპკინსი მხოლოდ ერთი საგოლე პასით შემოიფარგლა.

"ანაჰაიმმა" სტუმრად დაამარცხა "სან ხოსე" - 3:2. "ზვიგენები" "იხვებზე" უკეთ გამოიყურებოდნენ, მაგრამ სასტარტო პერიოდში ტეემუ სელიანეს ორმა შაიბამ მასპინძლებს ცხოვრება გაურთულა. ზვიგენები" ბევრს ეცადნენ, მაგრამ მეტოქის დაწევა ვერ შეძლეს. "შარქსს" მწყობრში დაბრუნებულმა მეკარემ ანტი ნიემიმაც ვერ უშველა.

ფაქტები
- "ანაჰაიმმა" ხუთი სასტარტო შეხვედრიდან ოთხი მოიგო - ეს სეზონის საუკეთესო დასაწყისია "იხვებისთვის" 2006-07 წლების შემდეგ.
- "ედმონტონის" დებიუტანტმა რაიან ნიუჯენტ-ჰოპკინსმა NHL-ში პირველი საგოლე პასი შეასრულა.
- "კოლორადომ" ზედიზედ ხუთი გასვლითი მატჩი მოიგო, რითაც საკლუბო რეკორდი დაამყარა.

ტორონტო-კოლორადო 2:3
0:0, 1:2, 0:1, 0:1
გოლები: 1:0 კესელი-6, 1:1 ვინიკი-2 (ო'რაილი-5, ჰეიდა-3), 1:2 ჰეიდუკი-3 (ე. ჯონსონი-5, პ. შჩასტნი-3), 2:2 კულემინი-1 (ფანოფი-3, მაკარტური-1), 2:3 დ. ჯონსი-4 (ქუინსი-2).

ტამპა ბეი-ფლორიდა 4:7
2:2, 1:2, 1:3
გოლები: 0:1 კოპეცკი-1 (ჯოვანოვსკი-1, ბ. კემპბელი-4), 1:1 პურსელი-2 (შენონი-3, მ-ა. ბერჟერონი-4), 2:1 ჰედმანი-1 (ა. ჰოლი-1, ტომპსონი-2), 2:2 უეისი-2 (კულიკოვი-2, ბ. კემპბელი-5), 2:3 ვერსტიგი-2 (უეისი-2, ბ. კემპბელი-6), 2:4 ბერგენჰაიმი-1, 3:4 ლეკავალიე-2 (მ-ა. ბერჟერონი-5, გილროი-1), 3:5 ვერსტიგი-3 (ფლიშმანი-2, უეისი-3), 4:5 სტემკოსი-2 (გილროი-2, მ-ა. ბერჟერონი-6), 4:6 უეისი-3 (ვერსტიგი-3, ჯოვანოვსკი-2), 4:7 გარისონი-2 (ბ. კემპბელი-7, ვერსტიგი-4).

ვინიპეგი-პიტსბურგი 2:1
2:0, 0:1, 0:0
გოლები: 1:0 უელვუდი-2 (ბურმისტროვი-2, ანტროპოვი-1), 2:0 გლესი-1 (ბურმისტროვი-3), 2:1 ზ. მიხალეკი-1 (ლეტანგი-6, კუკი-1).

ედმონტონი-ნეშვილი 3:1
0:0, 0:1, 3:0
გოლები: 0:1 ს. კოსტიცინი-1 (კლაინი-2), 1:1 ტ. ჰოლი-1 (ნაჯენტ-ჰოპკინსი-1, ჰორკოფი-1), 2:1 რ. სმიტი-2 (ჰორკოფი-2), 3:1 რ. ჯონსი-1 (ჰორკოფი-3, რ. სმიტი-1).

სან ხოსე-ანაჰაიმი 2:3
0:2, 1:0, 1:1
გოლები: 0:1 სელიანე-1 (ს. კოივუ-1, ვიშნოვსკი-1), 0:2 სელიანე-2 (ს. კოივუ-2, მაკმილანი-2), 1:2 ვლასიჩი-1 (ტ. მიტჩელი-3, დ. მიურეი-1), 1:3 პერი-2 (ლიდმანი-1), 2:3 ბერნსი-2 (ჯ. ტორნტონი-1, დ. ბოილი-2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული